„მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“ - როგორ აქცია საბჭოთა მითმა პედაგოგი მეორე დედად
მასწავლებელს უნდა უყვარდეს ბავშვები - ეს დაუწერელი კანონია, რომელზეც არავინ დავობს. თუმცა ერთია, ზოგადად, ბავშვების სიყვარული, მათთან მუშაობის სურვილი და სულ სხვა საკითხია ყოველი კონკრეტული ბავშვის სიყვარული.წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელი ხართ, რომელიც 6 კლასს ასწავლის და თითოეულში 25 მოსწავლეა. შეიძლება გიყვარდეთ 150 ბავშვი ერთდროულად?
მოსწავლეებს ჰყავთ მშობლები, და-ძმები, ოჯახი, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს და ზოგჯერ იქაც კი ასე არ არის. მაშინ რატომ უნდა იმეორებდეს სკოლა ოჯახს, რატომ არსებობს ასეთი მოლოდინი?
მსგავსი დამოკიდებულება ძირითადად საბჭოთა პერიოდიდან მოდის. სწორედ საბჭოთა სახელმწიფო ცდილობდა, ყველგან შეეღწია, ყველა სოციალურ ინსტიტუტში შესულიყო, მათ შორის ისეთ პირადულ სივრცეში, როგორიც ოჯახია.
სკოლა ყველაზე მასშტაბური ინსტიტუტია, რომელიც ბავშვების სოციალიზაციაზე მუშაობს. ცხადია, ტოტალიტარული სახელმწიფო მას უყურადღებოდ ვერ დატოვებდა.
სკოლა მთავარი ინსტიტუტი იყო, სადაც ბავშვისთვის საბჭოთა ღირებულებები უნდა ჩაენერგათ. ამიტომ საბჭოთა რეჟიმს მასწავლებელი მთავარ „მოკავშირედ“ უნდა ექცია. რეჟიმისთვის მომგებიანი იყო, ჩამოეყალიბებინა მითი, რომ სკოლა არის ოჯახი, ხოლო მასწავლებელი - მეორე დედა ისეთივე მზრუნველი, განსწავლული და მოსიყვარულე, როგორც მთელი სახელმწიფო. ამიტომ საბჭოთა ფილმებში, წიგნებში, მუსიკასა და ლექსებში მასწავლებლები ყოველთვის ასეთი ადამიანები არიან:
„მასწავლებელი - სიტყვა ფრთიანი,
მუდამ მამულზე ფიქრით გართული,
მასწავლებელი - მართლაც ტრფიალი,
რაც კი კარგია, რაც კი ქართული
მასწავლებელი - ღამე უძილო,
ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“ - ეს ემოციური სიტყვები, რომელიც თითქმის ყველა იცის, კარგად გადმოსცეს მასწავლებლის მშობელთან გაიგივების მაშინდელ მიდგომას, მიუხედავად იმისა, რომ მისი შექმნის ისტორია სულაც არ არის ამ პათოსით გამსჭვალული. ლექსი ცნობილმა პოეტმა იოსებ ნონეშვილმა თავის ქართულის მასწავლებელს, ვარო ვარდიაშვილს მიუძღვნა, რომელთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ობოლი ბიჭი პედაგოგისგან ისეთ მზრუნველობას გრძნობდა და სწორედ ამ ემოციურმა კავშირმა დაუტოვა საზოგადოებას უკვდავი სტრიქონები.
სინამდვილეში, რა გასაკვირია, რომ საბჭოთა სკოლები სულაც არ იყო ისეთი სათნო და სიყვარულით სავსე, როგორადაც მას საბჭოთა რეჟიმი ხატავდა.
დღეს უკვე ბევრ მშობელს არ სურს, სკოლა და ოჯახი ერთი იყოს: „ჩვენ გვინდა თავად გავზარდოთ ჩვენი შვილები, სკოლებში კი მათ უბრალოდ ასწავლიდნენ“. ბუნებრივია, რომ ოჯახისა და სკოლის პასუხისმგებლობის განსხვავებულია. მასწავლებლებს უბრალოდ მოეთხოვებათ, რომ ღირსეულ განათლებას აძლევდნენ მოსწავლეებს და პატივს სცემდნენ მათ, რომ ბავშვები საგანმანათლებლო დაწესებულებაში თავს კომფორტულად გრძნობდნენ.