16 მიზეზი, რატომ არის მასწავლებელი იდეალური პარტნიორი - რას უნდა ელოდოთ თუ ცხოვრების მეგზურად ამ პროფესიის ადამიანს აირჩევთ?
08-03-2021
დაკოპირებულია
-
+
რას უნდა ელოდოთ თუ ცხოვრების მეგზურად მასწავლებელს აირჩევთ? პარტნიორის არჩევა ისედაც არ არის მარტივი. სანამ მთელ ცხოვრებას ერთ ადამიანს დაუკავშირებთ, კარგი იქნება, თუ მის პროფესიულ უნარ-ჩვევებსაც გაითვალისწინებთ. ასეთ შემთხვევაში მეტად გაუგებთ პარტნიორს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეორე ნახევრად მასწავლებლის არჩევა თქვენს ცხოვრებას ძალიან საინტერესოს, მშვიდსა და სტაბილურს გახდის.
გთავაზობთ, 16 მიზეზს, რატომ არის მასწავლებელი იდეალური პარტნიორი:
ამ პროფესიის ადამიანები ყველაზე მზრუნველები, მოსიყვარულეები, პუნქტუალურები და პრინციპულები არიან.
არ შეგარცხვენთ არანაირ სიტუაციაში. პირიქით, მისი ინტელექტით თავსაც მოიწონებთ. როდესაც თქვენი ურთიერთობის გასერიოზულებას დააპირებთ და თქვენს პარტნიორს ოჯახს წარუდგენთ, სანერვიულო არაფერი გექნებათ, მასწავლებლები თქვენი ოჯახის წევრებთან საერთო ენას მარტივად გამონახავენ.
არ შეგეზღუდებათ პირადი სივრცე. ამ პროფესიის ადამიანებს თავადაც სჭირდებათ პირადი სივრცე და დრო, შესაბამისად, თქვენც არ შეგაწყენთ თავს.
ნებისმიერი საჩუქარი, რომელსაც მას მიუძღვნით, გააბედნიერებს. მასწავლებლებს წვრილმანებიც ახარებთ, ამიტომ თუ ყოველთვის არ გექნებათ საშუალება, რომ პარტნიორი ძვირფასი საჩუქრით გაახაროთ, არ ინერვიულოთ, მას სიყვარულით მიძღვნილი ყველა საჩუქარი გაახარებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას ძვირფასი საჩუქარი არასდროს აჩუქოთ.
თუ პედაგოგს ექსკურსიებზე გაყვებით, ბევრ საინტერესო ადგილებს მოინახულებთ და ბუნებაში გემრიელად ისადილებთ.
ყოველ წელს გექნებათ საშუალება, დაგეგმოთ სასიამოვნო შვებულება. სხვა პროფესიებისგან განსხვავებით, მასწავლებლებმა ყოველთვის ზუსტად იციან, როდის ექნებათ შვებულების დრო. ისინი ზაფხულში თითქმის ორ თვეს ისვენებენ და საკმარისი დრო გექნებათ, რომ ერთად კარგად დაისვენოთ.
შაბათ-კვირას მასწავლებლები ისვენებენ, შესაბამისად, თავისუფლად შეგიძლიათ, დაგეგმოთ განტვირთვის საათები და დაპატიჟოთ კინოში/თეატრში ან წახვიდეთ ქალაქგარეთ.
მასწავლებლები ეკონომიურები არიან. ისინი არასდროს დაფლანგავენ ფულს. მათ იციან ფულის ფასი, ამიტომ კარგად გაუფრთხილდებიან თქვენს საერთო ფინანსებს და არ იყიდიან არასაჭირო ნივთებს.
მასწავლებლები კრეატიულები არიან. მათ შეუძლით, ფერადი ფურცლებით გაალამაზონ სახლი ახალ წელს და დაზოგონ ფინანსები. მათი პროფესია შემოქმედებით უნარებს მოითხოვს, ამიტომ თქვენს სივრცეში მრავალფეროვნება არ მოგაკლდებათ, ისინი ტუალეტის ქაღალდსა და ე.წ. სალფეთქსაც კი სხვა დანიშნულებას მისცემენ.
მასწავლებლები გურმანები არიან - გემრიელი სადილები არ მოგაკლდებათ.
ისინი ემოციურად სტაბილურები არიან, მათ ზუსტად იციან, რა სურთ, შესაბამისად, თუ ცხოვრების მეგზურად აგირჩევთ, თქვენ მისი სუპერგმირი გახდებით.
მასწავლებლებს ძალიან კარგი ნებისყოფა აქვთ. ისინი შეჩვეულნი არიან მოთმინებას, აქვთ გაწონასწორებული ხასიათი, ამიტომ თქვენს ცხოვრებაში სკადალები არ იქნება.
ისინი ყოველთვის შეძლებენ თქვენს გამხიარულებას. ბავშვებთან ურთიერთობისას ბევრი სახალისო ფაქტი ხდება. თქვენი პარტნიორი-მასწავლებელი ახალ-ახალ სასაცილო სიტუაციებზე გიამბობთ.
მოემზადეთ, თქვენ თავს სუპერვარსკვლავად იგრძნობთ. მასწავლებლებს ყველგან ჰყავთ ნაცნობები: მაღაზიაში, აფთიაქში, რესტორნებში, მუზეუმებში, თეატრსა თუ კინოში. მათ ათეულობით ოჯახთან აქვთ შეხება, ამიტომ თუ პარტნიორთან ერთად გაიარეთ და თქვენს ზურგსუკან ჩურჩული მოგესმათ, არ გაგიკვირდეთ. ასევე მზად იყავით, რომ ქუჩაში ბევრს მიესალმოთ.
მასწავლებლები საუკეთესო მსმენელები არიან. თქვენ ყოველთვის შეძლებთ მასთან გულის გადაშლას. ის თქვენი პირადი ფსიქოლოგი იქნება. წარუმატებლობის შემთხვევაში კი არ გისაყვედურებთ და ყველაზე კარგი მხარდამჭერი გეყოლებათ.
და ბოლოს, მასწავლებლებს ასაკი არ ეტყობათ - თქვენს პარტნიორს ნაოჭებს ძალიან გვიან ასაკში შეამჩნევთ. ისინი ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებიან, უყვართ თავის მოვლა. გარდა ამისა, მასწავლებლები სიახლეებს არ ჩამორჩებიან, მათ ხომ მომავალ თაობასთან აქვთ ურთიერთობა?!
ეს იმ უპირატესობების მცირე ჩამონათვალია, რომელიც პედაგოგი-პარტნიორის არჩევისას გელოდებათ. ჩვენ კი ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ!