„აღფრთოვანებულები არიან ბავშვები ამ პროექტით“ - ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი ჩატარდა
26 თებერვალს ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.11 მარტს გაიმართება II ტური, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.
ასპინძის მერიის წარმომადგენელი ოთარ ცინაძე:ყველაფერი ორგანიზებულად წარიმართა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბავშვებმა იაქტიურეს და კარგი შედეგებიც მიიღეს. ველოდებით მეორე ტურს. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მეორე ეტაპზეც იქნება ჩართულობა და ყველაფერი გაკეთდება მაღალ დონეზე. ძალიან კარგი პროექტია „ეტალონი“, ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი რაიონის მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად ერთვებიან და ვიგებთ, რა დონეზეა მათი განათლება.
ნიჯგორის საჯარო სკოლის დირექტორი ლია სანდოძე:ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო ტესტები. ჩვენ პატარა სკოლა გვაქვს, 6 ბავშვი მონაწილეობდა და მშვენივრად გაართვეს თავი. ამიტომ მეორე ეტაპსაც იმედიანად ვუყურებთ. „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის საჭირო პროექტია, ვისურვებდი ხშირად ტარდებოდეს. ბავშვებს ინტერესი უჩნდებათ, მეტი გაიგონ, მეტი წაიკითხონ. მეც სულ ვეცნობი „ეტალონის“ სტატიებს და საინტერესო ინფორმაციებს ვიღებ. ყველა ბავშვს ვურჩევდი უფრო მოტივირებულები იყვნენ, უკეთ მოემზადონ და მეტად ჩაერთონ.
ნიჯგორის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა ივანიძე:ბავშვებს ძალიან მოეწონათ ტესტები. მხოლოდ ერთმა მოსწავლემ ვერ გადალახა ბარიერი. მომდევნო ეტაპისთვის მეც ვეხმარები მათ და ყველა საგნის მასწავლებელიც ინდივიდუალურად მუშაობს. „ეტალონი“ მამოტივირებელი პროექტია, ბავშვები ხალისობენ, ახალ ცოდნას იძენენ და ძველს ამოწმებენ. მასწავლებლებსაც ძალიან მოგვწონს და გვაინტერესებს.
ტოლოშის საჯარო სკოლის დირექტორი მადონა ივანიძე:აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო პირველ ტურში. შედეგებიც კარგი აჩვენეს მოსწავლეებმა. ყველა აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესში და იმედი მაქვს, ჩვენი მოსწავლეები მეორე ტურში გადავლენ. „ეტალონი“ შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს, რომ თავიანთი თავი გამოავლინონ. ეს პროექტი არ არის ფოკუსირებული რომელიმე კონკრეტულ საგანზე, ყველაფერში მოითხოვს ცოდნას და ეს მოტივაციას უქმნის მოსწავლეებს, რომ ყველა საგანში ჰქონდეთ ცოდნა. წარმატებას ვუსურვებ ყველა მოსწავლეს და ვურჩევ, მეტი იმუშაონ საკუთარ თავთან, თუნდაც მხატვრული ლიტერატურა იკითხონ, სასკოლო აქტივობებში ჩაერთონ.
ტოლოშის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანული მიქაძე:21 მოსწავლე მონაწილეობდა ჩვენი სკოლიდან. ძალიან საინტერესო იყო ტესტები და დისკუსია გამოიწვია ბავშვებში. ეს პროექტი სასწავლო პროცესში გვეხმარება მასწავლებლებს, ბავშვებს კი საშუალებას აძლევს, თავიანთი დონე შეამოწმონ, იგებენ, რა მიმართულებით სჭირდებათ დახმარება. მომდევნო ეტაპისთვის აუცილებლად გულისყურით მოვემზადებით. ვფიქრობ, გვაქვს წარმატების შანსები. ჩვენი მოსწავლეები შეეცდებიან, სამი საპრიზო ადგილიდან ერთ-ერთი მაინც დაიკავონ. მათ ვურჩევდი, დაკვირვებით გააკეთონ ყველაფერი და ძალიან ნუ იჩქარებენ. ცოტა დროა, მაგრამ მეტი დაკვირვებაა საჭირო.
ხიზაბავრის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლიანა მურადაშვილი:სკოლაში დიდი აქტივობით წარიმართა პროცესი. 17 მოსწავლე მონაწილეობდა. ბავშვები კმაყოფილები არიან კითხვებით და შედეგებითაც. უმეტესობამ ზღვარი გადალახა და მაღალი შეფასებაც მიიღო. შარშანდელზე უკეთესი შედეგებიც გვაქვს. შარშან ჩვენ მოვიგეთ „ეტალონი“ რაიონის მასშტაბით და წელსაც იმედი გვაქვს, რომ სამეულში მაინც მოვხვდებით.
„ეტალონი“ ძალიან ძვირფასი პროექტია. იმდენად გააქტიურდნენ მოსწავლეებიც, რომ ყველას უნდა მონაწილეობა. აღფრთოვანებულები არიან ბავშვები ამ პროექტით. მეც მათთან ერთად ვარ ჩართული „ეტალონშიც“ და „იზრუნეშიც“. ბავშვებს განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებიდან უჭირთ კითხვები, ამიტომ ვურჩევდი მათ, ამას მიაქციონ ყურადღება.
მირაშხანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი რიმა კოჩალიძე:დადებითად შევაფასებდი პირველ ეტაპს. კმაყოფილები არიან მოსწავლეები და მასწავლებლებსაც ძალიან გვახარებს მათი შედეგები, თუმცა ყოველთვის უკეთესი გვინდა. ვისურვებდი, ხშირად ჩატარდეს „ეტალონი“, რადგან ძალიან საჭირო და სასარგებლო პროექტია. ვემზადებით მომდევნო ეტაპისთვის და წარმატების იმედი გვაქვს. „ეტალონი“ სწრაფ აზროვნებას უვითარებს მოსწავლეებს, სწავლობენ, ექსტრემალურ სიტუაციაში როგორ უნდა იფიქრონ სწრაფად.
ასპინძის საჯარო სკოლის დირექტორი კლარა ზედგინიძე:იმედი გვაქვს, ბევრი ბავშვი მოხვდება ჩვენი სკოლიდან მეორე ტურში. „ეტალონი“ ძალიან გვიყვარს, სიხარულით ველოდებით გოჩა ტყეშელაშვილის ჩამოსვლას და მოგვწონს „ეტალონის“ ღონისძიება. მომდევნო ტურში გადასულ მოსწავლეებს ვურჩევდი, ბევრი წიგნი წაიკითხონ, რადგან ზოგად ცოდნას ითხოვს ეს პროექტი.
ასპინძის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაია სუარიძე:74 მოსწავლე მონაწილეობდა ჩვენი სკოლიდან. ძალიან კარგი ტესტები იყო. განსაკუთრებით პატარები აღფრთოვანდნენ, პირველად მონაწილეობდნენ და ძალიან უხაროდათ. მე-11 კლასის მოსწავლეს ჰქონდა 81 ქულა, 79 ქულაც მიიღო ჩვენმა მოსწავლემ. კარგად იმუშავეს და ძალიან მოეწონათ ტესტები. „ეტალონი“ ძალიან უყვართ ჩვენს ბავშვებს და ბევრს უნდოდა მონაწილეობა.
მომდევნო ეტაპისთვის ერთად ვემზადებით, ვშრომობთ ბევრს და მოლოდინი გვაქვს, „ეტალონი მოსწავლე“ ჩვენი სკოლიდან იქნება. შარშანაც გვქონდა ეს მოლოდინი, მაგრამ ორი ქულით გვაჯობა სხვა სკოლამ. ძალიან საჭიროა ეს პროექტი, კარგია, რომ თავიანთი ცოდნა შეაფასონ მოსწავლეებმა, შეცდომებზე სწავლობენ და სხვა კუთხით ემზადებიან. ბავშვები ხედავენ, სად უჭირთ, სად არიან ძლიერები და უფრო მობილიზებულები არიან.
ერთი რჩევა მექნებოდა ყველა მონაწილისადმი, რომ ძალიან არ იჩქარონ. დღეს თვითონაც აღნიშნავდნენ, რომ კითხვა უნდა წაიკითხონ სწორად. წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონს“. ბევრი იშრომეთ, რომ განათლებული თაობა გვყავდეს.
დამალის საჯარო სკოლის დირექტორი ნელი დუდქუჩიანი:ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ პირველ ტურში. ორმა გადალახა ბარიერი და მოხარულები ვართ ამ შედეგით. ჩვენ სომხურენოვანი სკოლა ვართ და მიუხედავად იმისა, რომ ენის ბარიერის გამო ბევრ სირთულეს ვაწყდებით, ძალიან აქტიურად ვერთვებით და საჭირო პროექტი გვგონია. „ეტალონი“ მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს და ცოდნას უღვივებს.
დამალის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამარ ტივაძე:ძალიან მოტივირებულები იყვნენ მოსწავლეები. ყოველთვის უხარიათ „ეტალონში“ მონაწილეობა. ჩვენი სკოლა არ არის ქართულენოვანი და სხვა დატვირთვაც აქვს ჩვენთვის ამ პროექტს. კარგი გარემო იყო, კარგი ატმოსფერო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. „ეტალონი“ მოტივაციას უზრდის მოსწავლეებს, რასაც სწავლობენ, იქიდანაა საკითხები და ამიტომ ცდილობენ, ერთნაირად წარმატებულები იყვნენ ყველა საგანში. უჩნდებათ მოტივაცია, რომ იცოდნენ ქართველი მწერლები. ამბობენ, რომ გვცოდნოდა, ხომ ვუპასუხებდითო. ინტერესი უჩნდებათ, რომ ქართულ ლიტერატურასა და შემოქმედებას კარგად იცნობდნენ. მეორე ეტაპზე ყველას ვურჩევდი, იზრუნონ საკუთარი ინტელექტის ამაღლებაზე, მეტი წიგნი წაიკითხონ, მეტი ინფორმაცია მიიღონ, ინტერნეტში გართობის ნაცვლად შემეცნებით ინფორმაციებს უყურონ.