პროგრამის ''ასწავლე საქართველოსთვის'' ფარგლებში მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
14-07-2017
დაკოპირებულია
-
+
პროგრამა ''ასწავლე საქართველოსათვის'' აგრძელებს ზრუნვას მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეული სოფლების სკოლებში მასწავლებლების დეფიციტის შემცირებისთვის და პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელთა რაოდენობის გაზრდის მიზნით აცხადებს კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ისტორიის, დაწყებითი განათლების, ინგლისური ენის, ქართულისა და მათემატიკის სპეციალისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:
•ფლობდეს მასწავლებლის დამადასტურებელ სერტიფიკატს შესაბამის საგანში;
•ფლობდეს შესაბამისი საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ ცნობას;
•ფლობდეს 60-კრედიტიან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
კონკურსი გამოცხადებულია სულ 19 ვაკანსიაზე. შერჩეული კონსულტანტ-მასწავლებლები 2017-2018 სასწავლო წლისთვის დასაქმდებიან საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული რეგიონების საჯარო სკოლებში და უზრუნველყოფენ საგაკვეთილო პროცესის წარმართვას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად.
შერჩეულ კანდიდატებთან შრომის ხელშეკრულება გაფორმდება 2017-2018 სასწავლო წლის ვადით. კონსულტანტ-მასწავლებელი ხელშეკრულების ვადის შესაბამისად მიიღებს სკოლის ხელფასზე დანამატს - 400-750-1000- ლარს. კონსულტანტ- მასწავლებლის დანამატის ოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა მანძილზე მდებარეობს სკოლა მონაწილის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილიდან.
შერჩეულმა მასწავლებლებმა არამარტო საგანი უნდა ასწავლონ, არამედ ხელი შეუწყონ არაფორმალურ განათლების დანერგვას, ასევე, ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას.
პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა სკოლაში.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე - www.hr.gov.ge
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“