მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სკოლები სწავლების ონლაინ-რეჟიმზე გადავიდნენ. როგორ ახერხებს სრულიად პედაგოგიური საზოგადოება არსებულ გამოწვევასთან გამკლავებას? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჯერ ნაადრევია. როგორც Etaloni.ge-ს მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის N41 საჯარო სკოლის დირექტორმა, რევაზ ჯავახიშვილმა გაუმხილა, უკვე შედგა ცხრილი და სკოლის მოსწავლეებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია გაკვეთილებთან დაკავშირებით; თუმცა, ჩვენი საუბარი მხოლოდ ამ საკითხით არ შემოფარგლულა - რა გზა განვლო N41 სკოლის ხელმძღვანელობამდე და ოჯახშიც დირექტორობს თუ არა სამი შვილის მამა, ამას მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის N41 საჯარო სკოლის დირექტორის, რევაზ ჯავახიშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.
- განათლების სამინისტროსა და ზოგადად, მთავრობის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, გადავდივართ სწავლების დისტანციურ მეთოდზე, უკვე შედგა ცხრილი და მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია გაკვეთილებთან დაკავშირებით; პარალელურად, მიმდინარეობს ჯგუფების შემქნა... არავინ თქვას, რომ ესაა ერთი დღის საქმე - საჭიროა ყველა მოსწავლის იდენტიფიცირება, დამრიგებლები ქმნიან ონლაინ-კლასებს, სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება მოსწავლეთა ინფორმირება; გარდა ამისა, სკოლაში ჩავატარეთ სადეზინფექციო სამუშოები, თვის ბოლოს კიდევ მოხდება შენობის დამუშავება და ამის შემდეგ უკვე გვექნება საშუალება, თამამად ვთქვათ, რომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისა და ონლაინ-სწავლების კუთხით, ჩვენი გასაკეთებელი რაც იყო, გაკეთდა.
- რამდენად რთულია სკოლის დირექტორისთვის ამ ყველაფრის ორგანიზება-გაკონტროლება და როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას?
- მიხეილ გრუშევსკის სახელობის N41 სკოლაში გენიალურად ძლიერი გუნდია... მარტო ადამიანი აქ ვერაფერს გახდება, ეს არის კოლექტივის ერთიანი მიდგომა, მათი სურვილი, მათი მხარდაჭერა, რომ ბავშვებს ინფორმაცია დროულად მივაწოდოთ.
- სკოლას არ გაუჭირდება ბავშვების რეჟიმში ჩაყენება?
- სწავლება ძალდატანებით არასოდეს გამოსულა და არც გამოგვივა. ის ბავშვები, რომელთაც სურთ სწავლა, აუცილებლად ისწავლიან და ჩვენი ამოცანაა, მივაწოდოთ მასალები; ხოლო მათ, ვისაც მაინცდამაინც არ ეხალისება სწავლა, რაღაც საინტერესო შევთავაზოთ, რათა საგაკვეთილო პროცესში სრულფასოვნად ჩავრთოთ.
- თქვენზეც გვიამბეთ - რა გზა განვლეთ სკოლის დირექტორობამდე?
- საკმაოდ წარმატებული მოსწავლე ვიყავი, სკოლაში კი ორგანიზატორად მივედი, შემდეგ გახლდით დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში, პარალელურად - ისტორიის მასწავლებელი, მოგვიანებით - სასწავლო ნაწილი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი... განათლების სისტემაში ყველა საფეხური მაქვს განვლილი.
- არ გაგიჭირდათ ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება?
- პასუხისმგებლობა თანამდებობრივად თავისთავად იზრდება, ეს ტვირთია... მაგრამ უნდა შეგეძლოს მისი ღირსეულად ტარებაც, შეცდომების აღიარებაც და იმის სურვილიც გქონდეს, დროულად და ღირსეულად გამოასწორო.
- შეცდომებზე ვინ უნდა მიგითითოთ, ბატონო რევაზ?
- წრემ, თუნდაც ნებისმიერმა მასწავლებელმა, მშობელმა, მოსწავლემ, რომელსაც განსხვავებული ხედვა გააჩნია და ეს ყველაფერი დირექტორმა უნდა მოისმინოს; ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც უფროსებსაც უსმენდა და ახლა უმცროსებსაც უსმენს.
- ახლანდელი თაობა თუ უსმენს უფროსებს?
- არიან მოსწავლეები, რომლებიც არა მხოლოდ უსმენენ, არამედ ითავისებენ კიდეც იმ გამოცდილებას, რომელიც გააჩნია უფროს თაობას. სკოლის დირექტორი კი კარგი ადამიანი უნდა იყოს, პასუხისმგებლიანი მენეჯერი, რასაკვირველია, უნდა შეეძლოს, ყველას მოსმენა.
- და კოლექტივის ერთ გუნდად შეკვრა.
- ეს თავისთავად... ნათქვამია - მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო... დირექტორმა, საკუთარი მაგალითით უნდა დაანახოს კოლექტივს, რომ გუნდურობა მხოლოდ ლაპარაკით არ შემოიფარგლება. არ მაქვს პრეტენზია, რომ ფრთიანი ანგელოზი ვარ, მაგრამ მთავარია, მართალი იყო კოლექტივსა და საკუთარ თავთან.
- ადრე არსებობდა სტერეოტიპი - სკოლის დირექტორი ისეთი მკაცრი უნდა ყოფილიყო, რომ გაივლიდა, ბავშვები კედელთან უნდა ატუზულიყვნენ...
- მეც მსგავსი დირექტორი მყავდა, მაგრამ ახლა - არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ - ასეთები იშვიათად გვხვდებიან. მე კი ის მახარებს, დერეფანში გავლისას პაწაწუნები ჩასახუტებლად რომ მორბიან.
- როგორც ვიცი, თქვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული არაფორმალური განათლების პროექტებში. რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის.
- ზოგადად, არაფორმალური განათლებისა და საერთოდ, ცნობიერების ამაღლება რომ მოხდეს, ბავშვს უნდა ჰქონდეს არჩევანი - მან უნდა დაინახოს, რაზეა საუბარი; მხოლოდ სიტყვებით საქმე არ კეთდება. არაფორმალურ განათლებას რაც შეეხება, მოსწავლემ უნდა იცოდეს, რას აკეთებს, რისთვის და რაში დასჭირდება ეს ყველაფერი.
- არჩევანის თავისუფლებას მშობლები იშვიათად აძლევენ შვილებს, ბატონო რევაზ.
- უნდა ვაღიაროთ - ყველაზე ძლიერები ჩვენი შვილები არიან... შეიძლება დავამარცხოთ დრაკონი, შევცვალოთ სისტემა, მაგრამ შვილებთან ბრძოლაში ყოველთვის წავაგებთ, ეს ერთადერთი კატეგორიაა, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს ჩვენზე. გამოსავალი ისაა, მაგალითი უნდა დაინახონ - რა არის თეთრი და რა - შავი. ამას წინათ, შუქი ჩაქრა და ბავშვებს გაოცებული სახეები ჰქონდათ, როდესაც ვუთხარი, რომ იყო დრო, ასეთ პირობებში გვიწევდა ცხოვრება; ბავშვები კი იმას განიცდიდნენ, რომ არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტთან... საერთოდ, უნდა დავფიქრდეთ მშობლები, რომ ბევრი რამ იცვლება, ძალდატანებით ურთიერთობა არ გამოვა და ბავშვებმაც მშობელს უნდა მოუსმინონ, თუმცა არ ვამბობ, რომ ყველაფერი დაგვიჯერონ.
- გისმენენ თქვენი შვილები?
- მეუღლე და სამი შვილი მყავს - ერთი გოგონა და ორი ვაჟი... ადვილი არაა სამი შვილის მამობა იმიტომ, რომ ჩემზე ბევრად მეტი იციან ჩემმა შვილებმა.
- რას გულისხმობთ?
- ტექნოლოგიებს ვგულისხმობ. მიხარია, როდესაც ჩემმა შვილებმა ჩემზე მეტი იციან. უმცროსი 12 წლისაა და N41 სკოლაში სწავლობს.
- საკუთარი შვილის მასწავლებლობა, როგორც ვიცი, რთულია და დირექტორობა როგორია?
- უფრო რთული...
- სახლშიც დირექტორობთ, ბატონო რევაზ?
- არა, სახლში პირველკლასელი ვარ და ჩემი შვილები არიან დირექტორები. სახლი ის ადგილია, სადაც დირექტორი კი არა, მეუღლე და მამიკო უნდა იყო. მეც ჩემი მხრიდან, მომავალ თაობას ვუსურვებ - იყვნენ ბედნიერნი, ჯანმრთელნი და წარმატებულნი... ბედნიერი ვერ იქნები ჯანმრთელობის გარეშე, ჯანმრთელი - ბედნიერების გარეშე, წარმატება კი საჭიროა, რათა ერთიცა და მეორეც ღირსეულად შეიშნოვო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...