„შემოგვიერთდით, ერთად დავეხმაროთ მოქალაქეებს“ - კერძო სკოლა „დავითიანმა“ კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალური აქცია წამოიწყო
25-03-2020
დაკოპირებულია
-
+
ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანმა“, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, სოციალური აქცია წამოიწყო.
სკოლის პედაგოგებმა კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო ბროშურები და თავის დასაცავად შემუშავებული რეკომენდაციები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაბეჭდეს და ადგილობრივ მოსახლეობაში გაავრცელეს.
ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის მაია რეხვიაშვილს, ირა ეუაშვილსა და ბესიკ სვანიძეს, რომლის მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხითაც სოციალური აქციის ორგანიზატორებმა ხელთათმანები შეიძინეს.
„დავითიანის“ წარმომადგენლები მოსახლეობისთვის პირბადეების, ანტიბაქტერიული ხელსახოცებისა და სითხის დამზადებასა და დარიგებასაც განაგრძობენ.
როგორ უნდა დაამზადოთ პირბადეები სახლის პირობებში, ამის შესახებ პედაგოგებმა ვიდეორგოლებიც ჩაწერეს და სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე ატვირთეს.
„ყოველ წუთს ვრწმუნდები, რამდენად საჭიროა, ვერ ვასწრებთ შეკერვას, გადაცემას მსურველებისთვის, არ წყდება მსურველების ზარი! პირველ რიგში, საჭიროდ ჩავთვალეთ ხელთათმანების, სითხის, ხელსახოცების, პირბადეების მიტანა მოხუცებულთა სახლში“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლა სხვებსაც მოუწოდებს მათ წამოწყებულ სოციალურ კამპანიაში ჩაერთონ: „შემოგვიერთდით, ერთად დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომლებიც ქუჩებში დაუცველები დადიან (ბევრი ხანდაზმული დადის ქუჩაში). მხოლოდ ჩემი გუნდი ვერ გაწვდება ბოლნისის მოთხოვნებს, ნუ დავუწყებთ მუნიციპალიტეტს ხელებში ყურებას, დავუდგეთ გვერდში და გადავლახოთ ეს რთული ეტაპი ერთად! უმორჩილესად გთხოვთ, დაეხმარეთ ერთმანეთს, შემოგვიერთდით“, - ნათქვამია სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კერძო სკოლა „დავითიანი“ მადლობას უხდის იმ პედაგოგებს, რომლებიც სხვების დასახმარებლად ძალას არ იშურებენ.