სიახლეები
სიახლეები

„ბავშვებს მოენატრათ სკოლა - ესაა ყველაზე კარგი“ - როგორ ტარდება დისტანციური გაკვეთილები?
30-03-2020
-
+


საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, შესაბამისად, არდადეგები ისევ გახანგრძლივდა. სკოლის პედაგოგები ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ, მათ დისტანციურად უნდა ასწავლონ ბავშვებს, რათა პროგრამას არ ჩამორჩნენ. მასწავლებლები ყველანაირად ცდილობენ, მოსწავლეებს საჭირო მასალა მიაწოდონ და დავალებებიც შეუმოწმონ, თუმცა არსებობს ტექნიკური პრობლემები, რომელსაც ყველა სკოლა ვერ აგვარებს.

როგორ მიმდინარეობს საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების პროცესი? რა ხარვეზებია ამ მხრივ და რამდენად ჩართულნი არიან ბავშვები ონლაინ-გაკვეთილებში? - ამის გასარკვევად „ეტალონი“ დირექტორებს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა:

„დისტანციური სწავლების პროგრამაში ყველა მასწავლებელი ჩაერთო, მეც თავად, მაგრამ წავაწყდით პრობლემებს - რთული იყო ბავშვების დარეგისტრირება, ბევრი მოსწავლე რაიონებშია გახიზნული, სადაც დიდ ნაწილს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. მოგეხსენებათ, წყალტუბოში საკარანტინო სივრცე იყო და როდესაც ეს შეიქმნა, ბევრმა მშობელმა სოფელში წაიყვანა შვილი. რაც შეეხება ინტერნეტს, საკმარისია 3-4 ბავშვი ჩაერთოს პროგრამაში, რომ იჭედება ქსელი. ამაზე გვქონდა პრობლემა და შემდეგ ვარჩიეთ, შეგვექმნა ჯგუფები და ჩატებით ვკონტაქტობთ ბავშვებთან. შრომატევადია, მაგრამ ვახერხებთ იმ ბავშვებთან კომუნიკაციას, რომლებსაც ინტერნეტი აქვთ. მჯერა, რომ თუ მაისში სწავლა განახლდება, შესაძლებელია თემების „დამსხვილება“ და სასწაულს შევძლებთ. მშობლები მეკონტაქტებიან, ძალიან ენატრებათ სკოლა ბავშვებს. განვათავსე წიგნების კატალოგი როგორც ელექტრონულის, ასევე სკოლის ბაზაზე არსებულის, რათა წიგნიერების განვითარების კუთხით ბავშვებს კითხვასთან პრობლემები არ შეექმნათ. ონლაინ-გაკვეთილებს, როგორც აღვნიშნე, ჯგუფების და ჩატების საშუალებით ვაორგანიზებთ“.

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ოთარაშვილი:

„რადგან მოუმზადებლები ვიყავით, შედარებით მარტივი გამოსავალი ვიპოვეთ, „მესენჯერში" და „სკაიპში" ჯგუფები გაკეთდა და მასწავლებლები ისე უგზავნიან დავალებებს ბავშვებს, ასევე ხსნიან გაკვეთილებსაც. ბავშვების უმრავლესობა, 90% ჩართულია დისტანციური სწავლების პროცესში. რაიონია და ზოგს ინტერნეტის პრობლემა აქვს, ამაზე სამინისტროს წერილიც იყო და იქნებ, მოგვარდეს. საშუალო საფეხურის დაბლა უფრო არის პრობლემა ტელეფონით და ინტერნეტით კომუნიკაციის მხრივ“.

ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე:

„ეფექტური არ იქნება დისტანციური სწავლება, მაგრამ ახლა გამოუვალი მდგომარეობაა, მთავარი კი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. აქედან გამომდინარე, სიტუაცია რომ შევინარჩუნოთ და ჰაერში არ დაგვრჩნენ მოსწავლეები, ონლაინ-სწავლება საუკეთესო ვარიანტია. ჩვენთან პრობლემები წარმოიქმნა შემდეგი მიმართულებით - დაახლოებით, მოსწავლეების 20% ინტერნეტი არ აქვს. არიან მოსწავლეები, რომლებსაც ინტერნეტის ფუფუნება არ აქვთ და არც კლასელი ჰყავთ გვერდით მცხოვრები, ამიტომ მათ დამრიგებლებს დავავალე და ტელეფონით უკავშირდებიან, უხსნიან გაკვეთილს, აძლევენ მითითებას, თეზისების სახით აწვდიან პედაგოგები ინფორმაციას, რაზე გაამახვილონ ყურადღება“.  

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ქობულია:

„ჩვენ დისტანციურ სწავლებაზე მაშინვე გადავედით, როდესაც არდადეგები გაგრძელდა, მაგრამ, ძირითადად, ჩართული იყო დაწყებითი კლასები, ახლა კი ყველა კლასი ჩაერთო. მასწავლებლები კი არიან ჩვენთან მობილიზებულები, მაგრამ ჭირს დაკავშირება იმ მოსწავლეებთან, რომლებსაც არ აქვთ კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა. ზოგიერთმა შიშის გამო ბავშვები სოფლებში წაიყვანა. ახლა მათთან მოლაპარაკებები გვაქვს, რომ მოსწავლეებთან კომუნიკაცია გვქონდეს. ეს ყველაფერი დაწვრილებით აინტერესებდა სამინისტროს. ყველაფერი გადავეცით, ვაგროვებთ კიდევ ცნობებს და 27-მდე უნდა მივაწოდოთ, შემდეგ, ალბათ, იქნება დახმარება ან შემოგვთავაზებენ რაიმეს, რაც წაადგება სკოლას და ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად იმისა, ასეთი რთული მდგომარეობაა, სამინისტრო დაინტერესდა და ცდილობს, ყველა ბავშვს დაეხმაროს“.

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი:

„მშობლებს ბავშვები სოფლებში ჰყავთ წაყვანილი და ძირითადად, ამ ბავშვებთან არის დისტანციური სწავლების პრობლემა. ნაწილს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ტელეფონით ურეკავენ მასწავლებლები და „მესენჯერით“ უგზავნიან დავალებებს. დისტანციურად სწავლა იმ ხარისხის არ არის, როგორც სკოლაში სასწავლო პროცესი, მაგრამ დავალებას ბავშვები მაინც ასრულებენ. ერთეული მოსწავლეა, რომლებთანაც ვერანაირ კონტაქტს ვერ ვამყარებთ, ვერც ტელეფონით და ვერც ინტერნეტით. 95% კონტაქტურია. დისტანციურმა სწავლებამ რომ ისეთივე შედეგი მოგვცეს, როგორც სკოლაში სიარულმა, შინაგანი მზაობა უნდა იყოს ბავშვის. სკოლაში კონტროლის სხვა მექანიზმებია, აქ - ნაკლებად. დღევანდელ პირობებში მარტივია, ბავშვი სახლში იჯდეს და მიიღოს განათლება, მაგრამ ვფიქრობ, საკლასო ოთახში უნდა მოხდეს ბავშვისთვის ცოდნის მიწოდება, თუმცა ამ სიტუაციაში კარგია რაც კეთდება, რომ ბავშვებმა არ დაივიწყონ საგნები და შეასრულონ დავალებები. მეც მაქვს გაკვეთილები და მოსწავლეები დაინტერესებულნი არიან. როგორც მასწავლებლები მატყობინებენ, ბავშვებს მოენატრათ სკოლა - ესაა ყველაზე კარგი".  

წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა მიქავა:

„დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით პრობლემა ბავშვების ჩართულობაზე გვაქვს. მაგალითად, 12 ბავშვიდან ერთვება 4-5, დანარჩენებთან დაკავშირება პრობლემაა და ვმუშაობთ ამის გამოსასწორებლად. თვითონ მშობლებიც მონდომებულები არიან, ტელეფონით გვაქვს კომუნიკაცია. „თიმსის“ პროგრამაში ვართ ჩართულები, თუმცა ყველა ბავშვი ვერ მონაწილეობს. მშობლებს პრეტენზიები აქვთ, ტექნიკა არ აქვთ და სწყინთ, რომ მათი შვილი ვერ ერთვება დისტანციური სწავლების პროცესში. ამის გამო გადავწყვიტეთ, დავალებები „მესენჯერით“ ან ტელეფონით მივცეთ. „თიმსით“ კი რამდენიმე ბავშვთან ვკონტაქტობთ. სხვა დირექტორებთანაც მაქვს ურთიერთობა, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს პრობლემებს და გამოცდილებებს“.  

მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა კაკაბაძე:

„ჩვენთან ზოგიერთ მოსწავლეს ინტერნეტის სიხშირე არ აქვ კარგი. ზოგი წაყვანილი ჰყავთ სოფლებში, იქ კი ინტერნეტი არ არის საერთოდ. კლასში ალბათ, 2-3 მოსწავლეა ასეთი, ძირითადი ნაწილი ჩართულია „თიმსის“ პროგრამაში, „მესენჯერის“ ჯგუფები გვაქვს და ა.შ როგორც შეგვიძლია, ვაკეთებთ ყველაფერს. სამინისტრომ მოგვთხოვა ინფორმაცია, თითოეულ მოსწავლეს რა ტიპის ინტერნეტი აქვს, შეიძლება შეღავათიანი პაკეტები იყოს. კითხვარებია შესავსები მშობლებთან. ყველა პირობას უქმნის სამინისტრო მოსწავლეს, რომ ისწავლოს, თუკი სწავლა უნდა“.

შუახევის მუნიციპალიტეტის ტაკიძეების საჯარო სკოლის დირექტორი ნატო გორგილაძე:

„ჩვენთან მოსწავლეს, რომელსაც ინტერნეტი არ აქვს, ტელეფონით ვუტარებთ გაკვეთილებს. სხვა პრობლემა არ გვაქვს. ტელეფონით უხსნიან მასწავლებლები გაკვეთილებს, ცოტა რთულია, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, რომ მოსწავლე არ ჩამორჩეს პროგრამას. ჩვენთან დისტანციურ სწავლებაში ყველა საფეხურის მოსწავლეა ჩართული“.

დუშეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ელენე თეთრუაშვილი:

„ჩვენს სკოლაში ბავშვების უმრავლესობას არ აქვს ინტერნეტი. ვისაც აქვს, ჩართულია დისტანციური სწავლების პროგრამაშიც. არიან კლასები, სადაც 25 ბავშვიდან 8-9-ს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, ზოგ კლასში უკეთესი მდგომარეობაა. თუმცა არ გვყავს ისეთი კლასი, რომლის მოსწავლეებიც საერთოდ არ იყვნენ ჩართულნი სწავლებაში. სოფლებიდან ვინც დადის, იმ ოჯახებს აქვთ პრობლემები. ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის არ არის რთული, ჩვენი სირთულე ისაა, რომ ყველა ბავშვი არაა ჩართული, ზოგს ტელეფონით უკავშირდებიან და დავალებას ისე აძლევენ. ყოველ შემთხევაში, ასეთი სწავლა მოსწონთ ბავშვებს, განსაკუთრებულ სირთულეს დისტანციურად სწავლების პროცესი არ წარმოადგენს“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერი პაპავა:

„ჩართულები ვართ, ძალიან კარგია დისტანციური სწავლება, ეს ბავშვებს და მასწავლებლებს მუშაობას გაუიოლებს, ერთ სისტემაში ჩართავს. ვისთანაც ვახერხებთ, მასწავლებლები მუშაობენ, აქვთ კავშირი ბავშვებთან, მაგრამ ყველასთან არ ხერხდება, რადგან ჩვენს რაიონში ინტერნეტი ყველგან არ იჭერს. ბავშვების ნაწილს კომპიუტერიც არ აქვს, დაწყებითებს სახელმწიფომ აჩუქა ბუკები, მაგრამ თანხა არ აქვთ, რომ გაააქტიურონ ინტერნეტი. ეს პრობლემები თუ გადაიჭრება, ძალიან კარგია დისტანციური სწავლება.ვცდილობთ, გამოვნახოთ ალტერნატიული გზები, გვაქვს სხვადასხვა საშუალება, ტელეფონითაც ვეკონტაქტებით, რომ კარგად წარიმართოს ეს პროცესი. მასწავლებლებსაც გაუჭირდათ, ამ პერიოდში, სკოლაში არავინაა, საგანგებო მდგომარეობაა, ჩვენც დისტანციურად ვმუშაობთ, მაგრამ რა უნდა ქნან იმ უბანში, სადაც ინტერნეტი არაა? სხვებთან ვერ მივლენ, თავად ინტერნეტი არ აქვს, არის მასწავლებელთა კატეგორია, რომელსაც არ აქვს ლეპტოპი ან კომპიუტერი. ვერ იყიდეს ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. სადაც ამის პირობები იქნება, მივესალმები, ძალიან კარგია დისტანციურად სწავლება, თუმცა ყველა ბავშვთან ვერ გავალთ შედეგზე სწორედ ამ პრობლემების გამო“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საიმერლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მთვარელიძე:

„ჩვენს სკოლაში ეს სიახლეა, მასწავლებლებს არასდროს გამოგვიყენებია ონლაინ-სწავლების მეთოდი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლის პედაგოგებმა მოლოდინს გადააჭარბეს. ნამდვილად არ ველოდი, თუ ამდენი პედაგოგი შეძლებდა თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობას. მათ კარგად უპასუხეს ამ მნიშვნელოვან გამოწვევას. გარდა ამისა, ჩვენი პედაგოგები დარეგისტრირებაში ეხმარებიან დაწყებითი კლასების მშობლებს, რადგან ამ ასაკში მოსწავლეები ნაკლებად ფლობენ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს. ყველაზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებთან. ისინი ჩვენთან სოფლებიდან დადიან და ხშირ შემთხვევაში, მათ ინტერნეტი არ აქვთ, არც კომპიუტერი, მშობლებთან კონტაქტი კი მასწავლებლებს ენობრივი ბარიერის გამო უჭირთ. ამ მხრივ გვაქვს სირთულეები, თუმცა გვეხმარებიან ის აზერბაიჯანელი მოსწავლეები, რომლებმაც იციან ქართული ენა. ეტაპობრივად ვცდილობთ ამ პრობლემის აღმოფხვრას. თანდათან მდგომარეობა უმჯობესდება დისტანციური სწავლების მიმართულებით. საპილოტე რეჟიმში ვართ, საორგანიზაციო საკითხებს უკვე მოვაბით თავი, ახლა ცხრილსაც ვაკეთებთ და 1 აპრილიდან ცხრილის მიხედვით უნდა ჩატარდეს ჩვენთან ონლაინ-გაკვეთილები“.

აბაშის მუნიციპალიტეტის წყემის საჯარო სკოლის დირექტორი რუსიკო მუმლაძე:

„ჩვენთან ნორმალურად მიმდინარეობს დისტანციური სწავლების პროცესი, თუმცა ბავშვებზეა დამოკიდებული, იმაზე, თუ როგორც ვახერხებთ მათთან დაკავშირებას, ზოგს არ აქვს ინტერნეტი და ვცდილობთ სხვანაირად ვეკონტაქტოთ, ზოგს ტელეფონით, ზოგს „მესენჯერით“. რაც მთავარია, გაკვეთილები ტარდება. მოსწავლეები კმაყოფილები არიან“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება