მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლიზა ანთაზემ კორონავირუსის გამო დასადგურებული სიჩუმისა და მონატრების ერთ თვეზე ემოციური ჩანახატი გააკეთა, რომელიც იზოლაციაში მყოფ ადამიანებს დააფიქრებს.
etaloni.ge აბიტურიენტის საინტერესო ნაშრომს გთავაზობთ:
მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ. . .
ახლა ჩემი ფიქრები დამსხვრეულ ჭიქას ჰგავს, რომლის ნამსხვრევები მთელ ოთახშია მიმოფანტული. დამეთანხმებით ალბათ, რომ, როცა ჭიქა გიტყდებათ და მთელი ოთახი ნამსხვრევებით იფარება, მათ შესაგროვებლად ძალისხმევას არ იშურებთ, თვალებს კარგად ახელთ და ოთახის კუთხე-კუნჭულს გულმოდგინედ ასუფთავებთ. ახლა ჩემი ტვინი სწორედ ამ მდგომარეობაშია. მიჭირს აზრების ერთმანეთზე შეკოწიწება და ყველა იმ მოგონებისა და განცდის თქვენამდე მოტანა, რომელიც განმიცდია. ამის ერთადერთ არა, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზად მონატრებას აღვიქვამ. მეგობრებო, რა არის მონატრება, თუ არა განცდა იმისა, რომ შენ ვეღარ აკეთებ იმას, რასაც ადრე აკეთებდი?!. რომ შენ დაკარგე რაღაც ისეთი, რაც ღირებული იყო შენთვის?!. რომ შენ უკვე ერთი თვეა სახლში ხარ?!. ამ დროს კი აანალიზებ, რომ შენ კი არ ცხოვრობ, არსებობ!..
მეგობრები მენატრება; მენატრება ხმაურიანი ქუჩები; ის შეგრძნება მენატრება, როცა ავტობუსი წამის გაელვებაში ჩამივლიდა გვერდს, მე კი გამწარებული ვბუტბუტებდი, თითქოს ეს ტრაგედია იყო; მენატრება ბოშა, რომელიც თავისი გასაყიდი ნივთებით მორბის ჩემკენ და მეუბნება : ,, დუხი 30 ლარად, 20 ლარად, 15 ლარად, თუ ნაღდია და წაიღებ 5 ლარად ". მენატრება მანდატური, რომელიც მეძახის: ,,წყალზე მიდიხარ თუ შატალოზე?"; მასწავლებელი, რომელიც დაფას წამში ავსებს წარწერებით; დირექტორი, რომელიც დისციპლინაზე ლექციებს უკვე მემილიონედ გვიკითხავს; სამასწავლებლო, სადაც მუდამ მასწავლებლების ჟრიამულია; დამრიგებელი, რომელიც მუდამ ჩვენ გამო იღებს შენიშვნებს; საკანცელარიო, სადაც მუდამ ქსეროქსის ხმა ისმის; მენატრება დამლაგებელი, რომელიც ჩვენს დამალულ ცოცხს ეძებს; მენატრება ყველა და ყველაფერი.
ეს კი იმიტომ, რომ მოხდა ის, რასაც ვერ წარმოვიდგენდით. მსოფლიო პანდემიამ მოიცვა. ვფიქრობ, რომ ყველა ქმედებასა თუ მოვლენას მონეტასავით ორი მხარე აქვს. მართალია, რომ მსოფლიო განსაცდელშია, რომ უამრავი ადამიანი დაიღუპა და ამ ყველაფერს ემატება უამრავი უარყოფითი ფაქტი, რომლის ჩამოთვლას არ ვაპირებ, რადგან თქვენ ჩემზე უკეთ იცით... მეორე მხრივ კი, დედამიწა ისვენებს, ბუნება თავისუფლად სუნთქავს, მომწამლავი ნივთიერებები ფაქტობრივად არ გამოიყოფა, არ ხვდება ჰაერში და არ ბინძურდება გარემო, ვისწავლეთ იმის დაფასება, რაზეც არც კი ვფიქრობდით, ვისწავლეთ თავისუფლების ფასი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და სხვა უამრავი რამ, რაც ჩემზე უკეთ იცით... ახლა კი, წარმოვიდგინოთ, რომ ეს ჩვენს ცხოვრებაში მთავარი საკვანძო მომენტია. მომენტი, როდესაც გვიწევს ფიქრი. ფიქრი სიყვარულზე, მეგობრობაზე, ურთიერთობებზე, პასუხიმგებლობაზე და სხვა უამრავ მნიშვნელოვან, ღირებულ და პრიორიტეტულ საკითხზე. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ბედნიერებასა და უბედურებას შორის გამყოფი ხაზია. ხაზი, რომელზეც ახლა 7 მილიარდზე მეტი ადამიანი დგას; ხაზი, რომელსაც ნელ-ნელა შლიან ექიმები, პოლიციელები, ჟურნალისტები, ფარმაცევტები, კონსულტანტები, მასწავლებლები, და ჩვენ ყველა, თითოეული მოქალაქე. წარმოვიდგინოთ, რომ ეს გამოცდაა. გამოცდა სამოქალაქო პასუხისმგებლობისა, რომლითაც მთელი მსოფლიო საზრდოობს; სიყვარულის, რომლის გარეშე სამყარო უფერული ხდება; მეგობრობის, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას; და ბოლოს, ყველა ლაღი ურთიერთობისა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას სიფერადის ელფერს ჰმატებს. მერი შელიმ თქვა : ,,არაფერია ადამიანის გონებისთვის იმაზე მტკივნეული, ვიდრე ძირეული და უცაბედი ცვლილება." დიახ, მეგობრებო, ეს ჩვენთვის მართლაც უცაბედი და მტკივნეული ცვლილებაა, რომელთან ადაპტაცია საჭირო და მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ ჩვენ ამ გამოცდას წარმატებით გადავლახავთ; მე მჯერა, რომ ჩვენ ვიქნებით თაობა, რომელიც ამაყად მოუყვება შთამომავლობას ვირუსზე, რომელიც დავამარცხეთ; ვირუსზე, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა და ცხოვრება სულ სხვა თვალით დაგვანახვა. მე ამის მჯერა.
და ბოლოს წარმოიდგინეთ, რომ ახლა წიგნი იწერება, სადაც თქვენ ხართ მთავარი გმირი. ამ წიგნის წერის ოქროს წესს გაგიმხელთ: მეგობრებო, მთელი წიგნი დასასრულისთვის იწერება, კარგი დასასრულისთვის, წარმატებული დასასრულისთვის, დასასრულისთვის, რომელიც ცხოვრების დასაწყისი იქნება. ახალი ცხოვრების დასაწყისი. ჩვენ, ყველა, ცხოვრებას ახალი ფურცლიდან დავიწყებთ. მე ამის მჯერა, მჯერა.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...