მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„დამიბრუნდი, დე! დამიბრუნე შენი ხატება! გამეცი ხმა! მათხარი რამე! გამიბრწყინე და გამიცისკროვნე ყოველი დღე ძველებურად“ - ტყიბულის N2 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ემიგრანტ დედას წერილს სწერს.
მოსწავლის წერილი იმდენად ემოციურია, რომ მას გულგრილად ვერ წაიკითხავთ. ირაკლის დედა სამი წელია არ უნახავს, როგორც ძალიან ბევრი ქართველი, მისი დედაც საზღვარგარეთ მუშაობს და დღეებს შვილის მონატრებაში ატარებს. წერილში კარგად ჩანს, რას გრძნობენ ბავშვები მაშინ, როცა მათი მშობლები საზღვარგარეთ მიდიან ოჯახის დასახმარებლად.
წერილი დედას
დილა მშვიდობისა, დე...ძილი ნებისა, დე...ისევ ამ სიტყვებს ვიმეორებ მესამე წელია.
წუხელ სიზმარში ვნახე - მოლაღური შემოჯდა ჩვენი მუხის ტოტზე, დიდხანს იღუღუნა და ივიშვიშა, მერე ჩემს ფანჯარას მოასკდა...გულგახეთქილს გამეღვიძა. ახლაც ყურში ჩამესმის მისი კივილი - „გიპოვე, გიპოვეო!!!“
ეს შენ ხომ არ იყავი დედა?..ვიცი ასე მდარდობ და მეძებ, ყველგან, მაშინაც კი ვიღაც უცხოელს აკანკალებულ ხელებს რომ უთბობ, ტკივილს უამებ, სიცოცხლეს უხანგრძლივებ. ვიცი ჩემო ტკბილო დედა, ჩუმად რომ იცრემლები, ჩემს სახეს წარმოიდგენ და გითბება გული...
მე ის პატარა ბიჭი აღარ ვარ... უცებ გავიზარდე და ბავშვობა დამავიწყდა...ჰმ, რა იოლი სათქმელია...ცასა და მიწას შორის გავიჭედე და ვეძებ იმ სიწმინდეს, შენ რომ მისახსოვრე. მთელი დღე შენ გხედავ და ღამით მანამ არ დავიძინებ, სანამ არ დამხედავ, საბნის პირს არ შემომიკეცავ, თმას არ შემირხევ ნაზი, ჯერ არნახული, ღვთიური ამბორით და არ მეტყვი: „გენაცვალე, ჩემო ბიჭო!“
ვერ ვინძრევი, მეშინია, შენმა დარდმა არ დამახრჩოს და არ გამიქრეს შენი ხატება, ჩემო ნუკრისთვალება დედა!
ამ წერილს მუხლდაჩოქილი ვწერ იმ პატარა მაგიდასთან, მე და შენ რომ ხელგადახვეული წამოვჯდებოდით და მხიარულად ვაყოლებდით ხმას ჩემს ძამიკოს, ფანდურს რომ აჟღარუნებდა თავგამოდებით...
შენ ჩემი ტკბილი მოგონება ხარ, ღმერთმა სილამაზე გისხივცისკარა. მე შენ გიგალობ, რადგან ის ხარ,
„ვინც ვარდს-ელფერი, იას-სინაზე
და ბულბულს ენა ერთად მოჰპარა?..“
და მაინც, მაინც მიკვირს...ვიზრდები უშენოდ და მენატრები უსაშველოდ. გამწარებით გეძებ ყველა კუნჭულში და გული ნელ-ნელა მეფლითება.
დამიბრუნდი დე! დამიბრუნე შენი ხატება! გამეცი ხმა! მითხარი რამე! გამიბრწყინე და გამიცისკროვნე ყოველი დღე ძველებურად! ვარსკვლავებს მიმაწვდინე, რომ მოვწყვიტო და ფეხქვეშ ფიანდაზად დაგიფინო, ჩემსკენ მომავალ გზად დაგიფინო.
დამიბრუნე ბავშვობის ზღაპრები, ჩემო ტკბილო დედა, შენს კალთაზე დამადებინე თავი და... გააჩერე საუკუნე ჩემში!..
დამიბრუნდი! დამიბრუნდი!
შენი ირაკლი
დეე...დედა...დედიკო...
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც