მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მოგესალმებით, ჩვენო ძვირფასებო“ - ასე იწყება თბილისის N14 საჯარო სკოლის ონლაინ-გაკვეთილები. როგორც სკოლის დირექტორმა, მაკა გიორგაძემ გვითხრა, ესაა გამხნევებაც და მადლობაც თანადგომისთვის. როგორ მართავს სკოლას სიმკაცრის გარეშე, როგორ აფასებს მომავალი თაობის შესაძლებლობებს და რატომ მიიჩნევს, რომ დირექტორებისა თუ პედაგოგების გამოცდები უნდა არსებობდეს? ამ კითხვებზე პასუხებს თბილისის N14 საჯარო სკოლის დირექტორის, მაკა გიორგაძის ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ჩვენ სკოლაში სწავლა მიმდინარეობს ონლაინ-რეჟიმში, სამინისტროდან მოსული რეკომენდაციების შესაბამისად, ვიყენებთ სხვადასხვა პლატფორმას, მათ შორის სოციალურ ქსელებსაც, ხოლო იმ ბავშვებს, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, ტელეფონით ვუკავშირდებით. ყველა საკლასო ჯგუფში ვართ მეც და ჩემი მოადგილეც, სწავლა გვეწყება დილის 10 საათზე და ვხუმრობ ხოლმე - თუ აქამდე 4-5 ჯგუფში შევდიოდი, ახლა 30-ვე კლასში შევდივარ-თქო. მასწავლებლებიც და თქვენ წარმოიდგინეთ, მშობლებიც მოტივირებულები არიან, განსაკუთრებით ეს იგრძნობა დაწყებით კლასებში და მოგეხსენებათ, მშობლის მხარდაჭერა ასეთ დროს როგორი მნიშვნელოვანია.
- მორალურად როგორ ამხნევებთ თქვენს კოლეგებს?
- გაცილებით მეტად ვეფერებით ერთმანეთს, გაცილებით მეტია მონატრება, მეტი დადებითი ემოცია მოდის და დილა იწყება სიტყვებით - „ჩემო ძვირფასებო“. ჩვენ სკოლაში ისედაც ძალიან თბილი, ოჯახური გარემო იყო და ახლაც ასეა.
- ადამიანები უფრო გააკეთილშობილა არსებულმა ვითარებამ, ქალბატონო მაკა?
- ნამდვილად ასეა, თაფლი და შაქარი მოდის ადამიანებისგან. მისალმებას ვიწყებთ მოფერებით და მადლობით თანადგომისთვის მოსწავლეებიც ძალიან მობილიზებულები არიან და თუ ისე ხდება, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო მასწავლებელი ვერ ახერხებს დროულად ჩართვას, მეკითხებიან - რატომ იგვიანებსო.
- ბავშვებსაც მოენატრათ, ხომ, სკოლა?
- ამბობენ, ვერც კი წარმოვიდგენდით, ასე თუ მოგვენატრებოდა სკოლაო.
- თქვით, ჩვენ სკოლაში ყოველთვის ოჯახური, თბილი გარემო იყოო, ეს თქვენი, როგორც კარგი მენეჯერის დამსახურებაა? ზოგადად, როგორ უნდა მოახერხოს დირექტორმა, სკოლაში პროცესები მართოს, თან ოჯახური გარემო შექმნას და თან საქმე ხარისხიანად შესრულდეს?
- ჩემ ერთ-ერთ მიღწევად იმას მივიჩნევ, რომ მასწავლებლებს სკოლაში ყოველთვის მოუხაროდათ. ჩემი დღე იწყებოდა ისე, კარში ვხვდებოდი მშობლებსაც, ბავშვებსაც, მასწავლებლებსაც და წარმატებულ დღეს ვუსურვებდი. ახლაც ასეა, ოღონდ ონლაინ... ზოგადად, თუ ურთიერთობები ორმხრივი არ არის, არაფერი გამოვა - ტაში ცალი ხელით არ დაიკვრება.
- გამოდის, მკაცრი არ ხართ?
- არა, თუმცა ადრე იყო სტერეოტიპი - დირექტორი მკაცრი უნდა ყოფილიყო; დღეს შეცვლილია მიდგომები, შეხედულებები... მიმაჩნია, რომ გაცილებით ახლოს უნდა იყოს მასწავლებელიცა და დირექტორიც ბავშვებთან. თანამდგომა და სიყვარული უმთავრესია. საერთოდ, თანამედროვე ბავშვებთან ურთერთობა გაცილებით მარტივია. როცა ხედავენ, რომ გიყვარს, მეგობრობ, გესმის მათი. თამამად შეუძლიათ, შემოვიდნენ კაბინეტში, მითხრან, რა სჭირდებათ... ჩემთვის ეს ბუნებრივი პროცესია, პატარები რომ მეხუტებიან, დადებითი ემოცია მოდის და ეს რომ არ იყოს, მაშინ რა მინდა სკოლაში?!
- თავად როგორი დირექტორი გყავდათ?
- საკმაოდ მკაცრი დირექტორი გვყავდა და ვცდილობდით, თვალში ზედმეტად არ მოვხვედროდით.
- მე კი მეგონა, იმდენად გიყვარდათ თქვენი დირექტორი, პროფესიის არჩევანიც კი განაპირობა.
- არა, თუმცა პედაგოგიური მაქვს დამთავრებული, სულხან-საბას უნივერსიტეტი; მოგვიანებით, დირექტორობის გამოცდებამდე, იურიდიული დავამთავრე - სამართალმცოდნეობის განხრით და წარმოიდგინეთ, ახლაც ვსწავლობ საჯარო მმართველობაზე ტექნიკურ უნივერსიტეტში... ასე რომ, მეც ვსწავლობ და პედაგოგებსაც ყოველთვის ვეუბნები, აუცილებლად შეძლებენ მიაღწიონ დასახულ მიზანს.
- ფიქრობთ, ასე, მაგალითსა და მოტივაციას აძლევთ კოლეგებს?
- რა თქმა უნდა, ასეა. მიმაჩნია, რომ პროფესიული ზრდის მაგალითი ხელმძღვანელმა თავად უნდა აჩვენოს კოლეგებს. სკოლაშიც მაქვს საათები - ბუნებასა და მე და საზოგადოებას ვასწავლი... ზოგადად, დირექტორი უნდა იყოს მასწავლებელი, პროფესიულ ზრდასთან ერთად, ნელ-ნელა უნდა გაიაროს ყველა საფეხური. იცით, ყველაფერი გაცილებით მარტივია, როდესაც ამ პროფესიიდან ხარ.
- დირექტორობის გამოცდები ახსენეთ, რომელიც აღარ იქნება. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?
- ორჯერ მაქვს გამოცდები ჩაბარებული - 2007-შიც და 2014-შიც. მიმაჩნია, რომ გარკვეული გამოცდა უნდა ტარდებოდეს, რადგან აქაა საკანონმდებლო ბაზა, ეროვნული სასწავლო გეგმა... საკითხები, რომელშიც დირექტორი ზედმიწევნით კარგად უნდა ერკვეოდეს. იგივე შემიძლია ვთქვა პედაგოგების გამოცდებზეც - პირადად, სულ ვცდილობ, პროფესიულად განვვითარდე და გამოცდას მასწავლებელიც უნდა აბარებდეს. ასე, თითქოს მეტად ხარ მოტივირებული. ყველაფერი ხომ იცველება - ახალი თაობები მოდის, სხვანაირად განვითარებული და მათთან ურთიერთობაში მასწავლებელს პროფესიული ზრდა აუცილებლად სჭირდება, მიუხედავად გამოცდილებისა, თუმცა გამოცდილებას ბევრი მოაქვს.
- ახალი თაობა მოდისო და როგორია ეს თაობა, ქალბატონო მაკა?
- მომდევნო თაობა ყოველთვის განსხვავებულია და ამ სიახლეებს ყველამ უნდა ავუწყოთ ფეხი. ძალიან კარგი ბავშვები მოდიან - სხვანაირად განვითარებული, სხვანაირად მოტივირებული მომავალი თაობა მოდის და ვფიქრობ, მასწავლებელიც მუდმივად ახალგაზრდა უნდა იყოს; სკოლაში ვერ დაბერდები, ბავშვების გვერდით ეს შეუძლებელია. მათი თვალით დანახული რეალობა გცვლის და ამ ყველაფერს გარკვეული მიმართულება სკოლამაც უნდა მისცეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...