მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ეკოკლუბის ლიდერმა თეკლე ფიფიამ სტატია - „როგორ ვუშველოთ მთას?!“ მოამზადა.
მოსწავლის სტატიას უცვლელად გთავაზობთ:
„რამდენიმე ათწლეულია, საქართველოში მწვავედ დგას მთიდან ბარში მასობრივი მიგრაციის საკითხი. ცარიელდება მთის ულამაზესი სოფლები და დავიწყებას ეძლევა იქ განვითარებული უძველესი დარგები. არ შეიძლება ნებისმიერ სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანს, თავში არ უტრიალებდეს კითხვა: როგორ ვუშველოთ მთას?! არც მე ვარ გამონაკლისი და ამ სტატიაში შევეცდები, კითხვის პასუხი ჩემეული ხედვით წარმოგიდგინოთ.
ჩემი დედულეთი, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი, მთიანი კუთხეა, განთქმული, როგორც ლამაზი ბუნებით ისე მდიდარი ეთნოგრაფიული წარსულით, გოროზი მთებით და ამ მთების სტუმართმოყვარე ვაჟკაცური ბუნების ხალხით, რომელთაც სწორედ მკაცრმა ბუნებრივმა პირობებმა ჩამოუყალიბა , შეუპოვარი ხასიათი.
ათიოდე წლის წინ, როდესაც დედაჩემის სოფელს ვსტუმრობდი, სოფლის დასაწყისიდან სოფლის ბოლომდე, თანატოლების მისალმებას ვერ ავუდიოდი, საღამოობით კი დედაჩემის სანახავად მოსული მეზობლების ტევა არ იყო ეზოში. დღეს კი ... დღეს რა ხდება? მოსულ სტუმარს იშვიათად თუ შეამჩნევს აქა იქ შემორჩენილი მკვიდრი. არც თანატოლები მეგებებიან და არც დედაჩემის მომკითხველების მუსაიფი არღვევს სიჩუმეს, შებინდებისას.
შესავალში ერთ კონკრეტულ სოფელზე მოგიყევით, ამ კუთხიდან რომელსაც სვანეთი ჰქვია, 1987 წლიდან დღემდე მოსახლეობის მზარდი გადინებაა , რომლის მიზეზიც ადამიანის მიერ უხეში ჩარევით გამოწვეული ბუნებრივი კატაკლიზმებია, მეწყერი იქნება ეს თუ ზვავი.
ბოლო ათწლეულები სვანეთს თითქოს გამოცოცხლება დაეტყო, რისი მიზეზიც ტურიზმის განვითარება გახდა, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ეპიდემიურმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მხოლოდ ტურიზმი ვერას არგებს მთიელს (არა მარტო) და ვერ იქნება მდგრადი ეკონომიკის საფუძველი, რადგან შეიძლება ნებისმიერ დროს შენელდეს ცხოვრების რიტმი და რაიმე სხვა გზა უნდა იქნეს ნაპოვნი მთის საშველად.
მე როგორც კუთხის ბადიში დავინტერესებულვარ და მომიძიებია ინფორმაცია აქ გავრცელებული სოფლის მეურნეობისა და ხელოსნობის დარგების შესახებ. ოდითგანვე განვითარებული ყოფილა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის მოშენება, მეფუტკრეობა, მიწათმოქმედება. ხელოსნობის დარგებიდან: მედურგლეობა, კირითხურობა, მჭედლობა, ოქროს მოპოვება, ხე-ტყის დამუშავება (თუმცა ამ უკანასკნელის განვითარების ქომაგი არ ვარ რადგან სწორედ ხე - ტყის უნებართვოდ, დიდი რაოდენობით ჭრამ სავალალო შედეგები მოუტანა სვანეთს). სვანი დიასახლისები ოდითგანვე განთქმული იყვნენ ხელსაქმით: აქ ადგილზე დამუშავებული მატყლისგან ირთვებოდა ნატურალური შალის ძაფი საქსოვად, ითელებოდა თექა სვანური ქუდისა (რომელიც არა მარტო კუთხურ არამედ რელიგიურ დატვირთვასაც ატარებდა - მასზე მაქმანებით გამოსახული ჯვრით) და ნაბდებისათვის, იქსოვებოდა ფარდაგები და ხალიჩები. ეს ყველაფერი არ არის. გარდა ხე-ტყისა სვანეთში არის მდიდარი ბუნებრივი წიაღისეული რასაც შეუძლია კუთხის და არა მარტო ამ კუთხის აღორძინება. მაგალითად : სოფელ დიზში არის მარმარილოს საბადო, რომელიც სამოცდაათიანი წლებიდან არავის მოუკითხავს, არადა ვფიქრობ მისი დამუშავება და ექსპორტი, ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივების დასაქმებას, ასევე მოიტანს ფინანსურ სარგებელს. გარდა ამისა, სვანეთი მდიდარია ბუნებრივად გაზირებული სამკურნალო მინერალური წყლებით, რომლის ექსპლოტაციაზეც, ამდენ ხანს არავის უფიქრია. მდინარეების სიუხვე კი საშუალებას იძლევა შედარებით უსაფრთხო მიკროჰესების აშენებისა რათა მივიღოთ ელექტროენერგია ეკოლოგიური ზიანის გარეშე.
ვფიქრობ, ისეთი კუთხისთვის როგორიც სვანეთია ჩამოთვლილი დარგების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია, ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორების მიერ ამ დარგების ასაღორძინებლად ჩადებული კაპიტალი საკმარისზე მეტი იქნება მოსახლეობის მიგრაციის სრულად შესაწყვეტად თუ არა შესამცირებლად მაინც. ადგილობრივები ხომ რთული პირობების, უსახსრობის და უმუშევრობის გამო მიილტვიან უკეთესი საცხოვრისისკენ, თუმცა სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში მთელი დარჩენილი ცხოვრებას სინანულსა და საკუთარი მშობლიური კუთხის მონატრებაში ატარებენ .მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი, სკოლის მოსწავლე ,მთის გულშემატკივარი, ვფიქრობ დროა ერი და ბერი დაირაზმოს მთის საშველად, ვუშველოთ სვანეთის დაცარიელებულ სოფლებს და ზოგადად ვუშველოთ მთას!“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც