მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თითქმის უკვე ერთი თვეა, მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ. სკოლები სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ რათა მოსწავლეებისთვის საჭირო მასალა დროულად და ეფექტურად იყოს ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე, თითქმის ყველა სკოლა ჩართულია დისტანციური სწავლების პროცესში.
მაგრამ საინტერესოა, როგორ მოხდება მოსწავლეების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს? უნდა იწარმოებოდეს ელექტრონული ჟურნალი? როგორ აფასებენ სკოლები მოსწავლეების ჩართულობას დისტანციურ გაკვეთილებში? იწერება თუ არა ნიშანი/ქულა?
რა იდეები აქვთ შეფასების სქემაზე სკოლებს ? - ამის გასარკვევად etaloni.ge სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ კომენტარებს.
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე:
„ნიშნები დისტანციურ სწავლებაში არ იწერება, არ ვაფასებთ ასე. მასწავლებლები განმავითარებელ შეფასებას იყენებენ. ანუ აფასებენ კომენტარებით. ნამუშევარს რომ გზავნის მოსწავლე, მასწავლებელი აფასებს, წაახალისებს, მიუთითებს, შენიშვნას მისცემს და ა.შ. რაც შეეხება წლიურ შეფასებას, გარკვეული პერიოდი ხომ ვისწავლეთ?! ალბათ, აქედან გამომდინარე გამოვა ნიშნები, რაც უკვე შეფასებული გვაქვს. თუ მოგვეცემა საშუალება, რომ ერთი თვე მაინც კიდევ სკოლაში ვიაროთ, ალბათ, შემაჯამებელი მეცადინეობებიც გვექნება. ეს უფრო უკეთესი იქნება, თუ არდა პირველი სემესტრისა და იმ შეფასებების მიხედვით დავუწერთ ბავშვებს ნიშანს, რაც აქამდე ჰქონდათ მიღებული, პირადად მე სხვა გზას ვერ ვხედავ“
ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის რაჭისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზი რეხვიაშვილი:
„ნიშნებით ახლა არ ვაფასებთ. დავალებებს ვაძლევთ მოსწავლეებს, მაგრამ შეფასების საქმე როგორ იქნება სასწავლო წლის ბოლოს, არ ვიცი. დისტანციურ სწავლებაში კი ვართ ჩართულები, მაგრამ ყველა ბავშვი ვერ ერთვება. ამიტომ ჭირს, ერთი შეაფასო, მეორე-არა, გაურკვეველ სიტუაციაში ვართ. ვინც ვერ ერთვება, ტელეფონით ვუკავშირდებით, ვაძლევთ მასაც დავალებას, მაგრამ ის რომ შესრულებულ დავალებას მიკითხავს, არ ვიცი ეს დავალება დამოუკიდებლად შეასრულა თუ არა და ასე რთულია შეფასება. იყო ლაპარაკი, შეფასება საერთოდ აღარ უნდა იყოსო და მგონი, ამ ვირუსმა გადაგვიყვანა შეფასების გარეშე სწავლაზე. ეს ვერსია ვირუსამდე იყო ნათქვამი, რომ ნიშნისთვის არ უნდა სწავლობდეს ბავშვი. მგონი, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ მართლა აღარ შევაფასებთ ბავშვებს. ამ ეტაპზე მითითება არ გვაქვს, თუ როგორ უნდა შევაფასოთ წლის ბოლოს მოსწავლეები“.
არნოლდ ჩიქობავას სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის საჯარო სკოლის დირექტორი ვახტანგი ჯანჯღავა:
„ძირითადად, განმავითარებელი შეფასებით შემოვისაზღვრებით. ნიშნების წერისგან თავს ვიკავებთ. ჩვენც, მოსწავლეებიც და მშობლებიც ახლა სწავლის პროცესში ვართ და ყოველი დღე ახალი ცოდნის და გამოცდილებისაა ყველა ჩვენგანისთვის. ბევრი ისეთი უნარი აღმოვაჩინეთ საკუთარ თავში, ბავშვებში, მასწავლებლებში, მშობლებში, რომ იმედს ვიტოვებთ, კარგი შედეგი გვექნება. აღმოჩნდა, რომ თურმე არსებობს სხვა გზაც, რომლითაც შეიძლება სწავლება. მე გაკვირვებული ვარ ზოგიერთი მასწავლებლით, ისეთ ე.წ ქვიზებს დებენ და ასევე სხვა მასალებს, ადრე რომ ვერ წარმოვიდგენდი ამას თუ გააკეთებდნენ. წლის ბოლოს, ვფიქრობ, რადგან ახლა განმავითარებელი შეფასებაა, პირველი სემესტრის ნიშანი უნდა გამოვიყენოთ და ბავშვების მხარეს უნდა ვიყოთ, ჩავარდნა არ უნდა ჰქონდეთ“.
ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის საჯარო სკოლის დირექტორი გრიგორ იობაძე:
„მასწავლებლებს აქვთ ჯგუფები შექმნილი, საშინაო დავალების შესრულებით, გამოკითხვით და ა.შ აფასებენ. შემდეგ შემაჯამებელს ჩაუტარებენ, ალბათ და ასე შეფასდებიან ბავშვები. ჩვენ გვაქვს პირველი სემესტრის ქულები. ასევე თემების მიხედვით შემაჯამებლებს შექმნიან მასწავლებლები, შეაფასებენ მოსწავლეების აქტიურობას და ასე შევაფასებთ საბოლოოდ. მასწავლებლებს, რომლებსაც აქვთ შედგენილი ჯგუფები, შეუძლიათ გაგება, როგორ აქტიურობენ მოსწავლეები, სწავლის ხარისხი როგორია, რა გაიგო გაკვეთლიდან, რა იყო გაუგებარი, შესაბამისად, მასწავლებლები უკეთებენ კომენტარებს, უთითებენ დამატებით მასალებს. ბოლოს კი, სავარაუდოდ, ბავშვების აქტიურობა როგორი იქნება, ალბათ, ამის შესაბამისადაც შეფასდებიან“.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ვაზიანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ბერიძე:
„ამ ეტაპზე განმავითარებელი შეფასებით ვაფასებთ მასწავლებლების უმრავლესობა მოსწავლეებს. ვაკეთებთ უკუკავშირს, რა უნდა გააუმჯობესონ ბავშვებმა, რაში სჭირდებათ კიდევ დამატებითი მეცადინეობა. სხვანაირად არ ხერხდება. სასწავლო წლის ბოლოს, ალბათ, მოგვაწოდებენ ეტაპობრივად, როგორ შევაფასოთ მოსწავლეები. ჯერჯერობით ამ საკითხზე არანაირი მითითება არ გვაქვს“.
ბათუმის N4 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თავართქილაძე:
„მოსწავლეებს ვაფასებთ კომენტარებით. ვგულისხმობ განმავითარებელ შეფასებას. დისტანციურ სწავლებაში ყველა მოსწავლე არის ჩართული. ყველა პლატფორმას ვიყენებთ. „თიმსშიც“ ვართ, „მესინჯერსაც“ ვიყენებთ და ა.შ ვინც სოფელშია და ვერ შედის, ტელესკოლას უყურებს. მათ ვურეკავთ და ვამოწმებთ. მონიტორინგს ვატარებთ მე და სასწავლო ნაწილი. ვთქვათ, იმ მომენტში ვერ შემოვიდა მოსწავლე გაკვეთილზე, შემდეგ შემოდის. მე მაგალითად, მომიწია ერთი და იმავე გაკვეთილის ჩატარება ჯერ რვა მოწავლესთან, შემდეგ კიდევ შემოვიდა რვა, მაგრამ არ მაქვს ამის პრობლემა. ერთმანეთს ასე ვუწყობთ ხელს. რა ვქნათ?! მდგომარეობამ მოიტანა და უნდა დავუდგეთ ერთმანეთს მხარში. რაც შეეხება წლიურ შეფასებას, ალბათ, მივიღებთ დირექტივებს და ისე შევაფასებთ. რაც მთავარია, დავალებებს ყველა გვიგზავნის. რასაც ვაძლევთ, ასრულებენ და შეძლებისდაგვარად, აქტიურობენ, მშობლებიც ჩართულები არიან და მოსწავლეებიც“.
ვახტანგ ფირცხელავას სახელობის დაბა ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა თოდუა:
„მოსწავლეების შეფასება ხდება კომენტარებით. დისტანციური სწავლებისას მასწავლებლებს გვაქვს პირდაპირი ჩართვა მოსწავლეებთან, შესაბამისად, ხდება განმავითარებელი შეფასების მიცემა. რაც შეეხება წლიურ ნიშანს, სემესტრის ნიშნები გვაქვს, ახლანდელ აქტიურობასაც ვადევნებთ თვალყურს და აქედან გამომდინარე, ყველა ბავშვი შესაბამისად შეფასდება აუცილებლად“.
მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრის საჯარო სკოლის დირექტორი სპარტაკ გვარმიანი:
„თუ ადრე სკოლაში ნიშანი იწერებოდა, ამჯერად, მოსწავლეებს ვეუბნებით სიტყვიერად, განმავითარებელი შეფასების მიხედვით. ძირითადად, კომენტარებით ვაფასებთ. წლის ბოლომდე არის დრო დარჩენილი და ალბათ, დაიწყება სწავლაც. იქნება გამოკითხვა, ტესტირება, შეიძლება გამოცდებიც ჩავუტაროთ. ჯერჯერობით არ მიგვიღია მიმართულება, თუ როგორ უნდა შევაფასოთ ბავშვები წლის ბოლოს. არ ვარ თანახმა, რომ იყოს ელექტრონული ჟურნალი, სადაც არები და ნიშნები ჩაიწერებოდა, რადგან არებს რაც შეეხება, ბევრია ოჯახი, რომელსაც არ შეუძლია სასწავლო პროცესში ჩართვა, ან ინტერნეტი არ აქვთ, ან კომპიუტერები. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა დავუწერო არა?! სოციალური ფონიდან გამომდინარე მე თავს შევიკავებდი. ნებისმიერი მასწავლებელი ისედაც მიხვდება, რას იმსახურებს მოსწავლე, ეს ჩემი აზრია“.
შუახევის მუნიციპალიტეტის დაბაძველის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა ზურაბაშვილი:
„ამ ეტაპზე, მოსწავლეებს კომენტარებს უწერენ მასწავლებლები და ვინიშნავთ ამას. წლის ბოლოს, სავარაუდოდ, ბავშვის აქტიურობის მიხედვით დაიწერება ნიშანი. რაც შეეხება ელექტრონულ ჟურნალს, რომ იყოს კარგი იქნებოდა, მაგრამ ინტერნეტთან წვდომა არის ძალიან რთული და ვფიქრობ, ამის გამო გაჭირდება. გვყავს მოსწავლეები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტი“.
სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა შამათავა:
„ამჯერად, ნიშნების ნაცვლად კომენტარები იწერება. დავალებებს როდესაც ვუმოწმებთ, განმავითარებელი კომენტარებით ფასდება ბავშვი. სკოლაში განმავითარებელი შეფასება მეხუთე კლასის პირველი სემესტრის ჩათვლითაა, ამჯერად კი ყველა კლასი ასე ფასდება. ჩვენით ვინიშნავთ მოსწავლეების შედეგებს. ძალიან რთული ვითარებაა, ჩვენ სოფელში ვართ და აქ არ არის ინტერნეტი. მე-4 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს აქვს ბუკი, მაგრამ ინტერნეტი არ არის. ამიტომ ნახევარზე მეტად მოსწავლეები მშობლების ტელეფონებით გვყავს ჩართული სასწავლო პროცესში. მათთან ვრეკავთ, სატელეფონო საუბრები გვაქვს, ვაძლევთ მითითებებს, ვუხსნით გაკვეთილს, სხვა ვერანაირი გზით ვუკავშირდებით. ტელესკოლა არაჩვეულებრივია, იმასაც უყურებენ და ყველანაირად ვცდილობთ, მაგრამ რაც შეეხება წლიურ შეფასებას, არ ვიცი. პირველი სემესტრის ნიშნით ბავშვი არ უნდა შეფასდეს წლის ბოლოს. ჩვენ ყველა მოსწავლის მიღწევას დღიურში ვინიშნავთ, თითოეული ჩვენი მოსწავლე ვიცით ათი თითივით და შეიძლება აქ გათვალისწინება ყველაფრის, თუნდაც პირველი სემესტრის“.
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ბაძაღუა:
„ამ ეტაპზე კომენტარებით ვაფასებთ მოსწავლეებს. სადაც დავალებას გვიგზავნიან მოსწავლეები, იქვე კომენტარებით ვუფასებთ, სხვანაირად შეფასება ქულებით არ ხდება. წლის ბოლოს, ალბათ, პირველი სემესტრის მონაცემებს გავითვალისწინებთ. ამაზე ოფიციალური მითითება არ გვქონია. რაც შეეხება ელექტრონულ ჟურნალს, ამ სიტუაციაში რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ნორმალურ სიტუაციაში უნდა არსებობდეს. ახლა სხვა სიტუაციაა. სოციალური ფონიდან გამომდინარე, ახლა რთულია ამაზე საუბარი“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა