მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა შეწყვეტილია. საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გადაწევამ, ავტომატურად სასწავლო პროცესის გადადებაც გამოიწვია. მოხდება თუ არა მოსწავლეების სკოლაში დაბრუნება ამ სემესტრში ამ ეტაპამდე უცნობია, არც ის არის გარკვეული, შეიცვლება თუ არა სასწავლო წლის დასრულების თარიღი.
განათლების სამინისტროს ინიციატივით, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდა, სწავლის მისაღებად სამინისტრომ სატელევიზიო გაკვეთილებიც შემოიღო, თუმცა ქვეყანაში კვლავ რჩებიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც საგანმანათლებლო პროცესის მიღმა დარჩნენ.
გაუარესდა თუ არა განათლების ხარისხის დონე საქართველოში, როგორ მოხდება სასწავლო წლის დახურვა მოსწავლეებისთვის, რის მიხედვით შეფასდებიან ისინი და იყო თუ არა სწორი განათლების სამინისტროს მხრიდან აკადემიური წლის გამოცხადებაზე უარის თქმა - ამ საკითხებზე etaloni.ge განათლების სფეროს სპეციალისტებს გიორგი გახელაძესა და სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.
როგორც გიორგი გახელაძე ამბობს, დისტანციური სწავლებაში ხარვეზებს ინტერნეტის ხარისხი ან არარსებობა და მასწავლებლების მხრიდან ციფრული ტექნოლოგიების დაბალი ცოდნა იწვევს.
„დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ გამოავლინა ის, რაც აქამდეც ცნობილი იყო, რომ ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ 2 წლის უკან უნდა დასრულებულიყო, არ დასრულებულა. ამან ტექნიკური და ინფრასტრუქტურული შეფერხებები გამოიწვია განსაკუთრებით რეგიონებში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ნაწილობრივ ეს თბილისსაც შეეხო. ასევე, უნდა აღნიშნოს, ზოგიერთ რეგიონში ინტერნეტი არის, მაგრამ ის დაბალი ხარისხისაა, რის გამოც კომუნიკაციური ხარვეზები იქმნება და დისტანციური განათლების სრულფასოვნად მიღების საშულებას უშლის ხელს.
მეორეს მხრივ, დისტანციურ სწავლების ასეთ სწრაფ რეჟიმში დანერგვა, კარგი ინტერნეტკავშირის პირობებშიც ხარვეზით იქნება წარმართული მაშინ, როცა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლების დიდი ნაწილს საინფორმაციო ტექნოლოგიური მიმართულებით დაბალი ცოდნა აქვს. აღსანიშნავია, რომ დაჩქარებულ ვადებში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ ბევრი ნაკლოვანება გამოავლინა, თუმცა ვხედავთ, რომ ძალისხმევა ინტენსიური და მძლავრია.
ამ ყველაფერმა კარგი შედეგებიც მოიტანა, იმ მხრივ, რომ ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში დისტანციური სწავლების დანერგვის პერიოდში უფრო მალე ვლინდებიან ის მასწავლებლების, სკოლები და ინსტიტუციები, რომლებიც იძულების რეჟიმში, თუმცა სწრაფად გადაერთვნენ ამ რეჟიმში, მაშინ როცა არაკრიზისულ პერიოდში ეს არ ხდებოდა. არადა შერეული მეთოდით სწავლება, ვგულისხმობ ნაწილობრივ დისტანციურ მეთოდს, უფრო კარგ შედეგს იძლევა. ამჯერად, სიტუაციიდან გამომდინარე იძულებით უფრო ბევრი დაეუფლა ამ მეთოდს და შეიგრძნო დისტანციური სწავლების სიკეთეები“, - აღნიშნავს განათლების სფეროს სპეციალისტი გიორგი გახელაძე.
მისივე თქმით, განათლების ხარისხი აქამდეც დაბალი იყო და დისტანციურ სწავლება ამ ხარისხს ვერ გააუარესებს და პირიქით, ექსპერტის შეფასებით, ზოგიერთ შემთხვევაში, სწავლის დონემ არათუ მოიკლო, მოიმატა კიდეც:
„რაც შეეხება განათლების ხარისხს, იქ, სადაც ვერ ხორციელდება სწავლა, თავისთავად ხარისხზე საუბარი ზედმეტია. იქ, სადაც ხარვეზით მიმდინარეობს სწავლა, ანუ არასრული რესურსებით იყენებენ პედაგოგები დისტანციური განათლების ფორმატს, რა თქმა უნდა, ხარისხი არ არის მაღალი, მაგრამ იქ, სადაც სრულფასოვნად ხორციელდება დისტანციური სწავლება, მინდა გითხრათ, რომ ხარისხი გაუმჯობესებულია წინასთან შედარებით.
საერთო მაჩვენებელს თუ ავიღებთ, საქართველოს განათლების ხარისხზე იქონია თუ არა გავლენა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან განათლების ხარისხი, დაწყებული სკოლამდელიდან დამთავრებული უმაღლესი განათლებით, იმდენად დაბალი იყო, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას არ დაუზიანებია, გარკვეულ საკითხებში გააუმჯობესა კიდევაც. ერთხელ უკვე ვთქვი, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა იმაზე მეტად ვეღარ დააზიანებს განათლების ხარისხს, ვიდრე მანამდე იყო დაზიანებული“, - აღნიშნავს გახელაძე.
მოსწავლეების შეფასება დაძლია/არ დაძლია პრინციპის გამოყენებით მოხდება - ასეთია გახელაძის ვარაუდი წლიურ შეფასებასთან დაკავშირებით: „მართალია ქულებით შეფასება არ მოხდება, მაგრამ იქნება არაქულობრივი განმსაზღვრელი შეფასება. ამასთან, ის რომ შეფასება არ ხდება, განათლების სამინისტროს მიერ ეს მითითება საჯარო სკოლებთან მიმართებაში იმის გააზრებიდან გამომდინარეობს, რომ ამ პლატფორმების გამოყენება და სასწავლო პროცესის სრულად წარმართვა დისტანციურ რეჟიმში სრულყოფილად არ ხდება და ხარვეზით მიმდინარეობს. როგორც ჩანს გაიაზრეს, რომ ასეთ ვითარებაში შეფასების უნივერსალური მექანიზმი, რომლიც საჯარო სკოლებში არსებობდა, აქ არ გამოდგებოდა. თორემ აბსოლუტურად შესაძლებელია დისტანციური სწავლების დროს მოსწავლეების შეფასება. როგორ მოხდება სემესტრის დახურვა, ამის შესახებ ჯერ სამინისტროს არაფერი გაუჟღერებია, თუმცა სავარაუდოდ, არაქულობრივი, მაგრამ განმსაზღვრელი შეფასებით - დაძლია/არ დაძლია პრინციპს გამოიყენებენ“.
სემესტრის ბოლოს მოსწავლეთა შეფასება რადიკალურად განსხვავებული არ იქნება - ასე ფიქრობს განათლების სფეროს სპეციალისტის სიმონ ჯანაშია. მისი თქმით, მოსწავლის შეფასების ნორმებს მასწავლებლები აქამდეც თავად ადგენდნენ და ახლაც ასე მოხდება.
„ჩვენ კლასიდან კლასში ადამიანები გადაგვყავს იმ შეფასების საფუძველზე, რომელსაც იღებენ წლის განმავლობაში. ახლა ვართ ვითარებაში, როცა ზოგიერთ შემთხვევაში მოსწავლეები შეფასების ¾ -ის საფუძველზე უნდა გადავიყვანოთ კლასიდან კლასში. რეალურად ჩვენ რაიმე სტანდარტიზებული შეფასება არც აქამდე გვქონია. მასწავლებლები თავისით ადგენდნენ შეფასების მიზნებს და ფორმებს როგორ უნდა შეეფასებინათ მოსწავლეები.
ის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა მიზანი შეიძლება არ იყოს მიღწეული, ეს ჩვეულებრივ რეჟიმიც ასე ხდებოდა. ყველა მოსწავლე ვერ აღწევდა ამ მიზანს, თუმცა მასწავლებლებს უწევდათ ამ გეგმის მოდიფიცირება საჭიროებიდან გამომდინარე და შემდეგი წლის მასწავლებლებიც ითვალისწინებდნენ, იმას თუ როგორ გადადიოდნენ მოსწავლეები კლასიდან კლასში. ასე, რომ ამაში ახალი ბევრი არაფერი არ არის, უბრალოდ ახლა სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მასწავლებლებს, რომ თავიანთი მიზნების მოდიფიცირება მოახდინონ წლევანდელის და შემდგომი წლისაც, იმისთვის, რომ გაითვალისწინონ ის დონე, რომლითაც ბავშვები შემდეგ წელს მოვლენ სკოლაში.
ამასთან, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ზოგადი მიზნების სპეციალურად არის შემუშავებული იმისთვის, რომ მასწავლებლებს საშუალება ჰქონოდათ თავად დაეგეგმათ ის თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი. ვინაიდან რეალურად სასწავლო გეგმა ეყრდნობა იმ შესაძლებლობებს, რომელიც სკოლებში არსებობს და არა რაღაც საყოველთაოდ აღიარებულ ნებისმიერ შემთხვევაში მისაღწევ მიზნებს. მაგალითად, სკოლა რომ გაგვეგრძელებინა ზაფხულის თვეში და 12-თვიანი სასწავლო წელი ყოფილიყო, მაშინ სხვა მიზნები გვექნებოდა“, - აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.
განათლების სპეციალისტი სამინისტროს პოზიციას იზიარებს და აკადემიური წლის გამოცხადებაზე უარის თქმას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს. მისი არგუმენტები ასეთია:
„არანაირი აზრი არ ექნებოდა აკადემიურ წლად გამოცხადებას და სამინისტრო სწორია, როცა ასე იქცევა. ბავშვებს სემესტრის ¾ ნასწავლი აქვთ და აკადემიურ წლად მიმდინარე სასწავლო წლის გამოცხადება, ნიშნავს რომ ეს ¾ თავიდან უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა. მეორეს მხრივ ის ბავშვები, რომლებიც აგრძელებენ სწავლას და ჩართულნი არიან დისტანციურ რეჟიმში, მათთვისაც სრულიად გაუგებარი იქნებოდა ერთი წელი რატომ უნდა დაემატებინათ. ასე რომ სამინისტრომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ აკადემიური წელი არ გამოაცხადა“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა