ცვლილებები, რომლებიც მასწავლებლების თაობაზე კანონში შევიდა - დაზუსტდა ტერმინების განმარტებაც
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესში ცვლილებები შევიდა. ბრძანების მიხედვით, რომელსაც ხელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება, ხოლო მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში - საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.
ამასთან, ბრძანების მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე აპლიკანტი შესაძლებელია იყოს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ასევე მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების საფუძველია იმ საგნის გამოცდის ჩაბარება, ხოლო პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება იმ საგანში, რომლის სწავლებაც სურს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირი, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია პირი ჩარიცხოს მის მიერ ჩაბარებული საგნის გამოცდის/საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების შესაბამის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამის მოდულზე.
ბრძანებაში ასევე განისაზღვრა ვინ არის აპლიკანტი, რა არის საგნის გამოცდა და საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება.
etaloni.ge თითოული მათგანის განმარტებას გთავაზობთ:
აპლიკანტი – მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი ან ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც მიღებული აქვს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება (ამ შემთხვევაში აუცილებელია სრული ზოგადი განათლების ქონა), წარმატებით აქვს ჩაბარებული „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესით (შემდგომში – „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესი“) გათვალისწინებული იმ საგნის გამოცდა/დადასტურებული აქვს კომპეტენცია იმ საგანში, რომლის შესაბამისი აკადემიური ხარისხიც/განათლებაც აქვს და დარეგისტრირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე;
საგნის გამოცდა – საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესით გათვალისწინებული საგნის გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შედეგად აპლიკანტი მოიპოვებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე გასვლის უფლებას;
საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება – საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის შესაბამისად დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია, რომლის შედეგად აპლიკანტი მოიპოვებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე გასვლის უფლებას.
აღსანიშნავია, რომ საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების, ხოლო მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში – საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების შემდეგ აპლიკანტი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით გადის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე.