მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლაში გატარებული 12 წლის საფინალო - ბოლო ზარი, რომელიც ტრადიციადაა ქცეული, 2020-ის მეთორმეტეკლასელებისთვის სრულიად განსხვავებული იქნება; უფრო სწორად, წელს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი არ დაირეკება! - ესაა სამწუხარო რეალობა, რომელთანაც, გვინდა თუ არა, შეგუება გვიწევს...
ცალკე საკითხია - დანებდებიან თუ არა სკოლების დირექტორები შექმნილ რეალობას? სწორედ ამ კითხვით მივმართეთ მათ და არაერთგვაროვანი პასუხებიც მივიღეთ, თუმცა თითოეული პასუხის მიღმა იყო დიდი გულისტკივილი, რომ ბავშვებს, რომლებიც უკვე ბავშვები აღარ არიან, საქართველოს სკოლები ცხოვრების ახალ ეტაპზე ღირსეულად ვერ გააცილებენ...
როგორი იქნება მეთორმეტეკლასელების ბოლო ზარი კარანტინში, Etaloni.ge-ს კითხვებს სკოლების დირექტორები პასუხობენ:
შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის საჯარო სკოლის დირექტორი მზია გოგაძე:
- ბავშვები ძალიან ნერვიულობენ შექმნილი ვითარების გამო. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ემზადებოდნენ ამ დღისთვის და გეგმები ჩაეშალათ - სკოლასთან გამოთხოვების საშუალება არ აქვთ, თუმცა მაინც მგონია, რომ დისტანციურად რაღაცის მოხერხება შეიძლება. პირადად, ჩემთვის კი ეს ისეთი ემოციაა, რომლესაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N1 საჯაროს კოლის დირექტორი ვლადიმერ შენგელია:
- უკვე დიდები არიან და კარგად აცნობიერებენ შექმნილ ვითარებას, ამიტომაც გაგებით ეკიდებიან... იცით, განვლილ ბედნიერებას სჯობს ის ბედნიერება, რომელიც გველის - მართალია, სკოლას წელს დაამთავრებენ, მაგრამ როდესაც უმაღლესებში ჩაირიცხებიან, მოგვიანებით მაინც შევძლებთ ბავშვების სკოლიდან გაცილებას ღირსეულად.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ბუკია:
- ვემზადებოდით ბოლო ზარისთვის, მაგრამ უხილავმა მტერმა ყველაფერი შეცვალა. რას ვიზამთ, მხოლოდ ჩვენ ხომ არ ვართ ასეთ მდგომარეობაში. მეთორმეტეკლასელები ძალიან განიცდიან შექმნილ ვითარებას, თუმცა ფიქრობენ, რომ ივნისამდე რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება, თუ არადა, დისტანციურად მაინც აღვნიშნავთ და ასე გავაცილებთ მათ. პირადად ჩემთვის კი, ეს ყველაფერი ემოციურად რთული ასატანია - ჯერ არ ყოფილა წელი, ბოლო ზარი არ დაგვერეკა, მაგრამ ახლა სხვა გზა არ გვაქვს და დინებას უნდა მივყვეთ. მეც ყველანაირად ვეცდები როგორმე გავუხალისო ბოლო ზარის დღე.
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ფიფია:
- ძალიან რთულია ჩემთვის იმის გააზრება, რომ წელს ბოლო ზარი არ დაირეკება. დათრგუნული ვარ და ამ ემოციების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ცუდად ვარ, პირდაპირი მნიშვნელობით! მაგრამ იმედი მაქვს, რომ როდესაც გადაივლის ეს ყველაფერი, მეთორმეტეკლასელებთან ერთად მივალთ სკოლაში და ზეიმიც გვექნება. ასე გამოვიდა, რომ ბოლო ზარი „გადავავადეთ“. ბავშვებიც, რა თქმა უნდა, გაგებით ეკიდებიან არსებულ სიტუაციას.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთის საჯარო სკოლის დირექტორი ბესიკ დავითაძე:
- ახლა ამაღლებული განწყობა არავის აქვს... ყველა ფიქრობს სიცოცხლის გადარჩენაზე... არადა, ისეთი ყოჩაღი მეთორმეტეკლასელები მყავს, ვერც კი წარმოიდგენთ და ჩემთვის რთულია იმის გაცნობიერება, რომ სკოლა სათანადოდ ვერ აცილებს მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლის დირექტორი კახა გიორხელიძე:
- რას ვიზამთ, სწავლა სექტემბრამდე არ აღდგება და ყველა შევეგუეთ შექმნილ ვითარებას. ადვილი არ არის გააზრება, რომ ბოლო ზარი სკოლაში არ დაირეკება, დისტანციურად მივულოცავთ ბავშვებს სკოლის დამთავრებას. ალბათ მე ავალ სკოლაში და სიმბოლურად დავრეკავ ბოლო ზარს, რომელსაც ბავშვები გაიგონებენ. დამთრგუნველი იქნება, ცარიელ სკოლაში ბოლო ზარის რომ გაისმის, მაგრამ სხვა არაფრის გაკეთება შეგვიძლია.
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ქარდავა:
- მოსწავლეებმა იციან, რომ გამოუვალი სიტუაციაა და სკოლაში ბოლო ზარი ვერ დაირეკება, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ვიდეოჩართვით ბოლო ზარი დისტანციურად აღვნიშნოთ. იცით, აფთიაქში ჩემი მეთორმეტეკლასელი შემხვდა და მითხრა: სკოლის გარეშე ასე თუ გამიჭირდებოდა, ვერ წარმოივიდგენდიო. ასე, რომ ჩვენ დისტანციურად, ვიდეოზარით დავემშვიდობოთ ერთმანეთს და ასე აღვნიშნავთ ბოლოს ზარს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ჯუმბერ ბორჯოდაშვილი:
- წელს ერთი მეთორმეტეკლასელი გვყავს და სამწუხაროა, რომ რასაც ვგეგმავდით, ჩაგვეშალა. დიახ, ჩვენთანაც ისევე, როგორც საქართველოს ყველა სკოლაში, ბოლო ზარი არ დაირეკება, მაგრამ რას ვიზამთ - უნდა გავუძლოთ. რთულია, ამდენწლიანი ტარდიცია რომ ირღვევა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ოლეგ გულორდავა:
- შექმნილი გარემოებაა ასეთი, რომ სკოლებში ბოლო ზარი არ დაირეკება, მაგრამ ვეცდები, ბავშვებს გული არ დავწყვიტო. ჯერჯერობით დეტალების გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ფაქტია - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, სასწავლო წელი ღირსეულად დავასრულოთ.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერის საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ხორგუანი:
- ცხოვრებაში ასეთი რამ თუ მოხდებოდა და სკოლაში ბოლო ზარი არ დაირეკებოდა, ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას და ამიტომ, შექმნილ ვითარებას უნდა შევეგუოთ. ჩემთვის კი სიტყვებით ამ ემოციის გადმოცემა რთულია - 12 წელი ერთად გავატარეთ და ახლა ბოლო ზარი არ უნდა დავარეკინო. რას ვიზამთ, მთავარია, მშვიდობა იყოს და ჯანმრთელობა გვქონდეს, იმედია უფალი დაგვინდობს და დაგვიცავს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ანჯაფარიძე:
- ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ ვმუშაობთ სხვადასხვა ვარიანტზე და რამეს აუცილებლად მოვიფიქრებთ, ბავშვებს გული რომ არ დავწყვიტოთ. თუმცა რთულია გააზრება, სკოლა ტრადიციისამებრ რომ ვერ გააცილებს მეთორმეტეკლასელებს. იმედია, ბოლო ზარს მაინც დავრეკავთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში