„ეს არც მხოლოდ ჩემი და არც ექიმი დედას ისტორია არ არის“ - ფოთის N3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლის ჩანახატი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის ფოთის N3 საჯარო სკოლის XIბ კლასის მოსწავლე თამარ გუჯაბიძე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებს საინტერესო ჩანახატით ეხმიანება და საკუთარ განცდებს გვიზიარებს. მოსწავლის ჩანაწერიდან ვიგებთ, რომ დედამისი ექიმია და როგორც ის წერს, „ბოლო დროა დედა მხოლოდ ექიმია“.
მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ?მოვრჩი დღეების თვლას და ფიქრების სიმორცხვეს... აბა, ლორთქო სურვილებს ვინ უტოლებს სულის სიმაღლეს?!
მაღვიძარა აღარ რეკავს. ძილისგან დაღლილი თვალები თეთრ ჭერს უცქერენ და ახლახანს შეამჩნიეს, რომ კარადის თავზე ცოტათი ჩაზნექილია... თუ ამოზნექილი. მოკლედ, თვალებმა დაადგინეს, რომ ჩემი საძინებლის ჭერი არც მთლად სრულყოფილია. ვამოწმებ ტელეფონს. ჰო, დედა უკვე წასულია. დედა. დედაჩემი ექიმია. ყოველ დილით ჩემ გაღვიძებამდე მიდის. მე ყოველ დღე ველოდები იმედით, რომ მოვა. ბოლო დროა დედა მხოლოდ ექიმია. ღამითაც მესმის ხოლმე ტელეფონის ზარი და დედას ჩურჩული. ახლა კი ნაბიჯების ხმა მესმის. რამდენიმე წამში მამაჩემი კარებს შემოაღებს და ჩვეული ღიმილით მეტყვის „დეზერტირო, ადექი“. ჩემს გაბრუებულ სახეს შეათვალიერებს და გავა. ბოლო დროა ყოველი დღე ასე იწყება.
სიჩუმეა. სიჩუმე, რომლისაც ზოგჯერ ასე ძალიან გვეშინია და ახლა ყველაფრის მაგივრად იმედად ღილაკებიანი მოწყობილობა გვაქვს, რომ გავიგოთ რაიმე კარგი ამბავი. რაიმე, რაც მოგვცემს ძალას, რომ ცოტა ხნით კიდევ ვიყოთ ჩუმად. ჩუმად და შორს. შორს საყვარელი საქმეებისგან, ადგილებისგან, ემოციებისგან, მეგობრებთან ერთად სიცილისგან, ჩაკიდებული ხელებისგან, საყვარელი სურნელისგან... და გვენატრება ყველა და ყველაფერი, რაც ყოველდღიური რუტინა გვეგონა.
ზუსტად ორი თვე და სამი დღეა ასე ვარ. აქ ვწყვეტ თვლას. ალბათ, გგონიათ, ამდენი თუ ითვალა ახლა რამ გააგიჟაო. გეტყვით. 42 წუთი. ზუსტად ამდენი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ თვლა შემეწყვიტა. ყველაზე დიდი დრო ჩემს არც თუ ისე საუკუნოვან სიცოცხლეში. 42 წუთი:
ვხვდები, რომ ჩვენ ყველანი ერთ ძაფზე ვართ აკინძულნი, რომელიც ჯიხურისკენ მიემართება. ხელისგულებზე საკუთარი გულები გვიდევს. ზოგს მთლიანი, ზოგს ჩამოშლილი, ზოგს გაცრეცილი, ზოგს დაფლეთილი, ზოგს ნაიარევებიანი, ზოგს კიდევ სულაც ცარიელი აქვს ხელისგული. ორი თვის და სამი დღის შემდეგ ჯიხურთან აღმოვჩნდი.
შედიხარ. წამზომი 42 წუთს აჩვენებს და უკუთვლა უნდა დაიწყოს. მისი ამუშავება კი გულის ფორმის ჩარჩოს ამოვსებითაა შესაძლებელი. ხელისგულიდან ფრთხილად ათავსებ და თვალებზე ნაცნობი ხელების სითბოს გრძნობ. შემობრუნებული კი საყვარელი ადამიანის ნაცვლად, მის თვალებში ღმერთს ხედავ, იმედს და სიყვარულს. ეს ერთადერთი ჭეშმარიტებაა გადარჩენისთვის, გადაგვარჩენს ლოდინი იმის, რომ კიდევ ერთხელ შევძლებთ ვიხილოთ ის ადამიანები, რომლებიც ერთადერთი ოაზისები არიან ჩვენთვის ამ სამყაროში. 42 წუთი თავიდან სწავლობ იმ ემოციებს, რომლებიც ასე შეანელა დღეების თვლამ, სწავლონ იმედს, სწავლობ სამყაროს გალამაზებას, თუნდაც ერთი წუთით, სწავლობ ტრფიალს თვალებში შესახლებული ღმერთის და შენებურად ახმიანებ გულის ჩანგს იმ ენაზე, რომელიც მხოლოდ შენ გესმის.
„ადამიანი ადამიანისთვის დღეა“ თქვა დოჩანაშვილმა, მაგრამ იმის გაგება, რომ თითოეული დღე ვართ ერთმანეთისთვის, რომ ახალი დღის საწყისშია ძალა, რომ სინათლე ერთმანეთში და ერთმანეთით იწყება და ესაა გზა, ჩვენ დაგვიტოვა.
მოვრჩი დღეების თვლას და ფიქრების სიმორცხვეს... აბა, ლორთქო სურვილებს ვინ უტოლებს სულის სიმაღლეს?! ეს კი მხოლოდ ჩემი ისტორია არაა, არც მხოლოდ ექიმი დედასია, არც მამიკოსი, რომელის საუზმის გამზადებას არასდროს აგვიანებს, არც ძვირფასი ადამიანის, არც 42 წუთის ამბავია. ეს უბრალოდ ჩვენ ვართ, ყველანი. მე კი ვიქნები უცნობი ქალი და გიგზავნით ამ წერილს, თქვენი წილი სიყვარულით. და თუ ოდესმე გაგიჩნდებათ კითხვა: ღირს? გეუბნებით, რომ ღირს და თუ რატომ, ამის გასაგებად თქვენ და დრომ ერთად ეძიეთ პასუხი დღეს, ხვალ, ზეგ...
წარმოიდგინეთ, ჯიხურს რამდენი გული აქვს ნანახი.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში