მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIბ კლასის პედაგოგებმა მოსწავლეებისგან და მათი მშობლებისგან მადლობის წერილი მიიღეს. წერილში მშობლები მადლიერებას გამოხატავენ მასწავლებლების მიმართ, რომ ასეთ რთულ პერიოდშიც კი ისინი მოსწავლეების სწავლასა და განვითარებაზე ზრუნავენ.
„დღეს, როდესაც მთელი კაცობრიობა უხილავი საშიში მტრის პირისპირ აღმოჩნდა, როდესაც მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ერთიანი ძალებით ებრძვის მკვლელ ვირუსს, როდესაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, იზრდება თითოეული ჩვენგანის როლი და პასუხისმგებლობა, არ შეიძლება არ დავაფასოთ თანამედროვე გმირები, რომლებიც ჩვენს გვერდით, ჩვენივე შვილების საკეთილდღეოდ, არც ძალ-ღონეს იშურებენ, არც თავს ზოგავენ და საკუთარი მუხლჩაუხრელი შრომის ფასად აკეთებენ მაქსიმუმს მომავალი თაობების აღზრდის უმნიშვნელოვანეს საქმეში.
დიახ, არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი გამბედაობით და მისაბაძი შემართებით მომავალს უქმნიან თაობებს და ეს ადამიანები ჩვენი შვილების მასწავლებლები არიან.
ხომ გსმენიათ: „სამყაროს მზე ანათებს, ცხოვრებას - მასწავლებელიო"?! სწორედ, ასეთ მანათობელს წარმოადგენს ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIბ კლასისათვის ია ბლაგიძე. ბავშვებისადმი უსაზღვრო სიყვარული - უფლისგან ბოძებული დიდი ნიჭია და ამ სამკაულით უხვად დაჯილდოებული ჩვენი კლასის ხელმძღვანელი, დიდებსაც და პატარებსაც გამორჩეულად გვიყვარს.
ეს ის ადამიანია, ყველაზე ახლოს რომ დგას მოსწავლეებთან და ყოველთვის მზად არის არა მარტო დაეხმაროს ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტაში, არამედ მუდმივად იზრუნოს მათი შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და რეალიზებაში, უფლებებისა და ინტერესების დაცვაში, პიროვნებებად ჩამოყალიბების საკითხში.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ახლა, როდესაც სასწავლო პროცესმა, საკლასო ოთახებიდან ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა და როდესაც, არსებულმა რეალობამ და შექმნილმა სიტუაციამ განათლების სისტემა ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა, პედაგოგიური ოსტატობის წყალობით, პირველივე მცდელობიდან, ია მასწავლებლის ჩატარებული მრავალფეროვანი და ონლაინრესურსებითა თუ პრეზენტაციებით საინტერესოდ დატვირთული დისტანციური გაკვეთილები ინგლისურ ენაში, მოსწავლეთა ცოდნის ნამდვილ დღესასწაულს წარმოადგენს.
რთული ვითარების მიუხედავად, ის შესანიშნავად ახერხებს უხილავი ძაფებით შეეხოს ბავშვთა სულის წახნაგებს, მიაგნოს მათი წარმატების გასაღებს, იცნობდეს მოსწავლეების ასაკობრივ თავისებურებებსა თუ საჭიროებებს, რადგან ზუსტად იცის, რომ მოსწავლეს არა მხოლოდ საგანი, არამედ, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებიც უნდა ასწავლოს და საამისოდ აქტიურად უტარებს ონლაინ კლასსაათსაც. თავის წილ აგურს აგურზე აშენებს, ცდილობს თითოეული აქციოს პატრიოტ, შემწყნარებელ, მოყვასისა და სამშობლოს მოყვარულ, სიკეთის მთესველ ადამიანად. ამიტომ არ შეიძლება ეს არ დავინახოთ, არ დავუფასოთ და საჯაროდ არ გადავუხადოთ მადლობა ამ ფასდაუდებელი შრომის სანაცვლოდ. მადლობა ია მასწავლებელო, რომ ზრუნავთ, ირჯებით და დროსა და ენერგიას არ ზოგავთ ჩვენი შვილებისათვის!
არანაკლებად ვაფასებთ მოტივირებული და სიახლეების მოყვარული დანარჩენი საგნების მასწავლებლების ღვაწლსა და ამაგს ჩვენი შვილების წინაშე. პირველივე დღიდან დღემდე შეუფერხებლად და კეთილსინდისიერად უტარდებათ: ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ისტორიის, ბუნების, ხელოვნების, რუსულის, ისტისა თუ მუსიკის გაკვეთილებიც. მადლობა ამისთვის თავისი საქმის პროფესიონალ პედაგოგებს: ფატი სურმანიძეს, ნანა ბერიძეს, დიანა კაპანაძეს, ინგა დოლიძეს, ნელი აფხაზავას, მაია რახიმოვას, ნათია გუმბერიძეს, ნინო ჯიჯეიშვილს მთელი გულისყურითა და მონდომებით რომ იღწვიან ჩვენი შვილების განათლებისათვის და სრულფასოვანი გაკვეთილების ჩატარებასაც ყოველდღიურად ახერხებენ. გვეამაყება და გვეიმედება თითოეული!
ვიცით, რომ დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება გიწევთ, იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ყოველდღიურად სხვა კლასებთანაც იგივე ჯაფა გაქვთ გასაწევი, ამიტომაც ჩვენს შვილებთან ერთად ქედს ვიხრით თითოეული თქვენგანის წინაშე.
მადლობა თქვენ, რომ არსებობთ VIბ კლასის ცხოვრებაში და რომ თქვენ მიერ დანთებული ლამპრით გზას უნათებთ ახალგაზრდა თაობებს!"-წერია წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც