მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მარინე ღვინიაშვილი საინტერესო მოთხრობებს და ნოველებს წერს. ქვემოთ მოცემული მოთხრობით პედაგოგი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ პროცესებს ეხმიანება.
გთავაზობთ მარინე ღვინიაშვილის მოთხრობას:
დერეფანში თეთრხალათიანი ექიმები და ექთნები გაფაციცებით მიმოდიოდნენ. ყველა რაღაცით იყო დაკავებული: ზოგს ფურცლები ეკავა,ზოგს- წამლები,ზოგს- იარაღები,ზოგი კი საკაცეს მიაგორებდა. სახეზე ყველას შფოთი და დაძაბულობა ემჩნეოდა. კლინიკის მთავარი ექიმი, ბატონი ზურა მინდელი, ეს-ესაა თავის კაბინეტში შევიდა, მაგიდის პატარა უჯრიდან წამალი გამოიღო, ხელსახოცით გახურებული შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, ხელის კანკალით ჭიქაში წყალი ჩამოისხა და აბები სასწრაფოდ მიიღო. ისევ გაისმა კარზე ფრთხილი კაკუნი.
- ბატონო ზურა, ახალი პაციენტი მოიყვანეს. ახალგაზრდა ქალია,საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. როგორც ჩანს,მწვავე ასპირაციული პლევრიტით. ექიმები თქვენ გიხმობენ, თქვენგან ელიან რეკომენდაციებს.
- ახლავე, ელზა, ახლავე მოვდივარ,- თქვა ექიმმა და კარისკენ დააპირა წასვლა, რომ უცებ დაბარბაცდა, ცალი ხელით მაგიდას მოეჭიდა, გაახსენდა, დღეს ლუკმა არ ეჭამა.
- რა დროს საკუთარ თავზე ფიქრია, პაციენტები სულ უფროდაუფრო მატულობენ, ეს რა დღეში ვართ, -გაიფიქრა ექიმმა, წელში გაიმართა და კარისაკენ აჩქარებული ნაბიჯით გაემართა.
ქალი მართლაც ძალიან ახალგაზრდა აღმოჩნდა - საიამოვნო გარეგნობის, დიდი და ღრმა, სევდიანი თვალებით, თეთრი ფერის, თხელი სახით, რომელიც სულ ერთიანად გაჰფითრებოდა, ხველას ძლივს იკავებდა, სუნთქვა უჭირდა.
- სასწრაფოდ ჟანგბადის აპარატზე, სპაზმის მომხსნელი, დამამშვიდებელი, დოზები და სხვა, აი, ამ დანიშნულებაში ჩავწერე,- დაასრულა წერა ექიმმა და ფურცელი ექთანს გადასცა. თან დაამატა:- სასწრაფოდ მოამზადეთ ყველაფერი, წამით არ მოადუნოთ ყურადღება, აკონტროლეთ მდგომარეობა!
ქალი ძლივს გათავისუფლდა ხველისგან, შეხედა ექიმს,ნაზი ხელი ექიმის ძლიერ მკლავს ჩასჭიდა, და რაც შეიძლო, ისე მაგრად მოუჭირა. ექიმმა გაოცებით შეხედა, ასეთ სუსტ, უმწეო ქალს საიდან აქვს ამხელა ძალაო, - გაიფიქრა და ამ დროს მოესმა ქალის მისუსტებული, მაგრამ მუდარით სავსე ხმა:
-ექიმო, დღეს თქვენ ხართ ჩემი ღმერთი, უნდა გადამარჩინოთ, მე დედა ვარ, პატარა შვილი მყავს, გესმით, შვილი...მე მას ვჭირდები, მიშველეთ, გადამარჩინეთ! - უთხრა ვედრებით ქალმა და ცრემლმა იწვიმა მისი თვალებიდან...
-დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნება. მხოლოდ დამშვიდდით, მე თქვენთან ვარ, - ხელზე ხელი მოუჭირა ექიმმა ქალს ფრთხილად...
ამასობაში ინექცია გაუკეთეს და ქალს ოდნავ შეუმსუბუქდა ხველა, სტრესის ფონიც მოეხსნა.
-ზურა ექიმო, მეოთხე პალატაში გეძახიან, პაციენტს ციებ-ცხელება აქვს, ტემპერატურამ საშინლად იმატა,- შემოსვლისთანავე მიაგება შეშფოთებულმა ექთანმა.
რეანიმაციიდან გასულს მეორე ექიმი დაეწია.
- ბატონო,ზურა, საშინელი მდგომარეობაა, ტესტის პასუხები უარყოფითია, სამწუხაროდ...
- ცალ-ცალკე პალატებში მოათავსეთ, ახლავე შემოვალ, მკურნალობის კურსი სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ,- ენის ბორძიკით უთხრა მთავარმა ექიმმა დაბნეულ კოლეგას, ხალათის ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და ოფლი მოიწმინდა.
ორმოცი წელია მთავარი ექიმია და ასეთი რამ არ ახსოვდა. ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს, გამოსავალი ყოველთვის უპოვია, რამდენნაირი ავადმყოფი არ ჰყოლია, მაგრამ ეს პანდემია, ასეთი სიხშირის, ასეთი გამწვავებული, ასეთი უცნაური...ასე უსუსურად არასდროს უგრძვნია თავი.- არა, ჯერ კიდევ უმკლავდება, კლინიკაში ჯერ არავინ გარდაცვლილა, მაგრამ სადამდე ეყოფა სიმტკიცე, სადამდე?!
ამის ფიქრში იყო, რომ თავბრუ დაესხა, დერეფანში მიმავალ ექთანს ხელი რომ არ შეეშველებინა, ძირს დაეცემოდა...
- შეუძლოდ ხომ არ ხართ, ზურა ექიმო?- ჰკითხა შეშინებულმა ექთანმა.
- არა, გმადლობ, ეტყობა თავბრუ დამეხვა, კარგად ვარ, კარგად, გმადლობ,- თქვა ენის ბორძიკით ექიმმა და თავისი კაბინეტისაკენ გაეშურა. კარის ზღურბლს გადააბიჯა თუ არა, აქოშინებული ექთანი დაეწია.
- ზურა ექიმო,ზურა ექიმო, ახალშემოყვანილი ქალის მდგომარეობა დამძიმდა. ექოსკოპიის მონაცემებით ფილტვის დიდი ნაწილი დაზიანებულია. აი,აგერ მაქვს დასკვნა.
ხელის კანკალით ჩამოართვა სასწრაფოდ ექიმმა აღელვებულ ქალს დასკვნის ფურცელი, კითხვა-კითხვით გაუყვა დერეფანს რეანიმაციისაკენ. დაბინდული გონება მთლად გაუნათდა ექიმს, უმალ გასცა ყველა მითითება კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსასვლელად.ახლა უკვე გამძაფრებით უმუშავებდა გონება, გულის ჩხვლეტა სულ დავიწყებოდა.
ქალს გონება დაკარგვოდა, მაჯისცემა დასუსტებოდა, სახე გაყვითლებოდა, მეტყველი თვალები სულ ჩაშავებოდა.
- ყველაფერი ზედმიწევნით უნდა შევასრულოთ, დაუჩქარეთ, პაციენტს უნდა დავეხმაროთ, სუნთქვა უნდა დავაბალანსოთ, უნდა გადავარჩინოთ!- თქვა და საქმეს შეუდგა, ხელები უკანკალებდა, ვერ შეეჩერებინა, თვითონაც უკვირდა. რამდენიმე წამის შემდეგ თვალთ დაუბნელდა, გულში საშინელი ტკივილი იგრძნო და გონება წაერთვა.. ორიოდე წუთის შემდეგ კი ექიმებისა და ექთნების ვიშვიში ჩაესმა შორიდან, იგრძნო მათი უჩვეულო ფაციფუციც, ყველაფერი ცხადად დაინახა, მიუბრუნდა მათ და საყვედურის კილოთი მიმართა:
- რა ხდება, ხალხო, მე არაფერი მიჭირს, იმ ქაალს მიხედეეთ, ის უნდა გა-და-ვარ-ჩი-ნოთ, გესმიიით?! უნდა გა-და-ვარ-ჩი-ნოოთ! იის...სულ ახალგაზრდააა, გარეთ ქმარ-შვილი ელლლოდება, მე მას დავვპირრდი, შევვპირდიი,რომ გადავვარრჩენდი, მე არრაფერი მიჭჭირს, ის ქალი გადდაარჩინნეთ! - თქვა მისუსტებული ხმით ექიმმა, ოდნავ წამოწევა სცადა,მაგრამ გონება კვლავ დაკარგა...
მ.ღ
25.03.20
მოთხრობა გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...