„გვსურდა, გვეგრძნო უფრო მეტი სიყვარული ერთმანეთისადმი“ - ქობულეთის N2 საჯარო სკოლის აბიტურიენტის სევდიანი ჩანახატი
11-05-2020
დაკოპირებულია
-
+
გვქონდა უამრავი გეგმა თუ როგორ უნდა გაგვეტარებინა ჩვენს სკოლაში ბოლო დღე და როგორ უნდა დაგვერეკა ჩვენი სკოლის ბოლო ზარი. ვგეგმავდით ექსკურსიას საქართველოს მთიან რეგიონებში - ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე თეაკო ჯაშისა და მისი თანაკლასელების გეგმები პანდემიის გამო უკვე ჩაშლილია. კიდევ რა შეცვალა კორონავირუსმა აბიტურიენტის ცხოვრებაში, იხილეთ მოსწავლის ჩანაწერში:
მონატრება სივრცითი ფენომენია. მას აქვს ძალა ადამიანთა სულში შეღწევის და მასში გაურკვეველი დროით დაბინავების. ეს გრძნობა ზოგჯერ სასიამოვნოა, ზოგჯერ კი უდიდესი სევდის მომგვრელიც. მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი აბიტურიენტებს, გვქონდა უამრავი გეგმა თუ როგორ უნდა გაგვეტარებინა ჩვენს სკოლაში ბოლო დღე და როგორ უნდა დაგვერეკა ჩვენი სკოლის ბოლო ზარი. ვგეგმავდით ექსკურსიას საქართველოს მთიან რეგიონებში. გვსურდა, ერთად ყოფნის ეს შანსი მაქსიმალურად გამოგვეყენებინა და გვეგრძნო უფრო მეტი სიყვარული ერთმანეთისადმი, ვიდრე ამას აქამდე ვგრძნობდით. ყველაფრის ორგანიზებას როცა შევუდექით, სწორედ მაშინ, მსოფლიომ დროებით არსებობა შეწყვიტა.
დღეს, ისე როგორც არასდროს, სამყარო დუმს და ამ დუმილში ისმის ხმაური ადამიანთა ფიქრების. მოგვეცა თავისუფალი დრო, რომელსაც ასე ვნატობდით.ვზივართ სახლებში და ვიხსენებთ წინა თვეებს თურმე როგორი ბედნიერნი ვყოფილვართ ყოველ დილით სახლიდან გასულნი,რომ ვხვდებოდით ჩვენს მეგობრებს, ვესწრებოდით გაკვეთილებს და უბრალოდ ვტკბებოდით ყოველი წუთით. დღევანდელი რეალობა არც ისე მარტივი ასატანია, რადგან მუდმივი ერთფეროვნება აფერხებს პიროვნებათა ფიზიკურ თუ გონებრივ განვითარებას. თუმცა ასეთ სიტუაციაშიც კი ჩვენ არ გვაქვს უფლება შევაჩეროთ სწავლა, შრომა, მუშაობა, რადგან ეს ყველაფერი წარმავალია და მალე დედამიწა ისევ შეძლებს ნათელი და მზიანი დღეების ჩუქებას, ისევ მოგვნუსხავს მისი მშვენიერებით და ისევ შევძლებთ ცხოვრების გაგრძელებას ჩვეულ რიტმში!!!
სამყარო აუცილებლად გამოცოცხლდება და ისევ ახმაურდება ქუჩები. ჩვენ კი უფრო გავიაზრებთ ურთიერთობათა მნიშვნელობას და დავაფასებთ ერთმანეთს, რადგან ამ დროის მანძილზე ყველაზე მეტად, რაც გვაკლდა ეს იყო პირდაპირი კომუნიკაციები,ხშირი და ხანგძლივი საუბრები, ქუჩაში სეირნობა, სიახლოვე და ბოლოს, ჩვენ ერთიანი ძალებით აუცილებლად გავუმკლავდებით ამ გლობალურ გამოწვევას და დავამარცხებთ ვირუსს,რომელმაც ჩვენი ყოველდღიურობა ასე შეცვალა!!!