„სანამ სურვილი მაქვს, მიზეზიც მაქვს სიცოცხლისთვის“ - ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის მოსწავლის ჩანახატი
12-05-2020
დაკოპირებულია
-
+
ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის მოსწავლე გოგი რიონიძე კორონავირუსის პანდემიით შეცვლილ ცხოვრებაზე ჩანახატს წერს და საკუთარ ემოციებს გვიზიარებს. მოსწავლის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:
„სიტყვები“
შეუძლებელია პროგრესი ცვლილების გარეშე. არსებობს ცვლილებები, რომელსაც ადამიანები ვერ ეგუებიან. დღესდღეობით მსოფლიო მოსახლეობა ამ ფაქტის წინაშე დგას, სწორედ ეს ფაქტი უბიძგებს მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემას პროგრესირებისკენ, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სამომავლოდ უფრო დაცულად ვიგრძნოთ თავი.
ადამიანები ხშირად გარემოებებს ადანაშაულებს, მე არ მჯერა გარემოებების, მე მჯერა ადამიანების, რომლებმაც სიფხიზლე შეინარჩუნეს და მოძებნეს მათთვის ხელსაყრელი გარემოება და თუ ვერ იპოვნეს ასეთი თავად შექმნეს. ადამიანი, საზოგადოება, ქვეყანა, მსოფლიო წესით და რიგით ეს ჯაჭვი ურყევი და მტკიცე უნდა იყოს, მაგრამ საზოგადოებაში გამოერევა ისეთი ადამიანი, რომელიც, როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვასაც აზიანებს და მთლიანად მსოფლიოსთვის საფრთხეს წამოადგენს. სწორედ ასეთ უგუნურ ადამიანს ელახება რეპუტაცია საზოგადოებაში. დაკარგული რეპუტაცია დამსხვრეულ ბროლის ჭურჭელს ემსგავსება ნამუსრევის დაწებება შეიძლება, მაგრამ დაზიანებული ადგილები გამოჩნდება.
ლოდინმა დაგღალათ?! წარმოიდგინეთ როგორი აუტანელი იქნებოდა, არაფერს რომ არ ელოდოთ დიახ მოლოდინში არიან ე.წ. კარანტინში მყოფი ადამიანები სწორედ იმ მოლოდინში რაც მათ ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნებს და თავს კომფორტულად იგრძნობს. დიდი იმედი მაქვს, რომ მათი შინაგანი სამყარო უფრო სუფთა და მგრძნობიარე გახდება, პირველ რიგში ბუნების მიმართ იმ ბუნების მიმართ რითიც ჩვენ ვსაზრდოობთ.
სიჩუმემ მასწავლა შინაგანი ხმის მოსმენა, ბუნების ხმის კარგად გათავისება და მომცა უფრო მეტი, ფიქრის საშუალება, დამეუფლა ის შეგრძნებები რასაც აქამდე მოკლებული ვიყავი ქაოსის ფონზე. უკეთ გავიცანი ჩემი თავი და გარშემო მყოფი ადამიანები, გამიჩნდა ბევრი სურვილი რაც ხელს შეუწყობს ჩემ წინსვლას, სანამ სურვილი მაქვს, მიზეზიც მაქვს სიცოცხლისთვის. კმაყოფილება სიკვდილის ტოლფასია.