სიახლეები
სამასწავლებლო

„მიზანს კი მაინც ვაღწევთ, მაგრამ იმ დონეზე ვერა, როგორც საკლასო ოთახში“ - რა გვასწავლა დისტანციურმა სწავლებამ?
13-05-2020
-
+


საქართველოში დისტანციურმა სასწავლო პროცესმა უკვე ფეხი მოიკიდა. თუ ორი თვის წინ ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო, როგორ წარიმართებოდა სწავლა-სწავლების პროცესი სკოლის კედლებს მიღმა დღეს უკვე სწავლების ონლაინ რეჟიმი ყოველდღიურობა გახდა.

გამოწვევა თუ შესაძლებლობა - როგორ აღიქვამენ ამ პროცესს სკოლის დირექტორები? რა სიახლე აღმოაჩინეს საკუთარ თავში პედაგოგებმა და მოსწავლეებმა? - ამ კითხვებზე სკოლის დირექტორები გვპასუხობენ და თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ.

გორის მუნიციპალიტეტის კარბის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კოლოტაშვილი:

„დისტანციური სწავლება ახალი გამოწვევა იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შევძელით. აქტიურად ჩავერთეთ ამ დისტანციურ მუშაობაში. თავიდან ხარვეზები ნამდვილად იყო, მაგრამ ახლა საკმაოდ აქტიურად ვართ ჩართულები, როგორც ყველა მასწავლებელი, ასევე თითქმის ყველა მოსწავლე. სხვადასხვა პლატფორმას ვიყენებთ. ზოგიერთ მასწავლებელსაც არ ჰქონდა კომპიუტერული უნარ-ჩვევები, ახლა კი უფრო სხარტად და მოქნილად შეგვიძლია მუშაობა. მოვახერხეთ მოდიფიცირება სასკოლო გეგმის, გადავერთეთ თემების გამთლიანებაზე და ვფიქრობ, რომ კარგად გამოგვდის უკუკავშირი მოსწავლეებთან. ძირითადად, აქცენტი განმავითარებელ შეფასებაზე გვაქვს გაკეთებული. ძალიან კარგი პრაქტიკა დაინერგა ამ პანდემიის გამო. ვფიქრობ, რომ ასეთი მუშაობა ზოგიერთ სიტუაციაში ეფექტური იქნება“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მაღრაანის საჯარო სკოლის დირექტორი გულისა ნათელაური:

„ბავშვებს მოსწონთ დისტანციური სასწავლო პროცესი, კარგად არიან ჩართულები. იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტი არ აქვთ მოსწავლეებს, ტელეფონით ვუკავშირდებით და „თიმსშიც“ ვატარებთ გაკვეთილებს. ყველანაირ შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ გაკვეთილები არ ჩაგვივარდეს, ბავშვებს გადავცეთ სიახლეები, მასალები, ავუხსნათ, დავალება გავუგზავნოთ. მივყვებით და მოგვწონს ასე მუშაობა. ბავშვებს უხარიათ, ერთი სული აქვთ ხოლმე, რომ ჩაუტარდეთ გაკვეთილები. სიახლეებს რაც შეეხება, ვიყენებთ დამატებით მასალებს, რესურსებს და საინტერესოა ასეთი სწავლების პროცესი. ბავშვები სიახლეებს  თავად პოულობენ ინტერნეტში, მათ უფრო ეხერხებათ კომპიუტერებთან მუშაობა და უმარტივდებათ კიდეც. ყველა სიახლე მიგვაქვს მოსწავლეებამდე. სამომავლოდ გამოვიყენებდი დისტანციური სწავლების მეთოდს, მაგალითად, ბავშვი როდესაც ცუდად არის და ვერ მოდის სკოლაში, ძალიან კარგი საშუალებაა ასე სწავლება, რომ არ ჩამორჩეს მასალას. ჩვენ, მასწავლებლებს შეგვიძლია გაკვეთილების შემდეგ ასეთ ბავშვებს დავუკავშირდეთ და ავუხსნათ გაკვეთილი, მომწონს ასე მუშაობა“.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბეკამის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა მათიაშვილი:

„მე ერთი კლასი მყავს და მათემატიკას ვასწავლი. მათემატიკა ისეთი საგანია, რომ დისტანციური სწავლებით შედარებით რთულია, საკლასო ოთახში რომ ხარ და იქ უხსნი ბავშვებს, ბევრად მარტივია. ახლა სირთულე ისაა, რომ კომპიუტერი ყველას არ აქვს, კომუნიკაცია ტელეფონით ხდება. ჩვენი მცირეკონტიგენტიანი სკოლაა, 6 მოსწავლე გვყავს და აქედან ერთს აქვს მხოლოდ სამაგიდო კომპიუტერი, დანარჩენებს - ტელეფონი. მიზანს კი მაინც ვაღწევთ, მაგრამ იმ დონეზე ვერა, როგორც საკლასო ოთახში. სიახლე ის იყო, რომ მასწავლებლებმა უფრო დახვეწეს კომპიუტერული უნარები. ეს ყველასთვის ახალი იყო. მოსწავლეები ყურადღებით ეკიდებიან ასეთ სასწავლო პროცესს. სამომავლოდ გამოვიყენებდი დისტანციური სწავლების მეთოდს, თუ ბავშვი ვერ ივლიდა სკოლაში რაიმე მიზეზის გამო“.

ახმეტის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ბოდაველი:

„დისტანციური სწავლება სიახლესთან ერთად, გამოწვევაც იყო. ასეთი სწავლების მეთოდი ბევრ რამეში დაგვეხმარა. მასწავლებელი თუ ვერ ახერხებდა საკლასო რეჟიმის გამო ინტერნეტით ურთიერთობას ბავშვებთან, ახლა კარგად ჩაერთვნენ, დაძლიეს. ყველაფერს ვცდილობთ, ყველა გზას ვიყენებთ, თუ „თიმსში“ ვერ შემოდის ბავშვი მაშინ „მესინჯერში“ ვუკავშირდებით, თუ იქაც ვერ შემოდის, ინდივიდუალურად ურეკავენ მასწავლებლები და ისე უტარებენ გაკვეთილს. თავს კარგად ვართმევთ, არ არის მოსწავლე სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი. სათითაოდ ვკითხულობ ყველა კლასის მოსწავლეს, მათზე დამრიგებლებისგანაც და საგნის მასწავლებლებისგანაც ვიცი. სპეცსაჭიროების მქონე ბავშვებთან, მაგალითად, სპეცმასწავლებელი მუშაობს ინდივიდუალურად, სახლში მივიდა, მასალები დაურიგა, ახლა გზამკვლევებიც მოგვივიდა და მუდმივ რეჟიმში ვამეცადინებთ ბავშვებს.

ინტერნეტით ურთიერთობა მოსწავლეებთან და მშობლებთან - ეს დროული და საჭირო სიახლეა. გამოწვევა მართლაც იყო, რომელსაც თავი გაართვეს მასწავლებლებმა. მე, პირადად, ადმინისტრაციული საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად ვიყენებდი ინტერნეტს და კომპიუტერს, თუმცა ბავშებთან ურთიერთობა მე, როგორც დირექტორს და საგნის მასწავლებელს, არ მქონია. არასდროს ჩაგვიტარებია აქამდე გაკვეთილი ასე, ეს სიახლეა და განათლების სამინისტრო მზად აღმოჩნდა ამისთვის, რადგან პროგრამები ჰქონდა შემუშავებული და იყენებდა, ახლა კი მასობრივად მოგვიწია ამ ყველაფრის გამოყენება“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება