სიახლეები
სკოლები

„უნდა გავთენდე!“: რას შეიძლება ფიქრობდეს დღე პანდემიის დროს? - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ჩანახატში დღე აამეტყველა
18-05-2020
-
+


დღე დღის სიხარულის მოლოდინში - ორიგინალურ ჩანახატს გვიზიარებს ფოთის მე-4 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა დოლბაძე ორიგინალურ ჩანახატს გვიზიარებს, სადაც დღე არის ამეტყველებული და მისი ფიქრებია გადმოცემული. რას შეიძლება ფიქრობდეს პანდემიისგან გარინდებული დღე და როგორია მისი მოლოდინი - ნახეთ პედაგოგის ნამუშევარში: 


                                                                  დღე დღის სიხარულის მოლოდინში

გარინდებულ, გაყუჩებულ დღეს  სისხლსავსე სიცოცხლე ეწადა... მონატრების დაუოკებელი  სურვილი მოსვენებას უკარგავდა... ფიქრებისგან მიელულა... ეზმანა...

გესმით, ჰეი, ჩემი... უსასრულოდ მტკივა თეთრი სული, ვიმსხვრევი.... სად ხართ? შემომეშველეთ... ეთერში გაბნეული ხმა თანდათან იბზარებოდა. დღე ბორგვნეულად თრთოდა. შეწითლებული თვალებიც ენაცრებოდა. სხივმოკლებულ მზერას ავლებდა სამყაროს. ყურებში ამაწიოკებელი ხმები არ უჩუმდებოდა. მერე დაცვარულ შუბლზე იტაცა ხელი, ოდნავ შვება იგრძნო, მაგრამ სხეულში გულის ფეთქვა შეუნელდა, შეუსუსტდა უნებურად და გაირინდა. უშქარი ფიქრები გამალებით ენაცვლებოდა ერთმანეთს, გალიაში დატყვევებული ჩიტივით რომ სურდა მათი სულიდან გათავისუფლება. ამ შფოთვა-ჭიდილშიც გაილია დრო.  შეაღო სავანის კარი ბორგვისაგან დაოსებულმა. ძლივს მიიტანა სხეული მძიმე და ჩამოჯდა. ერთიანად ეწვოდა სინათლის ჭურჭელი, სრულიად რომ დახარჯოდა ამ რთულ გზა-შარაზე ხეტიალისას. მერე თვალებიც ეხუჭებოდა. სხეული მილულვა სთხოვდა. ასე ადრე არ განუცდია. ახლა ათასგვარი სენი თუ ვირუსი გამოჰყოლოდა, უცნაურად აჰკვროდა მთელ ტანზე. პირი უშრებოდა საბრალოს, სუნთქვა უჭირდა. მოუძლურებულს ლოცვა წყალივით სწადოდა, მაგრამ ზეციური სიწრფელის დამტევ სიტყვებს გონებაში თავს ვერ უყრიდა. მაინც პირღიად დარჩენილი იარები სთხოვდა ვედრების აღვლენას. ბოლოს მოიკრიბა ძალა და იზრახა: უნდა გავთენდე!“. ახლა ამან აუფურტკნა გონება, ხელი გულზე მიიდო: ჯერ ცოცხალი ვარ! - იაზრა. მერე ოთახის სიჩუმეში კედელზე დაკიდებული საათის წიკწიკმა მიიქცია ყურადღება. მალე უნდა წამოვდგე! ხელის ცეცებით იპოვა წყლით სავსე ჯამი, ესიამოვნა მადლის ჩაღვრა ჭურჭელში. თვალებს ხელის ფშვნეტით  ახელდა, მიუახლოვდა კარს და ზარიც ჩამოირეკა. ქვეყნიერებას მოეფინა დღე. ჯერაც უძლურად იყო. მიმოავლო მზერა ქვეყნიერებას, დახედა მიწას და გაოგნდა: ბზარგაჩენილი შენობები, სხეულდამტვრეული ადამიანები იხილა. გული მოეწურა. ისევ ჩხვლეტა იგრძნო, უფრო მძაფრი, სასტიკი, ვერაგი. მერე  სისხლიანი ცრემლები ჩაუდგა თვალებში, ხელისგულით შეიმშრალა. ახლა თვალი ჰკიდა ერთმანეთის პირისპირ მდგარ ადამის ძეთ. უცნაური იყო ეს ხილვა. თვალს ავარიდებო, - გაიფიქრა, მაგრამ მათგან გამომავალი უსაშველო ტკივილი დალანდა. ცოცხალი, გაშიშვლებული, ნამდვილი... დამსკდარ-დაბზარული სხეულებიდან სიცივედ რომ მოჟონავდა. გადახურებული თავებიდან კი ცეცხლი ასდიოდათ ბეჩავთ. კეთროვანებივით დაშორებოდნენ ერთმანეთს. განრღვეულთ ყური დახშობოდათ. თვალებში უტყვი სიცარიელე უჩანდათ. ბნელი სინათლე ეფინათ. მეტყველნი უტყვად ბაასობდნენ. ცქერა მათი იყო მდუმარე სიგიჟე. შეშლილთა ეს შემაკრთობელი სახეები დღეს უმძაფრებდა ტკივილების სიმწვავეს. 

დაბზარულსხეულიანი ადამიანები წავიდ-წამოვიდნენ. შეიკეტნენ თავიანთ  სახლებში. მერე სიმწრისგან თავი გააქნია... გახედა მზეს. იგი ნეკერჩხლისფრად ღუოდა. მალე ჩაიწურებოდა ისიც. დღე კი იდგა. ვერ დაეტია მოჭარბებული ჭმუნვა-კაეშანი და გადმოსკდა ღვარი ცრემლებისა. ასველებდა დედამიწას. ერთიანად გალუმპულს ესმა შემოქმედის ხმა. ჰანგმა გული გაუთბო, სული დაუამა. თავი ასწია და  ოდნავ მოღონიერებულმა ხელები აღმართა, ლოცვად დადგა... უძღებ შვილებზე მზრუნველი ღმერთი დღის ვედრებას ისმენდა:

სიყვარულდავიწყებულთ პურივით შიათ სიკეთე;
სინათლედაკარგულთ ღვთიური წყალი სწადიათ;
ახლოს მყოფი უცხონი შეაერთმანეთე;
განაშორე სიბეცე გონებისა;
სიყვარულით  გამთბარი გული აჩუქე!
ვერ შევგუებივარ სიცივეს, მენატრება დღე, ჩემი დღე, გულგამთბარი, ალნაკადი, 
მაბედნიერეთ სიცოცხლის მფენი სიკეთით!
უფალო, ისმინე ჩემი ვედრება!

ზეცაში  ღვთიური ცეცხლი გიზგიზებდა. სპეტაკშემოსილი უფალი გაჰყურებდა შორეთს. სითბოს აფენდა მზრუნველი ღმერთი. მერე მოიხმო დღე. მონატრებული სიხალასით, სიხარულით, სიტკბოთი აავსო ნაზად თავდახრილი.  ირგვლივ თბილი სიჩუმე იდგა. ბედნიერი დღე მონატრებული დღის  შესახვედრად ემზადებოდა. ჯერ უნდა განებანა  აიაზმით ხელები, რადგან  მასში ახლი დღე უნდა  შობილიყო. თვალი გაახილა, განცდილი რეალობად ექცა. გაიხედა და მზეჩამდგარი ადამიანებით სავსე ქუჩები იხილა. უჰ, იცით, უზომოდ მომნატრებიხართ, უცებ ახალდაბადებული ჩვილის ხმაც გაიგონა და სახე გაებადრა. დღე ვერ იტევდა სიხარულს, ზღვა სიხარულს...

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება