მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მზეო, ამოდი, ამოდი“ - ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ წარჩინებულმა მოსწავლემ, ბარბარე გოგმაჩაძემ საკონკურსო სტატია მოამზადა. მოსწავლე თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის უფროსკლასელთა სტატიების კონკურსში სახელწოდებით - „პლანეტა პანდემიის შემდეგ“ მონაწილეობს.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ირმა ხარშილაძის დახასიათებით, ბარბარე გოგმაჩაძე ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ VIII კლასის მოსწავლეა. ბარბარე მგრძნობიარე, ემოციური, სხარტად მოაზროვნე, სხვადასხვა კომპლექსური უნარით დაჯილდოებული შემოქმედი მოსწავლეა. წერს ჩანახატებს... აქვს რეალური ხედვისა და მისეული ასოცირების ნიჭი... მის მიერ აღქმული და სიტყვებში გაცოცხლებული აზრები მკითხველის „გულის გულამდე“ აღწევს და პოზიტიურ ემოციებს აცოცხლებს... წარმოგიდგენთ ბარბარე გოგმაჩაძის თვალით დანახულ პლანეტას პანდემიის შემდეგ ჩანახატით: „მზეო, ამოდი, ამოდი!“...
გულის წამღებად, გაუსაძლისად კივის სიჩუმე!... გაჩერებული დედამიწა გლოვობს თოთოეულ „ჩასულ მგზავრს“... მტრედისფერ ნისლში ბორგავს სიცოცხლე და ებრძვის სიკვდილს!... მარტოსულად ყეფს თოლია ზღვის სანაპიროზე ... დუმს შიშის თვალებით მომზირალი ჩემი ქალაქიც...
სურნელი დაუკარგავს კაცთა მოდგმისაგან მიტოვებულ გაზაფხულს... ლოყებალეწილი მზე ხან გამოანათებს ღრუბლებიდან, ხან კი გაბუტული მიიმალება ცის კაბადონში... ეული სიოც მღერის სევდიან არიას... ღამის ბინდი თვლემს ქალაქის კარიბჭესთან...იქ, სადაც ბებერი რიონი ლოშნის შავი ზღვის ნაპირებს...
დაზაფრულია ჩემი ეზო... აივნებიდან მოწყენილად იჭყიტებიან ერთმანეთის მონატრებით გათანგული პატარები. რაღაც იდუმალი სევდა დაჰპატრონებია სიანცე დაკარგულ მათ თვალებს...
- გახსოვს?!... ამ სიტყვებით იწყება ყოველი სატელეფონო საუბარი მეგობართან.
გახსოვს?!... სიცოცხლით სავსე გაზაფხული...თოვლისფერი, ქათქათა... ქართან აცეკვებული ღრუბლები, სხვადასხვა ორნამენტებით რომ ქარგავდნენ ცარგვალს...ყოველ საღამოს დაგეგმილი მეორე დღე... თეთრი ასოების ცეკვა შავ პრიალა დაფაზე, გახსოვს?!...
გაუსაძლისად დაუსრულებელი გახდა ეს ორი თვე... მორიგი საიდუმლო განდობილი დამძიმებულა ჩემი საყვარელი ანა ფრანკის დღიურიც...თითქოს მისი დარდი დავიწყებია და ჩემსაზე წუხს. ჩუმი დღეების შემდეგ კიდევ უფრო ჩუმი ღამეები და... უსასრულო, მტანჯველი, ოცნება დამსხვრეული აუარებელი ეული ფიქრი... მე კი ვცდილობ, ყველა ეს ფიქრი ერთ კონად შევკრა, თავისი ადგილი მივუჩინო და წარმოსახვაში კინო გადავიღო... მერე კი ვზივარ და ვუყურებ ჩემს ფილმს მომავალზე, რომელიც, მიუხედავად სევდიანი ფონისა, ხატულა, ლამაზ ფერებში დამიხატავს...
ვხედავ, როგორ დახატა ცისარტყელა უფალმა ცაზე, როგორ აჯანყდა სიცოცხლე და დაამარცხა სიკვდილი! როგორ ყრის აგიზგიზებულ კოცონში კარანტინიდან გამოსული სამყარო პირბადეებს და ჩემი ფილმიც კეთილი ზღაპარივით მთავრდება... სამყარო იმარჯვებს ბოროტ სულზე და კუდით ქვას ასროლინებს თავნება ვირუსს, რომელმაც ასე ძალიან მომანატრა მეგობრები, მასწავლებლები, რომელმაც „გაქურდა“ ჩემი ძმა და ოცნების ორი თვე წაართვა მას... ფიქრების საბანში გახვეულს თვლემისგან ათრთოლებული ხის ტოტის ფანჯარაზე კაკუნი მაღვიძებს, მეგობარი სიო უკვე მერამდენედ ჩამჩურჩულებს: ნუ გეშინია, ბარბარე, „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“...იმედით ვუსმენ და მჯერა მისი... „რაც არ კვლავს, ის გვაძლიერებს“ - ჩურჩულითვე ვპასუხობ უხილავ მეგობარს ... და ვგრძნობ, როცა სისოცხლე ასე სასურველია, შესანარჩუნებელი, სათუთი ობოლი მარგალიტივით და სალოლიავებელი ჩვილივით ... როცა ამ ქვეყნად ყოფნის ყოველი წუთი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა სიმდიდრე ამა სოფლისა... ვხვდები, რომ უფრო ძლიერნი უნდა ვიყოთ, არა მარტო ფიზიკურად, არამედ - სულიერადაც, რათა დავიცვათ თავი ოცდამეერთე საუკუნეში ამ საშიში და უბოროტესი მტრისაგან.
არ ვიცი, რამდენად სწორად შევძელი, გადმომეცა ფირებით დამძიმებული გულის სათქმელი... მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ უფრო მეტად მიყვარს ყველა და ყველაფერი, ვიდრე-მიყვარდა!... უფრო მეტად შევიყვარე უფალი, რომელმაც მომცა ბედნიერება, ვიყო: დედ-მამის შვილი, საოცნებო ძმის და ჩემი მასწავლებლების მოსწავლე, ჩემი მეგობრების მეგობარი... მჯერა, რომ ეს თავნება ფიქრები, ფანტაზიის სამოსში გახვეული და კინოდ ქცეული, ნამდვილ რეალობად იქცევა. ისევ გამოვალთ ქუჩებში, შევესევით მინდვრებს, ვიჭყუმპალავებთ ლურჯი ზღვის ტალღებში...ისევ იზეიმებს სიცოცხლე სიკვდილზე გამარჯვებას, ისევ შეგვმოსავს რეალობა ზღაპრული ოცნებებით, ისევ დადგება აისი და ...შეცვლის დაისი... მაგრამ პანდემიის გაკვეთილებს ვერასოდეს დავივიწყებთ!... ვიცი, რომ: ქედს მოვიხრით მოწიწებით ყველა თეთრხალათიანის წინაშე, ხელზე ვემთხვევით მეეზოვეებს, უფრო დავაფასებთ ჩვენს გმირ პედაგოგებს, სათუთად მოვეფერებით სამაყაროს, რომელიც ასე ნაირფერში დახატული გვაჩუქა უფალმა, უფრო დავაფასებთ იმას, რაც გვაქვს დღეს...სიყვარულს ვისწავლით, პატივისცემას, მეგობრობას და თანადგომას...
მჯერა, რომ მე ხვალ სხვა საამყაროს დავინახავ...უფრო - ლამაზს...უფრო -ფერადს...უფრო - მზიანს...
„მზეო, ამოდი, ამოდი!“...შენია ეს სამყარო...გაათბე და აცოცხლე იგი!...
VIII კლასის მოსწალე
ბარბარე გოგმაჩაძე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც