მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მისი ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, მამის დაღუპვით დაწყებული, ოჯახის დანგრევით დასრულებული, ბევრი ქარიშხალი გამოიარა, თუმცა განსაცდელმა უფრო მიზანსწრაფული გახადა და რაც თავად ყველაზე მეტად ეამაყება - საკუთარი პროფესიისთვის არასოდეს უღალატია. ბედნიერებას ჩემ მოსწავლეებში, მეგობრებსა და შვილებში ვპოულობო, გამიმხილა და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზეც მესაუბრა. Etaloni.ge-ს სტუმარი იზა ხეცურიანი გახლავთ, ცაგერიდან, რომელიც „ასწავლე საქართველოში“ ფარგლებში დღეს სამ - ცაგერის, რცხმელურისა (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) და ბრეძას (ქარელის მუნიციპალიტეტი) სკოლაში მუსიკას ასწავლის, თუმცა ამ ყველაფერს ალბათ ურთიერთობის ხელოვნებასა და სიკეთის სიმფონიას უფრო ვუწოდებდი, რადგან ქალბატონი იზა ძალიან ბევრ მოსწავლეს ეხმარება - ჩუმად, უანგაროდ და ამაზე საუბარი უხერხულობას ჰგვრის - ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, საზოგადოების ნაწილი ვიყო და ვაკეთო კეთილი საქმეო, - მითხრა, ინტერვიუ კი ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილი ვითარების შეფასებით დაიწყო.
- პირველ რიგში, გეტყვით, რომ არც ხოტბას ვასხამ ვინმეს და არც რაიმეს მოველი, მაგრამ შეუძლებელია არ აღვნიშნო როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა არსებულ ვითარებაში. ზრუნვას მუდმივად ვგრძნობთ და ამის გამო მადლობელი ვარ. ყველანაირად მხარში დაგვიდგნენ პედაგოგებს, რათა დაგვეძლია ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა აღმოჩნდა.
- ქალბატონო იზა, როგორც ვიცი სამ სკოლაში ასწავლით მუსიკას უფროსკლასელებს...
- „ასწავლე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, ფაქტობრივად, მთელი საქართველო შემოვიარე, სტარტი მესტიიდან ავიღე შემდეგ ვიყავი კასპში, ახლა ვასწავლი ცაგერის, რცხმელურისა და ბრეძას საჯარო სკოლებში...სადაც უფრო საჭიროა ხოლმე, იქ მანაწილებენ. ზოგადად, ძალიან ბევრი რამ შემძინა ამ პროექტმა, თუ რამეს წარმოვადგენ დღეს განვითარების მხრივ, დიდწილად მისი დამსახურებაა; შემოქმედებითი ადამიანი ვარ და პანდემიის დროს რაც ყველაზე მეტად დამაკლდა, ჩემს მოსწავლეებთან ურთიერთობა და ის ღონისძიებებია, რომლებიც დაგეგმილი გვქონდა.
- ბავშვებს უყვართ თქვენი საგანი?
- ნამდვილად უყვართ... მუდმივად ვცდილობ, ყველა გაკვეთილსა თუ ღონისძიებას ჩემებური ნიუანსები შევძინო, გაკეთებული გვაქვს მიუზიკლები, საავტორო პროგრამა „ქართული მუსიკის ჰანგები“, საქველმოქმედო საღამოები...
- სამი მუნიციპალიტეტის სკოლებში ასწავლით, როგორ ასწრებთ?
- მანქანა შევიძინე და ეს აღმოჩნდა დიდი შვება... დროს, რომელიც მანამდე არასოდეს მყოფნიდა, ახლა გადასარევად ვანაწილებ. 51 წლის ვარ და ახლა ვისწავლე მართვა... არ ვეპუები სიახლეებს, ვცდილობ განვვითარდე და ვისწავლო. სხვათა შორის, როდესაც მასწავლებლების სერტიფიცირება დაიწყო, ჩვენ რეგიონში პირველი ვიყავი, ვინც მუსიკაში უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო და საგანი ჩააბარა ათ ქულაზე; გარდა ამისა, საქართველოს საუკეთესო მუსიკის მასწავლებლებს შორის წარმადგინეს და ხუთეულში ვიდექი, რაც ძალიან საამაყოა ჩემთვის. კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ რევაზ ლაღიძის უნიკალური სახელმძღვანელოც კი გადმომცა, როგორც რჩეულს, ხოლო გუბერნატორმა დედის დღე პირადად მომილოცა. მიუხედავად იმისა, ჩემი კოლეგებს ეგონათ გამარჯვებული ვიქნებოდი, ასე არ მოხდა, თუმცა მადლობელი ვარ, საუკეთესო ხუთეულში რომ ვიდექი.
- ასეთი წარმატებული პედაგოგი კოლეგებისგან გულწრფელ მილოცვებს იღებთ?
- ვინც მილოცავს, მას გულწრფელად უხარია, ხოლო შურიანი ვინცაა, არც მილოცავს... ეს მათი პრობლემაა, მე კი მაქვს ჩემი სიმდიდრე - მყავს ბევრი მეგობარი, კოლეგა, მაქვს კარგი ავტორიტეტი და იმ სიყვარულში, რომელიც ქალის ბედნიერებას უნდა ახლდეს, მაქსიმალურად ვიხარჯები ჩემს ბავშვებთან, მეგობრებსა და რა თქმა უნდა, შვილებთან ერთად,
- რატომ გადაწყვიტეთ მუსიკის პედაგოგობა, ქალბატონო იზა?
- ბავშვობიდან მქონდა არაჩეულებრივი მონაცემები და სანამ პიანინო მექნებოდა, მაგიდაზე, წარმოსახვაში ვუკრავდი ხოლმე. შვიდი წლის ასაკიდან პროფესია არჩეული მქონდა, მინდოდა მუსიკის მასწავლებლობა და ცხრა კლასის დასრულების შემდეგ, თბილისში, არაყიშვილის სახელობის მუსიკის სასწავლებელში მოვხვდი, ცხრა გამოცდით; კარგი მეგობრები მყავდა და მოტივირებულიც ვიყავი, პროფესიას კარგად დავუფლებოდი; შემდეგ, რაიონში დავბრუნდი, კონსერვატორიაში ვერ ჩავაბარე ოჯახური მდგომარეობის გამო, თუმცა პედაგოგიური მაინც დავამთავრე.
- ადვილი არ არის მასწავლებლობა, ხომ ასეა?
- ნამდვილად არ არის ადვილი, მაგრამ მთავარია, არ იყო მოსაბეზრებელი, მეც მუდმივად ვცდილობ ვისწავლო, თანამედროვეობას ავუწყო ფეხი, რათა არ დავბერდე ნაადრევად და არ გავხდე მოსაბეზრებელი ჩემი ბავშვებისთვის. კომპიუტერის ხანაში სხვაგვარად მასწავლებელი წარმატებას ვერ მიაღწევს.
- ქველმოქმედი ხართ და ამ თემაზე საუბარი დიდად არ გიყვართ.
- თუ რამე შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ და ამაზე საუბარი ნამდვილად უხერხულობას მიქმნის... ჩემს მოსწავლეებსაც ბევრს ვესაუბრები ადამიანობაზე, მოქალაქეობრივ ვალდებულებებზე... ახლაც ერთი მოსწავლე მყავს, რომელსაც საოცარი მუსიკალური ნიჭი აქვს, ჩემი აღმოჩენაა ეს ბავშვი, მაგრამ სამწუხაროდ, ხელმოკლეობის გამო, ბევრ რამეს მოკლებულია. წარმოიდგინეთ, კომპიუტერიც კი არ ჰქონდა, დისტანციურ სწავლებაში რომ ჩართულიყო და ახლა ვცდილობ, იქნებ როგორმე ეს საკითხი გადავწყვიტოთ.
- თქვენი მოსწავლეებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას რომ იჩენთ, ამის გამო შვილები ხომ არ გსაყვედურობენ?
- ჩემი გოგონა ახლაც მეუბნება, მუსიკაში არაფერი გამიკეთეო; თავად სტომატოლოგია პროფესიით...ისეთი რთული პერიოდი მქონდა, ოჯახური მდგომარეობის გამო, ჩემს შვილებს ბევრი რამ დააკლდათ. მართალია, სწავლა ჩვენ ოჯახში ნომერ პირველი იყო და სკოლა ოქროს მედალზე დაასრულეს, მაგრამ მუსიკას ისეთი სიბეჯითე, თავგანწირვა სჭირდება, ამის თავი ნამდვილად არ მქონდა და ძალიან ვდარდობ, მუსიკის სიღრმისეულად ცოდნისგან შორს რომ არიან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...