მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წლების წინ, როდესაც ჭუბერიდან თბილისში ჩამოსვლა და ფილოლოგიურზე ჩაბარება გადაწყვიტა, ალბათ ვერ წარმოიდგენდა, მშობლიურ სოფელში მასწავლბელად დაბრუნება თუ მოუწევდა. მაგრამ მაშინ ასე იყო საჭირო, ქვეყანას მასწავლებლები უჭირდა და ნატო სუბარიც საკუთარ ფესვებს დაუბრუნდა - მხოლოდ ორი წლით, სანამ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს იპოვიდნენ... ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ, ვეღარც სკოლა, ვეღარც სოფელი, ვეღარც საკუთარი საქმე მიატოვა და ახლა უკვე ჭუბერის სკოლის დირექტორია; თუმცა მანამდე, ბევრი ქარტეხილი გამოიარა - 1993 წლის 28 სექტემბერს სკოლის ეზოში დევნილების პირველი ნაკადი მიიღეს და ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. საბოლოოდ, სკოლას ცარიელი კედლები შერჩა, რადგან შეფარებული ხალხი ყველა ფურცელსა თუ ხის ნაჭერს გასათბობად იყენებდა... ამ წლების გახსენება ნატო სუბარს ძალიან უჭირს, თუმცა არავის საყვედურობს. როგორ გამოიყვანეს სკოლა კრიზისიდან ადგილობრივმა პედაგოგებმა, რა გზა განვლო ჭუბერის სკოლის დირექტორობამდე და როგორ გაუმკლავდნენ ახლა უკვე დისტანციური სწავლების თავისებურებებს - Etaloni.ge-ს ჭუბერის სკოლის დირექტორი, ნატო სუბარი ესაუბრება.
- როდესაც სწავლა შეწყდა, პირველ ეტაპზე დავიწყეთ მესენჯერით ურთიერთობა, შემდეგ წამოგვეწია „თიმსი“... თუმცა არის ადგილები, სადაც ინტერნეტს მიღება არ აქვს და იმ ბავშვებთან, ვინც ონლაინ ვერ ახერხებს სწავლას, ტელეფონით ვურთიერთობთ. ნაბიჯ-ნაბიჯ ავუწყვეთ ფეხი ონლაინ-სწავლებას, რა თქმა უნდა კოლექტივისა და მასწავლებლის სახლის მაქსიმალური მხარდაჭერით.
- როგორც ხელმძღვანელი, რამდენად კმაყოფილი ხართ იმით, რაც მივიღეთ?
- ჩვენ კარგი და წარჩინებული ბავშვები გვყავს; ვისაც სწავლის გამოკვეთილი ინტერესი აქვს, მათთან შედეგი დადებითია, ასე ვთქვათ, გაძრომაზე ორიენტირებული მოსწავლეები კი სექტემბერში გადასამოწმებლები იქნებიან.
- მთლიანად ბავშვების კეთილსინდისიერებაზე გავხდით დამოკიდებულნი?
- არა მხოლოდ... დაინტერესებული მშობელი ყოველთვის ცდილობს, ჩართოს ბავშვი და აკონტროლოს, მაგრამ მოსწავლეთა ნაწილი გაუკონტროლებელ სივრცეში დარჩა და სავარაუდოდ, მოუწევთ სექტემბერში მეტი შრომა.
- ასეთ დროს, როგორც სკოლის დირექტორი, რამდენად გრძნობთ ადგილობრივი ხელისუფლების, რესურცენტრის მხარდაჭერას?
- ჩვენ გვყავს რესურსცენტრის საოცარი ხელმძღვანელი, რომელიც არ დაახანებს არც ერთ ინსტრუქციას... თავის მისიას ზედმიწევნით კარგად ასრულებს; ადგილობრივ თვითმმართველობას რაც შეეხება, ცდილობენ, მთას მეტი ყურადღება მიექცეს და ეს ნამდვილად დასაფასებელია.
- თქვენზეც გვიამბეთ - რა გზა განვლეთ დღემდე?
- ზოგადად, ჭუბერი სტიქიების ეპიცენტრია... 1987 წელს, დიდთოვლობის გამო, ნახევარი სოფელი გადასახლდა დმანისში და შესაბამისად, განახევრდა პედაგოგთა შემადგენლობა. სკოლაში ფილოლოგი არ იყო. მე ვსწავლობდი უნივერსიტეტში და იმ წელს მინისტრმა გამოსცა ბრძანება - მეხუთეკურსელები იქ უნდა წავიდნენ, სადაც კადრები ჭირსო. 1989-1996 წლებში ვიყავი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სრული დატვირთვით. ეს მართლაც ურთულესი პერიოდი იყო, რომელსაც დაემთხვა 1993 წელი - ჩვენმა სკოლამ შეიფარა დევნილები. ჟურნალიც კი არ გვქონდა, ენგურკომბინატის გამოცემული ორი, სხვადასხვა ფერის რვეული შევაკოწიწეთ და წარმოიდგინეთ, ამ „ჟურნალს“ დღემდე ვინახავთ. ურთულესი პერიოდი გამოვიარეთ, გადავრჩით და ცოცხლები როგორ ვართ, გვიკვირს. მაგრამ მიუხედავად წყვეტისა, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს სკოლებში მოხდა, ჩვენდა საამაყოდ, შემიძლია გითხრათ - ჩვენ სკოლას არ ჰყოლია მოსწავლე, რომელსაც სწავლა არ უნდოდა.
- დევნილები შევიფარეთო, გვითხარით...
- 28 სექტემბერს პირველი ნაკადი მივიღეთ და შეწყდა სწავლა, რომელიც ნოემბერში განვაახლეთ - ეს პერიოდი კი სკოლა დევნილების ნაკადებს იღებდა. ჩვენი სკოლა 1912 წელსაა გახსნილი და იქიდან მოყოლებული, 1993 წლამდე თუ რაიმე ბაზა გააჩნდა თუ დოკუმენტი, ყველაფერი ცეცხლს მიეცა - ოქტომბერში ითოვა უღელტეხილზე და გასათბობად იყენებდნენ გასაცოდავებული ადამიანები. სკოლა დაგვხვდა მხოლოდ კედლები. ყველგან პოლიეთილენის პარკები ავაკარით და ასე ვიცხოვრეთ 1993-დან 1998 წლამდე - საველე პირობებში! თუმცა ღირსეეულად გამოვედით ამ მდგომარეობიდანაც.
- სკოლის დირექტორი როგორ გახდით?
- როცა ჩამოვედი, ვფიქრობდი - როგორც კი გამოჩნდებოდა სკოლაში ფილოლოგი, თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სოფელში დავბრუნდი, უეცრად მაინც უცხო გარემოში მოვხვდი, მაგრამ ორი წლის შემდეგ უკვე აღარსად წასვლა აღარ მინდოდა - ამ სოფელს, სკოლას, ამ საქმეს ასეთი მიჯაჭვულობა ახლავს. დირექტორი სულ მეუბნებოდა - ნატო, უნდა მოემზადო დირექტორობისთვისო. უარზე ვიყავი - მეურნე არ ვარ-მეთქი; მაგრამ, თურმე, რაც არ ხარ, ხშირად სწორედ იმის კეთება გიწევს ცხოვრებაში. მეც მომიწია ათასი დარტყმა და გავხდი მეურნე.
- სწორედ ამაზე ითქვა ერთ დროს, მთავარია, დირექტორი მენეჯერი იყოს, სხვა დანარჩენი არაა აუცილებელიო.
- საუკეთესო შემთხვევაა, როცა დირექტორი მასწავლებელია პედაგოგიური კოლექტივი ურთულესი, უფაქიზესია და თუ თავად არ გაქვს გავლილი ეს, მხოლოდ სამურნეო მხარე ვერ ფარავს ყველაფერს. რთულია, სკოლა მართო სასწავლო პროცესის ცოდნის გარეშე. სკოლა ხომ საამქრო არ არის! მასწავლებლობა არის ყველაზე პრეტენზიული რამ ქვეყანაზე - როცა აცხადებ პრეტენზიას სხვისი შვილების აღზრდაზე, ეს ხმამაღალი განაცხადია და მერე მასწავლებლების მასწავლებლობა - რა თქმა უნდა, რთულია.
- როგორ ფიქრობთ, გაუმკლავდით?
- შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, ასეა. თუმცა არ ვარ ისეთი დირექტორი, რომელიც დაჟინებით ითხოვს ადამიანებისგან რამეს. ალბათ ვიღაცას უფრო მართებულად მიაჩნია, რეკავდეს მთავრობაში, მერიაში... მე კი განგაშის ადამიანი არ ვარ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ილია უკვდავია!“- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...