მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი საინტერესო ჩანაწერს გვთავაზობს. მასწავლებელი თავის ნაშრომში გვეუბნება, რომ დავაფასოთ მშობლების ამაგი, მოვუფრთხილდეთ და მოვუალერსოთ მათ და ნუ მივატოვებთ მაშინ, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებით.
მდუმარება
მგლების ხროვაში გამოკრთოდა კრავივით რწმენა,
დაეძებს უფალს რომ შესთხოვოს იმედი, შველა!
- სდუმხარ?
-როდემდე უნდა გაგრძელდეს ან რისი მომასწავლებელია შენი უსიტყვო დარდი? დიაღ,წლებმა შეგვმუსრა ნაოჭებით, ამაოებამ გაგვითეთრა ყოსნისფერი მეწამული თმები და უნებურად შეირყა ჩვენი ჯანმრთელობა , იმაშიც გეთანხმები, რომ შემოდგომის ფოთოლივით უსუსური და უნიათო გავხდი, ნიადაგზე ვარ გართხმული და სულს ვღაფავ. მაგრამ გახსოვდეს, ეს არაფერია იმასთან რასაც, მარტოობა ჰქვია! სივრცე რომელიც შინაგანად გფიტავს, განადგურებს, ჯერ კანს გისერავს, ხორცამდე კუს ნაბიჯებით რომ შეაღწიოს, მერე ძვლებზე გადადის და სანამ საბოლოოდ არ შეგმუსრავს, იქამდე სხეულს არ ტოვებს! საყვარელო, დავიღალე საკუთარ აზრებთან ჭიდილით, ფიქრების ქარტეხილში უაზროდ მოსიარულე, ხან გარდაუვალ ომს ვეჩეხები, ხან კი მშვიდობა მიამებს დაშანთულ გულს. გახსოვდეს, თითოელი წელი ერთი სახატავი ფუნჯია, რომელსაც შეუძლია, უსიტყვოდ დახატოს, გარდამავალი ფიქრები. შენი თვალებიც ამ უხილავი მრწამსის ნათელი დასტურია...
მოვხუცდით... მშობლიურმა ზრუნვამ ისე გაგვიტაცა, რომ ჟამთასვლამ გაუაზრებლად შემოგვიღო კარი. ურაგანივით გვიბრუნდება დედაშვილური ამაგი, გოდოლში შესაბოჭად გვიმეტებს ჩვენი გაზრდილი შვილი. მართალია! გაზრდილი და არა აღზრდილი, ალბათ ეს იყო მიზეზი, ყოველივე ზემოთ თქმულისა, უზნეო გარდაქმნისა, თავხედობისა. საღად ვათვიცნობიერებ, რომ წარსული მომავალს არ ცვლის, მაგრამ ის ტკბილი დღეები მაინც დაამშვიდებს იალქანივით აფოფრილ ფიქრებს. გახსოვს, როგორი შემართებით შევერკინეთ ყველანაირ დაბრკოლებას, შევქმენით ოჯახური იდილია, ბევრიც გვეწყინა, ბევრიც გველხინა და ასეთი სიამტკბილობით მოვედით აქამდე. გარწმუნებ, ამასაც გადავიტანთ... თუ ვინმემ ხელი გკრა და წაქცეულს გადაგიარა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიადაგზე უნდა იყო გართხმული. ფეხზე დადექი იბრძოლე, როცა იქნება ის შეიგნებს თავის დანაშაულს, მაშინ ცოცხალი და გამართული უნდა იყო, ღირსეულად რომ შეხვდე პატიებას...
კიდევ სდუმხარ???
დიდმა გრძნობამ დიდი ტკივილი მოგიტანა. შენი ძალისხმევით და უსაზღვრო სიყვარულით ყველა მწვერვალი დაიპყარი, გადალახე მთები, გორაკები, გაუძელი ცეცხლს და ავდარს. ნელი სვლით მოექეცი ჩიხში, საიდანაც ახლა თავს ვერ აღწევ, სურვილიც არ გაქვს, რომ შენს განვლილ ცხოვრებას გაუსწორო თვალი, რატომ? იმიტომ რომ შენი შვილი იყო ჟანგბადი, რომლითაც სუნთქავდი, წყალი, რომლითაც წყურვილს იოკებდი, საკვები, რომლითაც საზრდოობდი და სიცოცხლე, რომელიც უანგაროდ აჩუქე... ხოდა წავიდა მოგვიხურა კარი, თან წაიღო სასიცოცხლო გარემო და ამ ჟესტით გამოხატა მადლიერება.... მარტო შენ არ ხარ დამნაშავე, მეც შევცოდე ოჯახის წინაშე, თავად უნდა გამევლო უხილავი ზღვარი სიყვარულსა და თავნებობას შორის. ჰარმონიული კომფორტი შეუქმენით ისე, რომ მისთვის საზრუნავი აღარ დაგვიტოვია გარდა იმისა, რომ სიყვარულით მოპყრობოდა მშობლებს. ბოლოს ეგაც ტვირთად ექცა, ყურად არ გვიღო და წავიდა. ოთხ კედელს მიღმა დაგვტოვა, ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე, შენ კი საკუთარ დარდთან დამტოვე მზრუნველობის გარეშე. უჩემოდ მიუყვები გოლგოთას გზას. მარტო, ეული ზიხარ მდინარის მოპირდაპირე მხარეს, მიწის ბელტებად იშლები, ნადგურდები. შენ ხომ იცი, რომ სიბერე სიყვარულს არ ცვლის, პირიქით ამყარებს გრძნობას. სწორედ ამ გრძნობამ მოგიყვანა, მოხუცთა თავშესაფარში სანუგეშოდ კი ლამაზად შეფუთული წერილი დამიტოვე, ყოველ დილა-საღამოს დედის ნანასავით ჩამესმის შენი საამო სიტყვები!
„ჩემო ძვირფასო, ერთადერთო და განუყრელო ცხოვრების მეგზურო, მოვიდა გაზაფხული და სარკმელში ზღაპარივით მოსჩანს იასამნის ხე, წარსულის სურათივით დასთამაშებს ათინათი და მეც ამ მოგონების პატარა ღიმი ვარ. მთელ სხეულში სითბოსავით იღვრება მზის სხივები, მხოლოდ ეს მითბობს სიცივისგან გაყინულ გულს. წარსულის ლანდებს მიუყვები ფეხდაფეხ, სადაც ჩემი ნანისანატრი ვაჟი შემომციცინებს თვალებში, მეკიდება კალთაზე და გასაქანს არ მაძლევს. მინდა ისევ პატარა იყოს, აცრემლებული ვიხუტებდე გულში, ვკოცნიდე ვეხვეოდე...ისე მენატრება ეს დღეები, რომ ყველაფერს დავთმობდი წამიერი თვალის შევლების ფასად. ერთადერთ ვაჟს, მუდამ მოხუცების პატივისცემას ვასწავლიდით, პატიოსნებას, ზნეობას, უნერგავდით... ყველაფერმა კი საპირისპირო გეზი მიიღო, ვერ გაათვიცნობიერა ამ გრძნობის ჭეშმარიტი არსი, პეპელასავით დაიწყო ნავარდი, უზნეო შეუფერებელ ადგილებში. განცხრომაში აფრქვევდა საუკეთესო წლებს და ყველაზე ძვირფასს, დროს.. რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა მის უნიათო ცხოვრებაში. ერთი ხელის მოსმით დაკარგა ახლობლები, ნათესავები, გულწრფელი მეგობრები, მშობლები. საკუთარი თვალით ვხედავდით, როგორ ითრევდა ჭაობში ბინძური წყლის ჭავლი, როგორ ახრჩობდა, მაგრამ სიტყვის თქმის უფლება აღარ გვქონდა, დავაგვიანეთ! რა მწარეა ამის გააზრება!!! წავიდა, კარი მოგვიხურა და მოგვაძახა, მე თქვენთვის ისეთივე მკვდარი ვარ როგორც თქვენ ჩემთვისო! ამ სიტყვებმა ერთ წამში ფიტულად მაქცია უსულო სხეულად გარდამქმნა, მაგრამ მაინც ადამიანი მქვია, შვილისგან გამეტებული განადგურებული ადამიანი!
ამ წერილს დღესაც დიდი ტკივილით ვკითხულობ. როგორ მენატრება ჩვენი ოჯახური იდილია, როდესაც ყველა ერთად ბედნიერად ვცხოვრობდით. ახლა ცოცხლად იმარხავ თავს, მხოლოდ ტირი, გლოვობ, დარდობ, არ საუბრობ კვებაზეც უარს ამბობ. დასუსტდი, თავს სიკვდილისთვის იმეტებ ისე, რომ ჩემგან სულ პატარა ნუგეშსაც ხელს კრავ. ან იქნებ მეც დაგღალე?! შეიძლება მე უფრო გიმწვავებ ტკივილს, აღარ მოვიდე?
გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარ და შენით ვსულდგმულობ, თუ დაგავიწყდი, ეგ არაფერს ნიშნავს, მთავარია მე მახსოვხარ! კიდევ ერთი... სანამ დაგემშვიდობები გეტყვი რომ
მიყვარხარ!
კაცი აცრემლებული გაემართა კარისკენ. აღარ სურდა საყვარელი ქალისთვის მზერის შევლება უფრო მეტად რომ არ წაეღო ცხოვრებისგან მონაგარი დარდი და სევდა, მარტოსულ ცხოვრებაში. კარის ზღურბლთან კი სანატრელი ხმა შემოესმა....
მეც მიყვარხარ!
ნინო დოხტურიშვილი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც