სიახლეები
სიახლეები

სასწავლო წელს ვაჯამებთ: რა სიახლეებით სრულდება სწავლა და რა გეგმები ჩაუშალა განათლებას COVID 19-მა
15-06-2020
-
+


დიდი გეგმებით დაწყებული 2019-2020 სასწავლო წელი, დაუგეგმავი ფორსმაჟორით დასრულდა. 16 სექტემბერს სწავლა სკოლების ეზოებში ტრადიციული საზეიმო დახვედრით დაიწყო, ხოლო სასწავლო წლის ბოლო კი 15 ივნისს საკუთარ სახლებში ეკრანს მიღმა მოწყობილ ვირტუალურ კლასებში ჯამდება. პანდემიის გამო დაკეტილი და სიჩუმედასადგურებული სკოლის შენობები უჩვეულოდ, ჟრიამულის გარეშე ხურავენ წელს, მათთვის გაზაფხული-ზაფხული ერთნაირად მდუმარე აღმოჩნდა. ჩვენ კი COVID 19-მა ახალი ტერმინები, ატრიბუტები და შეზღუდვები დაგვიწესა: პირადე, კლასტერი, სოციალური დისტანცია და ასე შემდეგ. 

მოლოდინები, რომლებიც ამ წელს გაცრუვდა და აქტივობები, რომლებისთვისაც კორონა გრინჩი გამოდგა, ანუ როგორი დიდი გეგმებით დაიწყო და როგორ უჩვეულოდ სრულდება 2019-2020 სასწავლო წელი - ჩვენ პანდემიური შეჯამება მოგიმზადეთ, რომელსაც პირობითად ტრენდული შესატყვისიც შეგვიძლია მივუსადაგოთ: რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა

სასწავლო წლის დაწყება მიხეილ ბატიაშვილმა მოგვილოცა, წელს კი მიხეილ ჩხენკელი გვაცილებინებს. მიხეილი მიხეილმა შემოდგომით ჩაანაცვლა - ბატიაშვილმა პოსტი 7 ნოემბერს დატოვა, ზუსტად ექვს დღეში, 13 ნოემბერს ჩხენკელი, თანაც ამ თანამდებობაზე მეორედ დაინიშნა. მინისტრის ცვლილებამ წლის გეგმის რაკურსი როგორ შეცვალა რთული სათქმელია, რადგან მეორე სემესტრის დიდი ნაწილი სრულად დაუგეგმავად წარიმართა. პანდემიამ სასწავლო რუტინა სრულად შეცვალა. მასწავლებლები საკლასო ოთახების შეღების ნაცვლად, „თიმსში“ შექმნილ ვირტუალურ ჯგუფებში ვიდეოქოლით ესალმებოდნენ მოსწავლეებს, ონლაინ უხსნიდნენ გაკვეთილებს და დავალებებსაც ელექტონულად იბარებდნენ. თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი იყო: 

საპენსიო ასაკის პედაგოგების ჯილდოთი გაცილება - სწორედ დამსახურებული მასწავლებლების მიღება და მადლობის გადახდა იყო, ბატიაშვილის ბოლო დიდი შეხვედრა. პირველ ჯერზე, სკოლიდან 6 450 საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგი წავიდა, თითოეულმა მათგანმა ჯილდოდ, 2 წლის ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნებული ჯანმრთელობის დაზღვევა მიიღო. მალევე დაიწყო მეორე ეტაპი, მაშინ პროფესიიდან წასვლის სურვილი 2420 პედაგოგმა გამოთქვა. საერთო ჯამში, სკოლა 8 870 მასწავლებელმა დატოვა

მათი წასვლით კი სისტემაში ახალი კადრები - 2400 ახალი მასწავლებელი შემოვიდა. დანარჩენი გათავისუფლებული საათები კი სკოლების სხვა პედაგოგებზე გადანაწილდა.

150 ლარით გაზრდილი ხელფასით ასრულებენ მიმდინარე წელს მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები. მომატებული ანაზღაურება მათ ანგარიშებზე გასული შემოდგომიდან ერიცხებათ. ამავე ოდენობით უნდა გაიზარდოს სტატუსიანი პედაგოგების დანამატი 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისიდან. ხელფასების ზრდა 2022 წლამდე გაგრძელდეს და 1800 ლარამდე მიაღწიოს. ზოგადად კი, პედაგოგის ხელფასი სტატუსის, საათობრივი დატვირთვისა და განათლების მიხედვით ანგარიშდება. 

სასკოლო რუტინულ კალენდარში, მორიგი საყურადღებო ამბავი მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდა იყო, რომელიც გამონაკლისის სახით დამატებით ჩატარდა და მეორე შანსი იყო პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის. ამ ტესტირების შედეგები ციფრებში ასეთია: მასწავლებლობის 2 293-მა მსურველმა საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა, საგამოცდო ზღვარი კი მასწავლებლობის 7 882-მა მსურველმა ვერ გადალახა. სულ დარეგისტრირდა 26 606 აპლიკანტი. აქედან, მასწავლებლობის მაძიებელი იყო: 11 704, პრაქტიკოსი მასწავლებელი კი - 14 902. დარეგისტრირებული 26 606 აპლიკანტიდან გამოცდაზე 22 364 გამოცხადდა, აქედან, მასწავლებლობის მაძიებელი იყო: 10 175 და 12 189 კი - პრაქტიკოსი მასწავლებელი.

გამოცდებს მასწავლებლები ამ ზაფხულსაც აბარებენ. რეგისტრაცია დასრულებული, ტესტირების თარიღები კი ჯერ ისევ უცნობია. 

იანვრიდან პრაქტიკოს პედაგოგებს დროებითი კონტრაქტები უნდა გაფორმებოდათ, მათ საათებზე კი ვაკანსიები უნდა გამოცხადებულიყო. მაგრამ ახალ წლამდე სკოლებმა წერილი მიიღეს, საიდანაც გაირკვა რომ აღნიშნული მასწავლებლები სკოლაში მუშაობას სექტემბრამდე ჩვეულებისამებრ გააგრძელებდნენ. მასშტაბურმა რეფორმამ კვლავ გადაიწია და არც ისა გამორიცხული ეს ბოლო გახანგრძლივება არ გამოდგეს. აღნიშნულის შესახებ ჩვენ გასული წლის შეჯამებაშიც ვწერდით.

გაუქმდა კრედიქტულების დაგროვების სისტემა, რასაც ბოლო წლებში პედაგოგებმა უამრავი დრო და ენერგია დაუთმეს. ახლა კი მასწავლებლებლები ახალი რეგულირების წესის მოლოდინში არიან, რომელიც ჯერ კიდევ თებერვალში უნდა დამტკიცებულიყო. დოკუმენტის ამოქმედებით შესაძლოა, დამატებითი სიახლეებიც შევიტყოთ. 

2019 წელს დაინერგა და ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ნაკადის კურსდამთავრებული ჰყავს „მასწავლებლის ეროვნულ სკოლას“. პროექტი მასწავლებლის სახლს ეკუთვნის და მიზანი მცირეკონტიგენტიანი და მაღალმთიანი სოფლის სკოლებისთვის პედაგოგების მომზადებაა. უფასო მომზადების პროგრამა 1 758 კურსდამთავრებულიდან წარმატებით 1 464-მა დაასრულა და მათ სკოლაში მუშაობის დაწყების შემდეგ ხელფასზე 300 ლარიანი დანამატი ექნებათ. ამასთან, ითქვა, რომ პროგრამა „მასწავლებელთა ეროვნული სკოლა“ მიღებას 2020 წელსაც გამოაცხადებს, თუმცა, მეორე ნაკადის მიღება ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. 

გასულ წელსვე დაანონსდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია „დირექტორთა სკოლის“ მომავალი. პროგრამაზე სწავლება რამდენიმე თვიანი უნდა იყოს, მასწავლებლის სახლის განმარტებით ისინი დირექტორების სრულიად ახალ სტანდარტებზე მუშაობენ, რომელიც ქართული სკოლების საჭიროებებზე იქნება მორგებული. 

დაუზუსტებელია ჩატარდება თუ არა დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების გამოცდა, რომელიც 6 და 7 მარტს იყო ჩანიშნული. სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე სამი თვეა სტანდარტული განცხადებაა გამოქვეყნებული. 

ამ სასწავლო წლიდან, ახალი პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ დანერგვა დაიგეგმა, რაც მე-4 და მე-6 კლასებში ელექტრონულ ტესტირებას გულისხმობს. თუმცა პროექტის ფარგლებში საცდელი ტესტირებები მე-5 და მე-7 კლასებში ჩატარდა, რადგან მათ უკვე სრულად ჰქონდათ გავლილი მე-4 და მე-6  კლასების სასწავლო პროგრამა. თუმცა, პროექტის პილოტირება, რომელიც მაისში 300-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის უნდა ჩატარებულიყო, დღეის მდგომარეობით გაუქმებულია. 

იდეის დონეზე გაცხადდა და ჯერჯერობით რეალობაში დანერგვისკენ პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა კლასში მასწავლებლების ასისტენტებად სტუდენტების შესვლისკენ. ინიციატივა მარიამ ჯაშს ეკუთვნის და როგორც თავად განმარტავდა, ორწლიანი პროგრამა გათვლილი იქნება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზე. ამასთან, თუ პროექტი განხორციელდება, მსურველებმა შესაძლოა სიმბოლური ანაზღაურებაც კი მიიღონ, პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად. 

რაც შეეხება იანვრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. გარდა იმისა, რომ სკოლებში მასშტაბური ვაკანსიები არ გამოცხადდა და დასაქმებული პრაქტიკოსები ახალმა კადრებმაც მასობრივად არ შეცვალეს, ბევრი სხვა გეგმაც ჩაიშალა. მათი უმრავლესობა კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება.

2020 წელს მასწავლებლებისთვის ახალი ტიპის გამოცდა უნდა ჩატარებულიყო, რომელიც საშუალებას მისცემდა უფროს პედაგოგებს, ერთი საფეხურის გამოტოვებით აემაღლებინათ სტატუსი და მენტორები გამხდარიყვნენ. ინიციატივა მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საჯაროდ დაანონსა, მაგრამ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მალევე უარყო, რადგან მათი ცნობით, მსგავსი ტიპის გამოცდა 2020 წლის ზაფხულში ვერ მოესწრებოდა.  

ვერ მოესწო ვერც 5-კრედიტიანი პროგრამა, რომელიც პრაქტიკოსებს უფროსის სტატუსს მოუტანდა. მართალია ტრენინგზე რეგისტრაცია დიდი ხნის წინ დასრულდა, მაგრამ არდადეგები ისე იწყება, რომ მისი ჩატარების თარიღი კვლავ გაურკვეველია. 

ჯერ დაპირებულ და შემდეგ ვერ შესრულებულ სიახლეების სიაშია გამოცდის შედეგების გაუქმება-არგაუქმება. მასწავლებელთა სახლმა ჯერ განაცხადა, რომ ზაფხულის გამოცდაზე გასვლის შემთხვევაში, პრაქტიკოს პედაგოგებს წინა გამოცდების შედეგები არ გაუუქმდებოდათ და მათ შორის უკეთესის არჩევის საშუალება ექნებოდათ. თუმცა გამოცდისთვის რეგისტრაციის დაწყებისას შევიტყვეთ, რომ სიახლე არ იგეგმება და წინა კრედიტქულები ავტომატურად გაუუქმდებათ.

ამასთან, 50%-იანი ბარიერი ექნებათ გადასალახი გამოცდაზე იმ მასწავლებლებს, რომლებიც უფროსის სტატუსის მიღების შემდეგ, კარიერულ წისვლას განაგრძნობენ. უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის სტატუსის ამაღლება სავალდებულო არ იქნება, თუმცა თუ სტატუსის ამაღლებას გადაწყვეტენ, გამოცდა 50%-იანი ზღვარით უნდა ჰქონდეთ დაძლეული. პროფესიაში შესასვლელად და სტატუსის ასამაღლებლად გამოცდა აუცილებელი პირობა იქნება.

პანდემიამ სხვა უამრავ მოქალაქესთან ერთად, უფროსი სტატუსის ის მასწავლებლებიც ძალიან დააზარალა, ვისაც მცირედი აშორებდა წამყვანობის სტატუსს. დაგეგმილი გარე დაკვირვება, ახალ სასწავლო წლამდე გადავადდა, მომატებული ხელფასის მისაღებადაც კი იდიალურ შემთხვევაში, იანვრამდე მოცდა მოუწევთ. მათ უკვე ჩანიშნული გარე დაკვირვების გავლა, სკოლებში სწავლის შეწყვეტის გამო ვერ შესძლეს.  

სკოლის კარი 2 მარტს დაიკეტა და ბოლო სასწავლო დღესაც ბოქლომით ხვდება. არდადეგების ნაადრევად დაწყებისას, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საკლასო ოთახში დაბრუნებას წლის ბოლომდე ვერ შეძლებდნენ. თუმცა, ახლაც არვინ იცის ახალ სასწავლო წელს თუ მაინც შეაღებენ მშობლიური სკოლების კარებებს. რაც შეეხება უკვე განვლილ მეორე სემესტრს, დისტანციურ სწავლებას მასწავლებლებმა თავი წარმატებით გაართვეს, კომპიუტერებსა თუ ინტერნეტთან დამეგობრდნენ და აკადემიური წელიც თავიდან ააცილეს სისტემას. 

ვერც მე-12 კლასელები იფიქრებდნენ, რომ ბოლო ზარს ვერ დარეკავდნენ. მათ სკოლასთან და მაშასადამე, ბავშვობასთან დამშვიდობება ვირტუალურად, „ზუმში“ მოუწიათ და საბანკეტო წვეულებასაც იმედი ვიქონიოთ, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მაინც მოიწყობენ. 

მათდა საბედნიეროდ, ეროვნული გამოცდები მაინც არ გააუქმა კორონავირუსმა. თუმცა ტესტირებაზე მათ დამატებითი წესების დაცვა მაინც მოუწევთ.  პირბადე, თერმოსკრინინგი, დისტანცია მაგიდებს შორის, გამჭვირვალე ბარიერები მაგიდებზე, გამორთული კონდიციონერები, ალტერნატივები სიცხიანი აბიტურიენტებისთვის - ეს ნაწილია ახალი პროტოკოლის, რაც ეროვნულ გამოცდებზე დაწესდა

მანამდე კი, ანტიკრიზისული გეგმა განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა. წლიური ნიშნის გამოყვანის შეცვლილი სქემა - ეს იყო მთავარი სიახლე, რომელიც სკოლებმა ამ გეგმიდან გაიგეს. წლიური ნიშნის სქემა სხვადახვა კლასებისთვის განსხვავებულია. ხოლო თუ ნიშნის ამაღლების სურვილი ექნებათ, მოსწავლეები ახალი წლიდან, კომპლექსური დავალებების შესრულებით შეძლებენ.  

ვერ შედგა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალიც. თარიღის რამდენიმეჯერ გადაწევის შემდეგ, წლის ბოლოს აღმოჩნდა, რომ წელს საერთოდ არ ჩატარდება.

გარდა სკოლისა, კრიზისმა საკუთარი წესები დააწესა უმაღლეს და პროფესიულ განთლებაშიც. აქაც 2 მარტიდან შეწყდა სწავლა. თუმცა სტუდენტებს ონლაინ ლექციები უტარდებოდათ, ხოლო გამოცდებს უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული წესებით ჩააბარებენ. 

პროფესიული განათლებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა იყო ჩხენკელისთვის მიღებული პირველი დავალება პრემიერისგან, თუმცა პანდემიამ პროფესიული სწავლება სრულად გააჩერა. სწორედ ეს იყო განათლების ერთადერთი მიმართულება, სადაც დისტანციური სწავლება სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. მაგრამ კრიზისამდე მოესწრო პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ერთი საათის ანაზღაურების 15 ლარამდე გაზარდა.

სულ ბოლო ცვლილება, რაც პანდემიამ განათლებაში შეიტანა - ფინანსებია. კრიზისის გამო შეკვეცილი ბიუჯეტით, სამინისტროს დაფინანსება 127 705.2 ლარით მცირდება. ხარჯების ნაწილი შემცირებულია 89,6 მლნ ლარი, ხოლო კაპიტალური ხარჯები 38,1 მლნ ლარი. თუმცა, კონკრეტულად რაზე და რა თანხა დაიხარჯება, ამას მოგვიანებით გავიგებთ. 

ასე, რომ სკოლის პირველ დღეს პედაგოგებისთვის მირთმეულ თაიგულებს, ბოლო სასწავლო დღეს ყვავილებიანი გიფები თუ შეცვლის. პირველი ზარი ახალ სასწავლო წელს სკოლაში დაირეკება თუ ისევ ვირტუალურ საკლასო ოთახებში შეხვდებიან მასწავლებლები მოსწავლეებს, ეპიდსიტუაციასა და ეპიდემიოლოგების ვერდიქტზეა დამოკიდებული. თუმცა, რა გადაწყეტილებაც არ უნდა მიიღოს უწყებამ, ფაქტია, რომ სკოლაში საკანცელარიო ნივთებს მთავარი ატრიბუტი პირბადე დაემატება, კომუნიკაცია კი სოციალური დისტანციის დაცვით იქნება საჭირო. ამ ორი წესის გარდა, უამრავი ცვლილების შესახებ ვრცელდება ხმები: ორ ცვლად გადაწყობილი სკოლები, გაყოფილი კლასები, გაზრდილი სამუშაო საათები, განიავებული საკლასო ოთახები, დეზინფექცია და ჰიგიენური წესების მკაცრი კონტროლი. ეს მცირე ნაწილია ვარაუდების, რომლებსაც ახალი სასწავლო წლის პროტოკოლში განიხილავენ. მათგან რა გავრცელდება და რა არა, ან გახდება თუ არა საჭირო ახალი პროტოკოლის ამოქმედება, სექტემბერში შევიტყობთ. მანამდე კი წლიური ნიშნების წარმატებით გამოყვანას და ბედნიერ შვებულებას გისურვებთ. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

არ მოითხოვს ფულს, არამედ მხოლოდ სურვილსა და შემოქმედებით მიდგომას 

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება