სკოლები გრიფირებულ სახელმძღვანელოებს 22 ივნისიდან აირჩევენ - IX კლასის წიგნების გრიფირების დაწყების პერიოდიც ცნობილია
გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის შესაძლებლობა სკოლებს 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ექნებათ, რის შემდეგაც ახალი სახელმძღვანელოები დაიბეჭდება, ყველა საჯარო სკოლაში დარიგდება და თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების
გრიფირების პროცესი დასრულდა. განათლების მინისტრის 2019 წლის ბრძანების საფუძველზე, მერვე კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მნიშვნელოვანი სიახლეებით წარიმართა:
შეფასების პირველი ეტაპის გადალახული სახელმძღვანელოების ავტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ რეცენზენტებს და გარდა წერილობით მიღებული შენიშვნებისა და წინადადებებისა, მათგან უშუალოდ მიეღოთ დეტალური რეკომენდაციები არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სახელმძღვანელოების გასაუმჯობესებლად;
ხარისხის გაზრდის მიზნით, აიწია გადასალახი ბარიერი და ნაცვლად 79%-ისა, წელს გახდა 90%-ზე მეტი;
ხარისხის სასარგებლოდ შეიცვალა ხარისხისა და ფასის წონის თანაფარდობა სახელმძღვანელოს საბოლოო ქულის გამოყვანისას (მანამდე თანაფარდობა იყო 90% - ხარისხი და 10% - ფასი, წელს არის 95% - ხარისხი და 5% - ფასი);
გაორმაგდა საბაზისო და ელექტრონული რესურსისთვის გასაცემი ერთჯერადი ჰონორარები; ასევე, გაიზარდა მოსწავლის წიგნის ნაბეჭდი ეგზემპლარისთვის გასაცემი ჰონორარი.
ახალი სახელმძღვანელოები შეფასდა როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის, ასევე შინაარსობრივი, სტრუქტურული და ენობრივი გამართულობის, სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან, ასევე მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
სახელმძღვანელოებს აფასებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები; შემფასებელთა ჯგუფში შედიოდნენ როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, კურიკულუმის ექსპერტი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით.
სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობით, გრიფირების პროცესში სახალხო დამცველის რეკომენდაციით ჩაერთვნენ სპეციალისტები, რომლებმაც სახელმძღვანელოები შეაფასეს სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, რამდენადაა დაცული გენდერული ბალანსი ტექსტებსა და ილუსტრაციებში; რამდენად თავისუფალია სახელმძღვანელო სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული ელემენტებისგან; რამდენადაა გათვალისწინებულია მდგრადი განვითარების პრინციპები და სხვა.
სხვადასხვა საგანზე გაკეთებული 58 განაცხადიდან საბოლოოდ გრიფი 30-მა სახელმძღვანელომ მიიღო.
გრიფირებული სახელმძღვანელოები ვერ შეირჩა შემდეგ საგნებში: გეოგრაფია (VIII კლასი); რუსული (VIII კლასი); ქართული, როგორც მეორე ენა (VII კლასი).იმ საგნებში, რომელზეც განაცხადები არ შემოსულა, ან ვერ შეირჩა IX კლასის სახელმძღვანელოებთან ერთად გრიფირება მომავალ წელს თავიდან გამოცხადდება.ელექტრონული რესურსების გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გამომცემლობებს შორის თანამშრომლობა გრძელდება. ამ ეტაპზე გამომცემლობების უმრავლესობამ გრიფირებული ელექტრონული სახელმძღვანელოები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის დროებით ხელმისაწვდომი გახადა.
აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ უკვე დაიწყო დასრულებული გრიფირების პროცესის ანალიზი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენისა და სახელმძღვანელოების შეფასების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით და მზადაა გამომცემლების, ავტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისგან მიიღოს კონკრეტული წინადადებები, შენიშვნები და რეკომენდაციები.