მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ვერიკო სებისკვერაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც თავისი მოსწავლეების, თავისი საყვარელი გოგო-ბიჭების მიმართ დიდი მონატრება, სითბო და სიყვარული გამოხატა და მომავალ 2020-2021 სასწავლო წელს ახმაურებულ სკოლის კედლებში შეხვედრა უსურვა.
უცვლელად გთავაზობთ პედაგოგის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს.
„(ღია წერილი ჩემს მოსწავლეებს და არა მარტო მათ...)
მიუხედავად იმისა, საგაზაფხულო არდადეგები ვადაზე ერთი კვირით ადრე დაგვეწყო და მეექვსე კლასელმა ბარბარემაც ჩემი დაბადების დღე კლასთან ერთად ათი დღით ადრე მაზეიმა...
მიუხედავად იმისა, უკვე მძვინვარებდა მსოფლიოში ვირუსი და ჩვენც, როგორც მსოფლიოს ნაწილს, პირდაპირ თუ ირიბად შეგვეხო...
მიუხედავად იმისა, უკვე ზომებს იღებდა ყველა სახელმწიფო და საგანგებო რეჟიმში გადადიოდა...
მაინც არ დამიშვია აზრი, რომ ისე გავასრულებდით სასწავლო წელს,კლასში ვეღარ შევიხედებოდით, ვეღარ შეგვხვდებოდით, პირადად ვერ გეტყოდით იმას,რისი თქმაც მენდომებოდა,ვერ დავინახავდი,თქვენს გაცისკროვნებულ, სიცოცხლით სავსე მშვენიერ თვალებს, ვერ ვისაუბრებდით, ვითამაშებდით, ვიკამათებდით რომელიმე პერსონაჟსა თუ მოვლენაზე...
ძალიან მცირე დროში იმდენი ვერა და არა დაგროვდა, იმდენი საფიქრალი და საზრუნავი ჩაგველექა სულსა და გულში, ძნელი იყო რაიმე დადებითი მოგვეძებნა. ამ მცირე დრომ მოახერხა და მოგვწყვიტა ერთმანეთს ადამიანები, მათ შორის ჩვენც, მასწავლებელ-მოსწავლეები. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სიძნელეც გადავლახეთ და ისევ შემართებით შევუდექით უკვე „ონლაინ-გაკვეთილებს“.
სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიჭირდა, არა იმდენად ტექნიკასთან მუშაობა, ან რაიმე სიახლის ათვისება,(ამის დასაძლევად არაჩვეულებრივი ადამიანები გვედგნენ გვერდით) არამედ ის,რომ ვერ მოვდიოდი სკოლაში, ვერ გხედავდით, ვერ ვხედავდი თქვენგან აჟრიამულებულ სკოლის ეზოს, დერეფნებსა თუ საკლასო ოთახებს, ვერ შემოვდიოდი საკლასო ოთახში, ვერ ვინაცვლებდი მერხიდან მერხთან და ვერ გისვამდით თავზე ხელს, ვერ გეუბნებოდით სიტყვებს-ხან თბილსა და ტკბილს, ხანაც ხმამაღალსა და ბრაზმორეულს ...
ამის ნაცვლად ვრთავდით „ლეპტოპს“, ვსხდებოდით მაგიდასთან და ვიწყებდით ,,ინვალიდ გაკვეთილებს’’(ასე შევარქვი მე მათ) და ისე იწურებოდა საგაკვეთილო დრო, მხოლოდ ხმა მესმოდა თქვენი. ვერც გაძალებდით, ჩაგერთოთ კამერა და თუ თავადვე ჩართავდით, ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიყავი, თქვენი დამნახავი...
განვიცდიდი უთქვენობას, რადგან ისე, როგორც ადრე, ვეღარ ვგრძნობდი თქვენს დარდსა და სიხარულს, ვეღარ ვხედავი, როგორ იზრდებოდით, იყრიდით ტანს, მშვენდებოდით, სრულდებოდით და ეს მაშფოთებდა, ამიტომაც იყო, რამდენჯერმე ისე ამიჩუყდა გული, ჩემი კამერა გამოვრთე და ჩუმად მოვიწმინდე ცრემლი, თუმცა ვგონებ მაინც ვერ დავმალე გაბზარული ხმა.
ყველაზე მეტად თქვენთან ასეთ რეჟიმში დამშვიდობება გამიჭირდა, ყველა ღონე თუ ხერხი გამოვიყენე, ეს არ მექნა, რადგან ჩემს ძალებს აღემატებოდა, არ მინდოდა, კიდევ ერთხელ გულაჩუყებული დაგენახეთ ეკრანს მიღმა, არ მინდოდა, ხასიათი გამეფუჭებინა თქვენთვის. თუმცა, მაშინვე ჩავუთქვი, რომ მოგწერდით წერილს და გეტყოდით ჩემს სათქმელს, გეტყოდით იმას, რასაც ვგრძნობ და განვიცდი ზოგადად და კონკრეტულად ...
თქვენ იცით, როგორ მიყვარს ჩემი პროფესია და ჩემი საგანი,იცით,არავის ეპატიება მშობლიური ენის აბუჩად აგდება, იცით, ქართული მხოლოდ სახელმწიფო ენა ან საგანი კი არა,სულია და გული,სისხლია და ოფლი,ჩვენი წინაპრების დაღვრილი,ამიტომ ამ მხრივ მშვიდად ვარ,რადგან მჯერა,იმ წინაპრებს ღირსეული მემკვიდრეები ეზრდებით.
ისიც იცით,ნიშნის გამო კი არა,ცოდნის გამო უნდა ისწავლოთ და ისიც,თქვენთვის ნიშანი კი არა სიცოცხლეც არ დამენანება. ამიტომ შეგიძლიათ წყნარად დაისვენოთ, ბევრი იკითხოთ, ირბინოთ, იმხიარულოთ და, რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელები დამეზარდოთ...
არ მიყვარს არდადეგების დროს სკოლაში სიარული, განა იმიტომ, მეზარება, უბრალოდ, ჩაყუჩებულ, გარინდებულ სკოლას ვერ ვიტან, მეშინია უთქვენო სკოლის, აუხმაურებელი კედლებისა, ვითრგუნები...
ჰოდა, იმ დღეს პირველად რომ მივედი გარინდებულ სკოლაში,ყველა კლასი შემოვიარე, რომელშიც გაკვეთილები უნდა მეტარებინა ამ თვეების მანძილზე და თქვენთან ერთად ვყოფილიყავი. შევედი და გავჩერდი მასწავლებლის მაგიდასთან, გადავხედე ცარიელ მერხებს და გონების თვალით აღგიდგინეთ თითოეული თქვენგანი. მერე უხმოდ მოგვეფერეთ და დაგვემშვიდობეთ იმ იმედით, რომ ვერასოდეს ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს ...
ჩემო მონატრებულო გოგო-ბიჭებო, ეს წერილი გეძღვნებათ თქვენ უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით, გემშვიდობებით სულ რაღაც სექტემბრამდე და გელოდებით არა კომპიუტერებთან, არამედ მერხებთან, ახმაურებული სკოლის კედლებში...
მიყვარხართ უზომოდ, მარად თქვენი ვერიკო მასწავლებელი“,- წერს პედაგოგი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო ბოშების ისტორიის, კულტურის და ტრადიციების გაცნობა
მასწავლებელი - ლეილა არჩემაშვილი მწერლის შემოქმედების უკეთ გაცნობის მიზნით, გაკვეთილებზე ხშირად იყენებს სხვადასხვა აქტივობას
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...