მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო სკოლის დირექტორები პედაგოგებისთვის დამატებითი ელექტრონული რესურსების შექმნას მიესალმებიან. როგორც დირექტორები აღნიშნავენ, ამ ეტაპზე, პედაგოგებისთვის პრობლემა ძირითადად აღნიშნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობაა - მასწავლებელთა ნაწილს არ აქვს სათანადო ელექტრონული მოწყობილობები და ფიზიკურად ვერ ახერხებს აღნიშნული რესურსების გამოყენებას.
იყო თუ არა დისტანციური სწავლების პერიოდში მასწავლებლებისთვის საკმარისი ელექტრონული რესურსები და რამდენად ხელმისაწვდომი იყო მასალები მათთვის? - გთავაზობთ, საჯარო სკოლის დირექტორების და წარმომადგენლების შეფასებებს:
ასპინძის მუნიციპალიტეტის ზველის საჯარო სკოლის დირექტორი მაგდანი ლაცაბიძე:
„შემიძლია გითხრათ, რომ მასწავლებლები შესაძლებლობის მიხედვით იყენებდნენ ელექტრონულ რესურსებს. რამდენადაც მათ ამაზე ხელი მიუწვდებოდათ. დიდ ნაწილს აქვს ნოუთბუქი, მაგრამ არის მასწავლებლების მცირე კატეგორია, რომელსაც კომპიუტერიც კი არ აქვს, მესინჯერით ახერხებდნენ მოსწავლეებთან დაკავშირებას და ასე ასწავლიდნენ.
სხვათაშორის მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ დისტანციური სწავლება თუ გაგრძელდა ლეპტოპების ყიდვა მოუწევთ. რესურსცენტრებმა გრანტის სახით გამოუყვეს თანხა მოსწავლეებს ინტერნეტის გასააქტიურებლად, თუმცა პედაგოგების ინტერნეტზე და მათ ელექტრონულ რესურსზე სამწუხაროდ არავის უზრუნია“.
იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლის დირექტორი ბულბული მგელაძე:
„დისტანციური სწავლება შეძლებისდაგვარად კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ჩვენ აჭარის მაღალმთიან რეგიონში ვართ და ინტერნეტის პრობლემა გვაქვს. ხან ჭედავდა, ხან ძალიან ნელი იყო, ამას ისიც ემატებოდა, რომ ოჯახების ნაწილში შესაბამისი ტექნიკა არ აქვთ. არც ტელეფონებს ფლობენ ისეთს, რომ მაღალი სიხშირე დაიჭიროს. მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც ყველანი ჩართულნი იყვნენ დისტანციურ სწავლებაში, ცალკე „ტელესკოლა“ გვეხმარებოდა და ზოგადად, მოსწავლეებთან კომუნიკაცია უფრო ხერხდებოდა „მესინჯერით“. „Teams“-ის პროგრამაშიც ვიყავით დარეგისტრირებული და სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც უფრო მოსახერხებელი იყო იმას ვიყენებდით.
მასწავლებლები საკმაოდ კარგად გაერკვნენ დისტანციური სწავლებისას გამოსაყენებელ პროგრამებში. მე მადლობა გადავუხადე ჩემ პედაგოგებს, რომ ასე მალე აითვისეს ეს პროგრამები. ძალიან მოინდომეს და დიდი შრომა გასწიეს, რომ ბავშვები სწავლის და განათლების გარეშე არ დარჩენილიყვნენ“.
ხონის მუნიციპალიტეტის ხიდის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა უგულავა:
„ჩვენთან მდებარეობის გამო შედარებით ჭირდა ინტერნეტის გამო დაკავშირება, თუმცა ჩვენი მასწავლებლები სხვადასხვა საშუალებით მაინც ახერხებდნენ მოსწავლეებთან კომუნიკაციას. რაც შეეხება უშუალოდ ელექტრონულ რესურსებს, თუ უფრო მეტი იქნება და დაემატება, მისასალმებელი იქნება და უფრო სრულყოფილად წარიმართებოდა ეს პროცესი. რესურსების მრავალფეროვნება დისტანციური სწავლებისას პედაგოგებსაც უფრო დაეხმარებოდა“.
მარნეულის მუნიციპალიტეტის დიდი მუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ტურძელაძე:
„დამატებითი რესურსები საჭიროა და ამის დიდი მარაგი უნდა არსებობდეს. პირადად მე დიდ დროს ვუთმობდი ამ რესურსებს, რადგან ყველა კლასს ვთავაზობდი შესაბამის ვიდეოს, ვამუშავებდი ამ რესურსებს და ისე ვაწვდიდი. ყველაზე დიდი პრობლემა კი ხელმისაწვდომობა იყო.
ძალიან კარგად უნდა იყოს ყველა სკოლაში სიტუაცია გამოკვლეული - ბავშვების და მასწავლებლების ხელმისაწვდომობა და რამდენად აქვთ მათ ამ რესურსების გამოყენების საშუალება. თუ შემოდგომაზე ისევ ასეთი სიტუაცია შეიქმნება მზად უნდა იყოს ეს მონაცემები და უზრუნველყოფილი ყველა მოსწავლე“.
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის დირექტორი კახაბერ ჩიხელიძე:
„ვფიქრობ, ამ მხრივ, დანაკლისი ნამდვილად არ ყოფილა. საკმაოდ მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები იყო მასწავლებლებისთვის შეთავაზებული, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ და იყენებენ პედაგოგები“.
ქარელის მუნიციპალიტეტის ატოცის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ქოჩიშვილი:
„მასწავლებლებს არ მიუწვდებათ ხელი ელექტრონულ რესურსებზე, ვინაიდან არ აქვთ ინტერნეტი. ატოცის ტერიტორიაზე ინტერნეტის დაფარვა პრაქტიკულად არ არის. მოსწავლეებსაც არ აქვთ კომპიუტერი და ძალიან გაგვიჭირდა დისტანციური სწავლება. უჭირდათ ინტერნეტის ტელეფონზე გააქტიურებაც, რადგან არ არის ჩასარიცხი აპარატები და ხელი არ მიუწვდებათ. ჩვენ მაგალითად, უფრო ტელეფონით ვახერხებდით კომუნიკაციას“.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბეითარაბჩის საჯარო სკოლის დირექტორი ია ფუტკარაძე:
„ვფიქრობ დამატებითი რესურსების შექმნა ძალიან კარგი იდეაა. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ვისაც ინტერნეტი ჰქონდა მათთვის რესურსიც ხელმისაწვდომი იქნებოდა“.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ჭელის საჯარო სკოლის დირექტორი გია ჩიხრაძე:
„ელექტრონული რესურსები ხელმისაწვდომი იყო ყველა მასწავლებლისთვის და დისტანციური სწავლა შეუფერხებლად მიმდინარეობდა. რესურსები ვფიქრობ საკმარისი იყო, თუმცა გარკვეული ხარვეზები, რა თქმა უნდა, იჩენდა თავს. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ზოგადად დამაკმაყოფილებელი იყო ეს რესურსები“.
მარნეულის მუნიციპალიტეტის არაფლოს საჯარო სკოლის დირექტორი ელისო პაპასქუა:
„რა თქმა უნდა, კარგია თუ დამატებით იქნება. მე თავადაც ვქმნი რესურსებს, მაგრამ სხვა რესურსები მისასალმებელია და საჭიროა. რაც უკვე არსებობს ის ხელმისაწვდომია თავისთავად და ამის პრობლემა არ უნდა ჰქონოდათ პედაგოგებს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.