მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა. მთავრობის დადგენილებით მასწავლებლის ყველაზე დაბალი სტატუსად უფროსი, ხოლო ყველაზე მაღალ სტატუსად კვლავ მენტორი რჩება. პრაქტიკოსის სტატუსი კი გაუქმდა.
ბრძანებაში გაწერილია ბაზაზე მასწავლებლის პროფესიული ვალდებულებები და ის აქტივობები, რომლებიც პედაგოგებმა სტატუსის ცვლილებისთვის უნდა განახორციელონ.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებლის პროფესიული ვალდებულებებია:
ა) სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენა;
ბ) საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება);
გ) თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და საგნობრივი სასწავლო გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა;
დ) ყოველი სემესტრის/სასწავლო წლის ბოლოს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების/სტრატეგიების შედეგების განხილვა, რის შედეგადაც დირექტორისგან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იღებს განმავითარებელ უკუკავშირს;
ე) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინგკურსის/კურსების გავლა:
ე.ა) უფროსი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 20 საკონტაქტო საათი;
ე.ბ) წამყვანი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 12 საკონტაქტო საათი;
ე.გ) მენტორი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 6 საკონტაქტო საათი;
ვ) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, პროფესიული განვითარების სხვა აქტივობის/აქტივობების განხორციელება;
ზ) კოლეგებთან თანამშრომლობა სასკოლო კულტურის განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად;
თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისას ეთიკური ნორმების დაცვა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აკვირდება მასწავლებლის საქმიანობას (მათ შორის, საგაკვეთილო პროცესს), აფასებს და აძლევს განმავითარებელ უკუკავშირს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უფროსი მასწავლებელის შემთხვევაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აკვირდება 3 და მეტ გაკვეთილს (საჭიროებიდან გამომდინარე), წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში – არანაკლებ 2 გაკვეთილს, მენტორი მასწავლებლის შემთხვევაში კი – არანაკლებ 1 გაკვეთილს.
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
უფროსი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის მიწოდებული მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და გამოცდაში მიღებული ქულა) საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ, რის შესახებაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
წამყვანი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს:
ა) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას;
ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს:
ბ.ა) გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილისშემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
ბ.ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.
სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.
მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.
წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დაწესებულ ზღვარს. პირს გამოცდაზე მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, პირს უფლება აქვს, მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი.მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება:
მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:
ა) მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას;
ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს;
ბ.ა) გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
ბ.ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.
სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია ამ სქემის მე-4 მუხლითა და მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.
მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება ამ სქემის მე-4 მუხლით და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.
ამ სქემის მე-4 მუხლითა და მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები განთავსებული უნდა იყოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.
მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს. პირს მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მას უფლება აქვს მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი.
მასწავლებლის შეფასებას პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის თითოეული კომპონენტი ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... - პრემიერი განათლების სისტემაზე საუბრობს
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
მოსწავლეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს