მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიხაურის საჯარო სკოლის მე-12 კლასელები დირექტორს და მასწავლებლებს დისტანციურად, ვიდეორგოლით და ვრცელი წერილით გამოემშვიდობნენ. მოსწავლეებმა სკოლაში მისვლის პირველივე წლიდან ყველაფერი გაიხსენეს და პედაგოგებს მიმართეს:
„...და აი, 12 წელიც გავიდა...მოდი, გავიხსენოთ, თუ როგორი დაუვიწყარი დღეები, სასიამოვნო წუთები, საოცარი წლები და მეტად ტკბილი მოგონებები გვაკავშირებს ერთმანეთთან. ერთად გატარებული მშვენიერი დრო, დრო, რომელიც მუდამ გვემახსოვრება და ამოუშლელი იქნება ჩვენი ცხოვრებიდან.
ხშირად ამბობენ, რომ „დრო მიდის, კადრები კი რჩება“. დიახ, ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. გაირბინა უამრავმა მშვენიერმა წელმა, დრო გავიდა, თუმცა ჩვენ დაგვრჩა ის ღირებული, ძვირფასი მოგონებები, კადრები, რომლითაც იმ დაუვიწყარ დროში და ბავშვობის ულამაზეს წლებში ვბრუნდებით...
გუშინდელ დღესავით გვახსოვს, თუ როგორ შევდგით პირველი ნაბიჯი სკოლის ეზოში, როგორ ვღელავდით, ვნერვიულობდით, გაურკვევლობაში ვიყავით, ამასთან ერთად კი ძალიან გვიხაროდა, ემოციებს ვერ ვმალავდით, რადგან ვიცოდით, რომ სკოლა გახდებოდა ჩვენი მეორე სახლი, ხოლო იქ მყოფი მშვენიერი მასწავლებლები, ჩვენი მეორე მშობლები. დიახ, მივაბიჯებდით გახარებულნი სკოლის კედლებისკენ.
...მაგრამ უეცრად შემოგვეგება ღიმილით აღვსილი ქალბატონი, ჩვენი პირველი მასწავლებელი, საოცარი სულის მატარებელი ქალი- ალნორა ტყაბლაძე ადამიანი, რომელმაც შეგვასწავლა წერა-კითხვა. ამასთან ერთად გვასწავლა ადამიანური ღირებულებები: სითბო, სიყვარული, ერთად ყოფნა, ურთიერთობა, მოკლედ რომ ვთქვათ, ის საოცარი თვისებები, რაც მას გააჩნდა, ერთბაშად ჩვენში დანერგა, თანაც ისე ღრმად, რომ ამ 12 წლის განავლობაში და, რა თქმა უნდა, შემდეგაც გაგვყვება.
გავიდა წლები... დადგა ის დღე, როდესაც მისი ბუდიდან უნდა გავფრენილიყავით. ასეც მოხდა, გავფრინდით და ჩავუსახლდით ჩვენს მეორე დამრიგებელს, ტკბილ, მოსიყვარულე, მზრუნველ და გასაოცარ ქალბატონს - ლეილა ნიკოლაიშვილს.
დიახ, ეს ადამიანი, მართლაც ასეთი გახლავთ. მან ჩვენში ის დადებითი თვისებები კიდევ უფრო გააძლიერა და მეტი შეგვმატა. „წიწილები“ - აი, ასე მოგვმართავდა ლეილა მასწავლებელი. დაგვიძახებდა, ჩვენ კი უკანმოუხედავად გავრბოდით მისკენ. ის ჩვენი პატარა მეგობარი იყო, რომელიც მუდამ გვიგებდა და ჩვენს გვერდით იყო.
ლეილა მასწავლებელო, თქვენთან გატარებული ეს წლები, მართლაც საოცარი იყო. ნათქვამია: „... სიკვდილი სევდაა ადამიანად არ ყოფნის სევდა“. დღეს, როდესაც სკოლას ვამთავრებთ, სამწუხაროდ, ჩვენთვის ერთ-ერთი უძვირფასესი ადამიანი-ნონა მასწავლებელი არ იმყოფება ჩვენ გვერდით. ის ჩვენი სულიერი მეგობარი იყო, რომელიც ყოველთვის იგებდა თითოეული ჩვენგანის ბავშვურ და დაუფიქრებელ საქციელს. ნონა მასწავლებელი არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი სკოლისთვის უტკბილესი და უთბილესი გახლდათ. მან ჩვენში არსებული უარყოფითი თვისებები გააქრო, ჩამოგვაყალიბა ადამიანებად. ყოველი დღე ქალბატონი ნონას ღიმილით იწყებოდა. ნონა მასწავლებელო ძალიან ენატრებით თქვენს „ბარტყებსა“ და „მოუსვენარებს“. მადლობელი ვართ თითოეული წამისთვის, წუთისთვის, რაც თქვენთან გვაკავშირებს. დარწმუნებული ვართ, დღეს ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყავით, უბედნიერესი ადამიანი იქნებოდით.
მართალია არ არის ნონა მასწავლებელი, თუმცა ჩვენთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს, ჩვენს გვერდით იმყოფება უსაყვარლესი, უთბილესი, საოცარი ქალბატონი - მარინა გობრონიძე-მალაზონია. ადამიანი, რომელიც სითბოს და სიყვარულს ასხივებს. ადამიანი, რომელმაც ჩვენი დიდი ტკივილი შეამსუბუქა. მარინა მასწავლებელი, ჩვენი „კრასავიცა“ ქალბატონი. ძალიან გვიყვარხართ მას, დიდ პატივს გცემთ, ვიცით ბევრი გაწყენინეთ, თუმცა ახლა გიხდით ყველაფრისთვის ბოდიშს და ამასთანავე უღრმეს მადლობას.
ახლა კი გვინდა გესაუბროთ ჩვენი სკოლის მშვენებაზე, არაჩვეულებრივ ქალბატონ - ირმა მენაბდეზე, რომელიც ლიხაურის საჯარო სკოლის დირექტორი გახლავთ. ალბათ იკითხავთ, თუ რატომ გვაქვს ასეთი თბილი დამოკიდებულება მასთან. სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად ვუცხოობდით, ვერ ვუგებდით, რადგან არ გვესმოდა მისი კარგი განზრახვები. ცოტა გვეშინოდა კიდეც, გაკვეთილიდან გამოქცეულს რომ დაგვინახავდა, მოგვაპყრობდა თავის მკაცრ გამოხედვას და აი, მაშინ კი მართლაც შეცბუნებულები ვიყავით. საქმეში ჩაერეოდა, ეგრედ წოდებული, FBI-ჩიტო ქილიფთარი, დოდო დონაძე, მარინა მალაზონია და თვით ირმა მენაბდეც. ერთი სიტყვით, მთელი სკოლა გვეძებდა, მარა რა ბაღნები ვიყავით თუ ვერ ვიპოვნიდით თავის დაღწევის გზას. ერთ დღეს მართლაც გავიქცეოდით ბედნიერები, გაკვეთილი გავაცდინეთო, თუმცა მეორე დღეს, სკოლაში მისვლისთანავე გვიწევდა ახსნა-განმარტებების დაწერა. აი, მაშინ კი ბედნიერები და გახარებულები არა ჩვენ, არამედ მასწავლებლები აღმოჩნდებოდნენ. დირექტორზე გაბრაზებულნი კი სხვადასხვა გეგმას ვგეგმავდით, თუ როგორ გავქცეულიყავით კვლავ სკოლიდან.
ჩვენი ეს დამოკიდებულება დირექტორისადმი კი მალევე შეიცვალა, კერძოდ მაშინ, როდესაც დავრწმუნდით თუ როგორი პიროვნება იყო. არ შეგვიძლია დავივიწყოთ ექსკურსიის დღეები, როდესაც ის ჩვენი ტოლი და მეგობარი გახდა. ქალბატონო ირმა ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმ დღეებისთვის, რაც თქვენ გვაჩუქეთ. მართლაც საოცარი ადამიანი ბრძანდებით. ძალიან გვიყვარხართ და გთვლით, როგორც ჩვენი მეგობარი და გზამკვლევი.
ჩვენო მასწავლებლებო, ჩვენო ტკბილი და თბილო ადამიანებო, ყველამ ვინც კი მცირედი წვლილი შეიტანა ჩვენს ჩამოყალიბებაში უღრმეს მადლობას გიხდით მე-12 კლასის სახელით. გვიყვარხართ, გაფასებთ, გკოცნით ბევრს.... იცოდეთ, რომ ყოველთვის გვემახსოვრება თქვენი ტკბილი სიტყვები და შეგონებანი.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ასე დისტანციურად გვიწევს თქვენთვის ამ ყველაფრის თქმა, თუმცა ის გრძნობები და ემოციები, რასაც თქვენს მიმართ ვგრძნობთ ამ სიტყვებში აისახება. შევქმენით ვიდეო, ჩვენი ტკბილი მოგონებები, ბავშვობის წლები... მართალია დრო გავიდა, თუმცა დარჩა კადრები, რომელიც ძვირფასია ჩვენთვის. დავრჩით ჩვენ, დარჩით თქვენ და დარჩა ის სიყვარული, რომელსაც ერთმანეთის მიმართ ვგრძნობთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველაფრისთვის“,-წერენ მოსწავლეები სოციალურ ქსელში.
იხილეთ ბმული
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფურ მუშაობაში
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...