მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეროვნული გამოცდების მორიგ დღეს გულშემატკივართა „მარგალიტების“ გარეშე არ ჩაუვლია. ჯერ იყო და პირველი აბიტურიენტი, რომელიც არასრულ ერთ საათში გამოვიდა გამოცდიდან, ალყაში მოაქციეს და წამში 120 კითხვა დააყარეს, რომლებიც ძირითადად საკითხებს შეეხებოდა, მაგრამ ახალგაზრდამ მათი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ვერაფრით შეძლო - ნურაფერს მეკითხებით, არაფერი მახსოვს - იყო ესე, კიდევ რაღაც ლექსი, პროგრამული რა შემხვდა, არც ეგ მახსოვს - ასეთი ლაკონური პასუხებით შემოიფარგლა და წავიდა.
შემოეყარათ მშობლებს გულზე - ნეტა რა საკითხები შეხვდათ, ბავშვმა პასუხიც რომ ვერ გამოიტანა წესიერადო; მეორე აპლიკანტმა კი ისეთი სახით გაარღვია გულშემატკივართა კორდონი, კითხვის დასმაც ვერავინ გაუბედა. სამაგიეროდ, გოგონამ, რომელიც დაახლოებით ორ საათში გამოვიდა გამოცდიდან, თქვა, რომ პროგრამული ნაწილიდან შეხვდათ ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“ - გამოცდა ადვილი არ იყო. არავინ თქვას, რომ საკითხების დაწერა გაუადვილდა. იყო რთული და საკმაოდ დავიბენი. არ ველოდი, „შელოცვა რადიოთი თუ შემხვდებოდა“, - გოგონას კიდევ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ვინ აცალა - რა რადიო, - მომესმა ზურგსუკან, - რადიოთი გადაიცემა გამოცდები? რომელ სიხშირეზე?! - ვიღაც ქალი ბოლო ხმაზე ყვიროდა და ვერც იმას აცნობიერებდა, რომ შელოცვა რადიოთი იყო მოთხრობა.
აქ კი დაიზაფრნენ გულშემატკივრები - არ მოსწონს ჩემ შვილს ეგ მოთხრობა და ნეტა როგორ დაწერს? - ქოთქოთებდა ერთი; რა უბედურებაა ეს, რა ლექსი შეხვდათ? - მხარს უბამდა მეორე მშობელი, თუმცა ლექსის ვერც ავტორი გაარკვიეს და ვერც სახელწოდება. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, გაირკვა, რომ გამოცდაზე გეგეჭკორის „მე-19 საუკუნის მხატვრები“ შეხვდათ და აქ პანიკის შეტევის კიდევ ერთი სცენა გათამაშდა - ალო, ალო, დათო, ბავშვს მე-19 საუკუნის მხატვრები შეხვედრია. დავიღუპეთ. ფერწერაში საერთოდ ვერ ერკვევა, რა იცის მაგან იმპრესიონიზმის... - ვიღაც ქალი ტელეფონში ბოლო ხმაზე უკიოდა მოსაუბრეს.
ჩოჩქოლი არ ცხრებოდა - პატრულს ქუჩა გადაკეტილი ჰქონდა და სკოლის სიახლოვეს არავის უშვებდნენ, რაც ცალკე უკმაყოფილების საგანი გახდა - სად დავდგეთ, აბა?! მზეში დავიხრუკოთ?! - აპროტესტებდნენ შეზღუდვებს და ამასობაში, ერთ-ერთი აბიტურიენტის მამამ ყველა დაამშვიდა - არ ინერვიულოთ, თუ ვერ ჩააბარებენ. მე მაგალითად, ჩემ შვილს დავპირდი, თუ ჩაიჭრები, სკუტერს გიყიდი და კურიერად დაგაწყებინებ მუშაობას-მეთქი. თან თავის გონებამახვილობაზე ისე გულიანად გადაიხარხარა, რომ არ გაგეღიმა, პირდაპირ უხერხული იყო. „მამა ენაცვალოს“, - გავიფიქრე გულში... ბედნიერი ბავშვია, მამიკომ დაასაქმა უკვე.
დრო გადიოდა, დუღილის ტემპერატურაც იმატებდა და კიდევ ერთი უცნაურობა, რაც დავაფიქსირე, ის იყო - რა სახით გამოდიოდნენ აპლიკანტები გამოცდიდან. გასაგებია, სტრესი, ეიფორია ბევრს ნიშნავს, მაგრამ - არაფერი მკითხოთ, არ მომეკაროთ! - ცოტა არ იყოს, უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა, მით უმეტეს, როდესაც გამოცდები ახლახან დაიწყო და გარე პერიმეტრიც სავსე იყო მშობლებით, ნერვული აშლილობის ზღვარზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა