„თქვენ ხართ სკოლის პროგრესზე ორიენტირებული გუნდი“- დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგთა თავდაუზოგავ შრომას აღნიშნავს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის, დაბა წაღვერის საჯარო სკოლის გუნდმა დისტანციური სწავლების სირთულეები ღირსეულად დაძლია.
„ერთიანი გუნდის დიდი დამსახურებით, თითქოს ყველანი ჩავებით უფრო ასი ყურითა და ასი თვალით: როგორც სწავლების პროცესების ეფექტურად მართვის მიმართულებით, ისე მოსწავლეების და მშობლების ინტერესებზე მორგებულ საქმიანობაში“, ამბობს სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი და დისტანციური წავლების პროცესში მასწავლებელთა თავდაუზოგავ შრომას აღნიშნავს.
„ხშირად, როცა 2019-2020 სასწავლო წელს, როგორც წარსულს ისე ვუყურებ და ჩავლილ თვეებს ვიხსენებ მომავლის იმედით, ეჭვიც არ მეპარება, რომ გამოწვევების კასკადი უკან ჩამოვიტოვეთ, ღირსეულად დავძლიეთ სირთულეები, შევეჭიდეთ არც თუ ისე ცუდად, მაგრამ ამ ყველაფერში ჩემი, როგორც ხელმძღვანელის წინაშე შესაჭიდებლად საკმაოდ გრძელი დავთარი იდო. ეს ყოველმხრივ მიბიძგებდა, როგორც არასდროს, გამომეჩინა ენერგია, სურვილი, თანადგომის.
ერთიანი გუნდის დიდი დამსახურებით, თითქოს ყველანი ჩავებით უფრო ასი ყურითა და ასი თვალით: როგორც სწავლების პროცესების ეფექტურად მართვის მიმართულებით, ისე მოსწავლეების და მშობლების ინტერესებზე მორგებულ საქმიანობაში.
სიტყვა „გათვალისწინება“ ჩვენთვის გახდა მთლიანი და ამას ვერ გავითავისებდით, რომ არა თქვენ - ჩემო კოლეგებო, თანამშრომლებო! თქვენ ხართ დაბა წაღვერის საჯარო სკოლის პროგრესზე ორიენტირებული გუნდი, რომელსაც არ აშინებს სირთულეები და რომელიც არ კარგავს მომავლის იმედს.
ჩვენ ვიბრძვით და ჩვენთან ერთად არის ის ცოცხალი მუხტი, რომელიც იმედს გვაძლევს, რომ სექტემბერში სკოლა დაგვხვდება ჩვეული ხალისით და ჟრიამულით, შევეგებებით ჩვენს საყვარელ და მონატრებულ მოსწავლეებს.
რა მშვენიერი სიტყვა გვაქვს ქართულში - „თავდაუზოგავი“, რომელიც პირფერობის გარეშე გვეკუთვნის ჩვენ ყველას, სრულიად საქართველოს სკოლებს, დირექციებს, პედაგოგებს, მშობლებს. ცალმხრივად ერთი მხარე არასდროსაა დაბრკოლებისას, რადგან აქ - დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში სიყვარული ორმხრივია საქმისა, საგნისა და ბავშვისა! ისევ მოვა შემოდგომა საჩვენო!“,- აღნიშნავს დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი.