მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ორ აბიტურიენტს ინგლისური ენის გამოცდის გადატანაზე უარი უთხრა, რის გამოც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.
როგორც TDI აცხადებს, ორმა აბიტურიენტმა - მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრებმა, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს მიმართეს 18 ივლისს დანიშნული გამოცდის გადატანის თხოვნით, რადგან რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გამოცდაში შაბათ დღეს.
„ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია შაბათ დღეს აღიარებს ყოველდღიური საქმეებისაგან დასვენებისა და ღვთისმსახურების დღედ. ეკლესიის წევრებისათვის, მათი რწმენის შესაბამისად, დაუშვებელია შაბათ დღეს სეკულარულ აქტივობებში, მათ შორის, გამოცდაში მონაწილეობის მიღება. მათი ეს უფლება ექცევა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფეროში. წელს მსგავსი პრობლემის წინაშე დადგნენ იუდაიზმის მიმდევარი აბიტურიენტებიც.
სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხების მიხედვით, აბიტურიენტების განცხადებებში აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ გამოცდების განრიგი უკვე დამტკიცებულია“, - აღნიშნულია ინსტიტუტის განცხადებაში.
მათივე ცნობით, საყურადღებოა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 9 ივნისის ბრძანებით განისაზღვრა გამოცდების განრიგი, რომლის მიხედვით, ინგლისური ენის გამოცდა დანიშნულია სამ სხვადასხვა დღეს - კერძოდ, 17, 18 და 19 ივლისს.
„ის თარიღი კი, კონკრეტულად რომელ დღეს უნდა მიეღოთ გამოცდაში მონაწილეობა აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდა 27 ივნისს. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ აბიტურიენტებმა, რომლებიც საკუთარი რწმენის გამო გამოცდაზე ვერ გავლენ შაბათ დღეს, გამოცდაში მონაწილეობა მიიღონ 17 ან 19 ივლისს.
როდესაც არსებობს გამოცდაში მონაწილეობის ალტერნატიული დღეების შესაძლებლობა და იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტებმა დროულად მიმართეს განცხადებით სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოცდის სხვა დღეს გადატანის თხოვნით, დაირღვევა მათი რელიგიისა და რწმენის თავისუფლება; ასევე ირღვევა აბიტურიენტების უფლება განათლებაზე, ვინაიდან საკითხისადმი სახელმწიფოს გულგრილი დამოკიდებულების გამო, ახალგაზრდები ვერ შეძლებენ 2020 წელს ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და სწავლა განაგრძონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სახელმწიფო უწყების უარი არის ასევე დისკრიმინაციული.
საგანგაშოა, რომ სახელმწიფოს არ აქვს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმართ მგრძნობელობა და საკუთარ გადაწყვეტილებებში, მათ შორის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაგეგმვასა და განხორციელებაში, უგულებელყოფს ამ ფუნდამენტურ უფლებას“, - აღნიშნულია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„რელიგიისა თუ რწმენის ნიადაგზე შეუწყნარებლობის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ გაეროს დეკლარაციის მიხედვით, რელიგიის და რწმენის თავისუფლება მოიცავს რელიგიურ დღესასწაულებზე დასვენების უფლებას.
TDI-ის მიერ 15 ივლისს წარდგენილი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებით მოთხოვნილია დროებითი განჩინების მიღება, რათა ცენტრს დაევალოს ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ორ წევრს მიეცეს შესაძლებლობა, ინგლისური ენის გამოცდა ჩააბარონ 17 ან 19 ივლისს, ან ნებისმიერ სხვა დღეს, გარდა შაბათისა.
სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების წარდგენის შემდგომ, TDI სარჩელით მიმართავს სასამართლოს გამოცდის გადატანაზე უარის ბათილად ცნობის, რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენისა და ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ. საკითხს ასევე სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ