მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში პირველად მოსწავლეთა ონლაინ კონფერენცია ,,უკეთესი განათლებისთვის“ ჩატარდა. საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ონლაინ კონფერენციის გამართვის იდეა საქართველოს საპატრიარქოს ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიის უფროს მასწავლებელ მზია დარასელიას გაუჩნდა, ხოლო პროექტი საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითმა ინსტიტუტმა პარტნიორ ორგანიზაციებთან - ზუგდიდის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრი, ტრენინგ-ცენტრი ,,ცოდნა“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ბიბლიოთეკის მართვის ცენტრი - ერთად განახორციელა.
- შევეცადეთ, შემოქმედებითად განგვეწყო მოსწავლეები მაშინ, როცა ყველანი სამყაროსგან იზოლირებულად - ,,ზღურბლს მიღმა“ ვიმყოფებოდით და ინტერნეტ სივრცე მიზანმიმართულად გამოგვეყენებინა. პანდემიის პირობებში სამყაროს ახლებური განცდის საშუალება მოგვეცა. იქნებ კიდევ ერთხელ უნდა გაცხადებულიყო ბიბლიური სიბრძნე ,,მარადის მღვიძარებაზე“ კაცობრიობის სასიკეთოდ… თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეპოქაში საჭირო გახდა ახალგაზრდებისთვის შემოქმედებით, ანალიტიკურ აზროვნებასთან ერთად რთულ სიტუაციებში ადაპტირების, განსხვავებულ სოციალურ-კულტურულ გარემოსთან ეფექტური კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობა, რომ მაღალ პიროვნულ თვისებებთან და პროფესიონალიზმთან ერთად შეეძლოთ საკუთარი ქვეყნის პრიორიტეტების განსაზღვრა, მათ შესანარჩუნებლად მოქმედება და თავიანთი შესაძლებლობების მუდმივი განვითარება, - აღნიშნა საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ლია ბუკიამ.
ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების - ზუგდიდის, წალენჯიხის, ხობის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა.
- ჩვენდა სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ გამოგვეხმაურნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ბევრი საინტერესო და კრეატიული ახალგაზრდა აღმოვაჩინეთ. მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, თავისუფლად წარმოეჩინათ საკუთარი ნაშრომები, ემსჯელათ პრობლემურ საკითხებზე, მოეწოდებინათ ნოვატორული იდეები. გამოიკვეთა სკოლებს შორის პარტნიორული ურთიერთობის სურვილი, რაც ერთმანეთთან დაამეგობრებს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლე-ახალგაზრდებს და ხელს შეუწყობს პედაგოგებს შორის ურთიერთთანამშრომლობას, იდეების გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას.
საგანმანათლებლო აზროვნების სტილისა და კულტურული კომპეტენციების განსაზღვრაში ვითვალისწინებთ საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო პროგრამის დირექტივებს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ეპისტოლეში გამოთქმულ შეხედულებებს განათლების საკითხებთან დაკავშირებით: ,,ჩვენ უნდა გვქონდეს ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული ანალიტიკური აზროვნების უნარი, რომ გავარჩიოთ, რა არის მისაღები და რა - უარსაყოფი“. გავიაზროთ, როგორ დავძლიოთ ესა თუ ის პრობლემა, - განაცხადა ლია ბუკიამ.
კონფერენციაში მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიალი 25 აგვისტოს ქ. ზუგდიდში გაიმართება, სადაც გაიცემა ირმა ჭკუასელის სახელობის სტიპენდია - 1000 ლარი. სასწავლო ვაუჩერი საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის ინიციატივით დაწესდა.
- შემოდგომაზე მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. შესანიშნავი ახალგაზრდობა მოდის. ჩვენი მიზანია, გამოვავლინოთ საკუთარი იდეების გენერირების უნარით დაჯილდოებული ახალგაზრდები, წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას, - დასძინა ლია ბუკიამ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ