დაემატება თუ არა, აბიტურიენტთა უცხოური ენების ტესტს ლაპარაკის ნაწილი?
22-09-2017
დაკოპირებულია
-
+
გავრცელებული ინფორმაციით, აბიტურიენტთა უცხოური ენების ტესტს ლაპარაკის ნაწილი ემატება. ინფორმაციის დასაზუსტებლად Etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინგლისური ენის სპეციალისტს თამუნა ფაღავას დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ლაპარაკის ნაწილი უცხოური ენების ტესტს, შესაძლოა, სამომავლოდ დაემატოს, წელს კი ეს დაგეგმილი არ არის:
''ლაპარაკის ნაწილი აბიტურიენტის უცხოური ენების ტესტს ამ წელს არ დაემატება. ზოგადად, ძალიან კარგია, როდესაც გამოცდაზე ყველა კომპონენტი არის - წერა, ლაპარაკი, მოსმენა, გრამატიკა. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ საკმაოდ რთული ნაწილია, ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. სამომავლოდ სასურველი იქნება და გვინდა კიდევაც, რომ დაემატოს, რადგან ეს გამოცდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც გითხარით, ამ წლისთვის დაგეგმილი არ გვაქვს, თუ რამე შეიცვლება, ამის შესახებ აბიტურიენტებს წინასწარ ვაცნობებთ,'' - გვითხრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინგლისური ენის სპეციალისტმა.
რაც შეეხება ლაპარაკის ნაწილის ტექნიკურ მხარეს, როგორც თამუნა ფაღავამ აღნიშნა, ამის გამოცდილება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქვს და ფორმატიც არსებობს:
''როგორც იცით, მასწავლებლების გამოცდის ტესტში გვაქვს ლაპარაკის ნაწილი. სწორედ ამას გამოვიყენებთ მოდელად. ტექნიკურად ვიცით, როგორ გავაკეთოთ და ამის გამოცდილებაც გვაქვს, ფორმატიც არსებობს,'' - აღნიშნა თამუნა ფაღავამ. ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ნებისმიერი სიახლეს Etaloni.ge ოპერატიულ რეჟიმში მოგაწვდით.