სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (TALIS) 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს პედაგოგთა საშუალო ასაკი 50 წელი იყო და ამ მაჩვენებლით იგი ლიდერობდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებს შორის (სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა TALIS, OECD, 2018 წ.) - აღნიშნულია განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევაში.აღნიშნული ვითარება შეიცავდა მაღალ რისკებს, რომ უახლოეს პერსპექტივაში ზოგიერთ რეგიონში წარმოიქმნებოდა საკადრო დეფიციტი და თუ არ მოხდებოდა შესაბამისი ზომების მიღება, სისტემა დიდი რაოდენობით პედაგოგების მოკლე პერიოდში ერთბაშად იძულებითი ჩანაცვლების საჭიროების წინაშე აღმოჩნდებოდა.
საქართველოს განათლების სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქვეყნის სკოლების 70%- მდე მცირეკონტინგენტიანია. ერთი მხრივ, ქვეყანაში შეინიშნება პედაგოგთა საერთო რაოდენობის სიჭარბე, ხოლო მეორე მხრივ - პედაგოგთა დეფიციტი ზოგიერთი რეგიონისა (არათანაბარი გეოგრაფიული გადანაწილება) და საგნის მიხედვით. მოსწავლისა და მასწავლებლის თანაფარდობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება სკოლების მდებარეობის, ტიპის და სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით. დეფიციტის კიდევ უფრო მოსალოდნელ გაღრმავებას ხელს უწყობდა სისტემაში დიდი რაოდენობით საპენსიო ასაკის პედაგოგების არსებობა. 2018 წლის მონაცემებით, საჯარო სკოლის მოქმედ პედაგოგთა საერთო რაოდენობა იყო 60 000; მინიმალური ასაკობრივი ზღვარი - 19 წელი; მაქსიმალური ასაკობრივი ზღვარი - 95 წელი. 60-95 წლის ასაკის პედაგოგების წილი 25%-ს შეადგენდა.
არსებული სიტუაციის გამოსწორების მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, რომ სისტემიდან ნებაყოფლობითი წასვლის შემთხვევაში, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს სახით გადაეხადათ ფულადი ანაზღაურება ორი წლის ხელფასის ოდენობით. საპენსიო ასაკის დაახლოებით 15 000 პედაგოგიდან 6000-მა სურვილი გამოთქვა ნებაყოფლობით გასულიყო სისტემიდან და მიეღო შესაბამისი ფულადი ჯილდო.
ამ პროცესის შედეგად წარმოქმნილი ვაკანსიების შევსების მიზნით სამინისტრომ დაიწყო პედაგოგების შერჩევის ცენტრალიზებული პროცედურა. 2019 წლის 20 აგვისტოს გამოიცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №174/ნ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს სკოლებში მასწავლებლის დაქირავების და გაშვების მექანიზმებსა და პროცედურებს. მათ შორის, კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს და მასწავლებლის საქმიანობის შეწყვეტის წესსა და პირობებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 21 აგვისტოს №182 ბრძანებით, ყველა სკოლისთვის განისაზღვრა მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების უნიფიცირებული ვადები. 2019 წლის აგვისტო-ნოემბრის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელდა პედაგოგთა როტაციის მასშტაბური პროცესი. ამავე პერიოდს დაემთხვა წინამდებარე კვლევაზე მუშაობის აქტიური ფაზა და განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევით ჯგუფს პროცესის პარალელურ რეჟიმში დაკვირვებისა და შედეგების ანალიზის უნიკალური საშუალება მიეცა.
ინსტიტუტის კვლევითმა ჯგუფმა პედაგოგთა დაქირავების ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ პროცესში, კეთილსინდისიერების დარღვევის შესაძლო ტენდენციების ხელშემწყობი პირობებისა და მიზეზების გამოვლენის მიზნით, შეისწავლა და გააანალიზა საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას ფავორიტიზმის საკითხები.
„მიუხედავად იმისა, რომ სკოლებს აქვთ მნიშვნელოვანი ავტონომიურობა პედაგოგიური კადრების როტაციის განსახორციელებლად, ისინი, სხვადასხვა მიზეზით (პედაგოგის დათხოვნის რთული იურიდიული პროცედურები, ახალი კვალიფიციური კადრების დეფიციტი, ნეპოტიზმი და სხვა), მაინც ერიდებიან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და ძირითადად ცდილობენ არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას. ამას ხელს უწყობს მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების (მაგ.: სკოლების საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების სისტემა, მასწავლებელთა შერჩევის ეფექტიანი მექნიზმები, დაქირავების პროცესის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის გარე მექანიზმები და ბევრი სხვა) სისუსტე ან არარსებობა.
პედაგოგთა დაქირავების და დათხოვნის არასტაბილურმა და არაშესაბამისმა პოლიტიკამ, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო მასწავლებელთა კორპუსის ე.წ. „დაბერებას“ და სიახლეებისა და ინოვაციების მიმართ ინერტულობის ზრდას. ვერ ხერხდებოდა ნაკლებად კვალიფიციური პედაგოგების დათხოვნა და, შესაბამისად, კვალიფიციურ კადრს სისტემაში დასაქმების ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდა“ - ნათქვამია ანგარიშში.