სიახლეები
პიროვნება

„მასწავლებლობა იმად ღირს, რომ შენი ამაგის საფასურად, უდიდეს სიყვარულს იმკი!“ - ქობულეთის N2 სკოლის პედაგოგი მარინა ნოღაიდელი
04-08-2020
-
+


მაშინ, როდესაც არც დისტანციური სწავლება ვიცოდით და არც ონლაინ-გაკვეთილები, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლის, მარინა ნოღაიდელის გაკვეთილი შემდეგი სიტყვებით იწყებოდა - „მთავარია, გაიზარდოთ საუკეთესო ადამიანებად“ - ესაა მარინა მასწავლებლის კრედო და ამ ფასეულობებზე ზრდის თავის მოსწავლეებს; ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მასწავლებლობა ჯერ კიდევ ბავშვობაში გადაწყვიტა - „სასკოლო ჟურნალიც“ შექმნა და „მოსწავლეებსაც“ უტარებდა გაკვეთილს... რატომ აირჩია ეს პროფესია? - თავადაც საოცარი მასწავლებელი ჰყავდა და რაც მთავარია, ბავშვების სიყვარულმა განსაზღვრა მისი ცხოვრების გზაც და კრედოც.

- ქალბატონო მარინა, არ შეგეშინდათ ამხელა პასუხისმგებლობის - დაწყებითი კლასების მასწავლებლობა იოლი არ უნდა იყოს?

- პედაგოგობა, ზოგადად, ძალიან რთულია, მაგრამ თუ ბავშვები გიყვარს, ყველაფერს შეძლებ, ყველაფერი გამოგივა... დაწყებითებში, განსაკუთრებით, პირველ კლასში, მასწავლებელი დედის როლს ითავსებს  და მქონია შემთხვევა ასეც მოუმართავთ - „დე“... პირველ რიგში, უნდა იყო გულწრფელი - ასეთი დამოკიდებულებითა და ბავშვების სიყვარულით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება. რთულია ჩვენი პროფესია, მაგრამ - სასიამოვნო.

- თქვენ როდის გადაწყვიტეთ, ამ სასიამოვნო პროფესიას დაუფლებოდით?

- ჯერ კიდევ ბავშობიდან... ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა, თბილი პიროვნება და მეც ყოველთვის მინდოდა პედაგოგობა - ვაკეთებდი ჟურნალს, ვთამაშობდი მასწავლებლობანას.

- მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდით, ონლაინ-გაკვეთილების ჩატარება თუ მოგიწევდათ, არა?


- ამას, მართლაც, ვერავინ წარმოიდგენდა... დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა რთული იყო, რადგან ამისთვის არ აღმოჩნდა მზად არც მასწავლებელი, არც ბავშვი და არც მშობელი... თავიდან უდავოდ, გაგვიჭირდა, მერე კი ავუღეთ ალღო და მგონი, საბოლოოდ, გამოგვივიდა, თუმცა კლასში ჩატარებულ გაკვეთილს არაფერი შეედრება.

- გენატრებოდათ მოსწავლეები?

- პირველი კლასი მყავდა... ის-ის იყო, შეგუების მომენტი გადავლახეთ, შევიყვარეთ ერთმანეთი, შევეჩვიეთ და დისტანციურ სწავლებაზე გადავედით... არა მხოლოდ ჩემთვის, ბავშვებისთვისაც რთული იყო, ონლაინ-გაკვეთილის დაწყებამდე მეუბნებოდნენ - მასწავლებელო, გვენატრებიო... იცით, სხვანაირი თაობა მოდის, მუშაობის 25-წლიანი სტაჟი მაქვს და ამ თაობას ვერ შევადარებ - თუ განსხვავებულად არ დაგეგმე გაკვეთილი, არ მოგისმენენ. მე ვიტყოდი, რომ მშობელსაც დიდი როლი აქვს; სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და შედგება მასწავლებლის, მშობლისა და მოსწავლისგან.

- ქალბატონო მარინა, ახალი სასწავლო წლიდან სკოლები სწავლების შერეულ მოდელზე გადადიან, ოღონდ როგორც ამბობენ, დაწყებითი კლასები სკოლაში ყოველდღე ივლიან. მართლა ასეთი აუცილებელია, საწყის ეტაპზე ბავშვების ყოველდღიური ურთიერთობა პედაგოგთან?

- არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ადამიანი ყველაფერს უნდა მოერგოს და გამოსავალი იპოვოს, თუმცა ცოცხალი ურთიერთობები რომ აუცილებელია, ამაზე არავინ დაობს. საქმე ის გახლავთ, რომ მაღალ კლასებს სხვა ფსიქოლოგიური მიდგომა სჭირდება, დაწყებითი კლასის მოსწავლემ კი თუ თვალებში არ ჩაგხედა, თუ თითოეულ მოსწავლესთან არ მიხვედი, არ აუხსენი ყველა ნიუანსი, სხვაგვარად სასწავლო პროცესს ვერ ააწყობ. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ბევრმა მშობელმა არ იცის, როგორ ასწავლოს ბავშვს, თუნდაც წერა. ფაქტია - დისტანციური სწავლება მშობლებს იმდენად გაუჭირდათ, რომ საგონებელში ჩავარდნენ - სექტემბრიდან თუ არ განახლდება სწავლა, რა გვეშველებაო და მეც ვეთანხმები. ყველას გვსურს, სკოლის კედლებში და მასწავლებელთან ცოცხალი ურთიერთობით გაგრძელდეს სასწავლო პროცესი.

- ასეთ დროს, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას თუ გრძნობთ?

- ნამდვილად ვგრძნობთ ხელისუფლების მხარში დგომას, მადლობელი ვარ, რომ არ დაიხურა სასწავლო პროცესი... ჩემი მოსწავლეები ერთი ქალაქის შვილები არ არიან, სხვადასხვა სოფლიდან დადიან და თითოეულ მათგანს ურეკავდნენ  ჰქონდათ თუ არა წვდომა ინტერნეტთან. როდესაც თითოეულ მოსწავლეზე სახელმწიფო ასე ზრუნავს, მადლობის მეტი რა გვეთქმის? ასევე, უღრმესი მადლობა, მინდა, გადავუხადო ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის დირექციას, ადმინისტრაციასა და მთელ შემადგენლობით ჯგუფს, დისტანციური სწავლების პერიოდში გაწეული ყოველდღიური შრომისა და გულისხმიერებისათვის. იმედია, ახალ სასწავლო წელს ჩვეული საზეიმო ჟრიამულით შევხვდებით და მოვესიყვარულებით ჩვენ მონატრებულ მოსწავლეებს.

- შეხვდებით მონატრებულ მოსწავლეებს, რომლებთანაც რამდენიმე წელიწადში დამშვიდობება მოგიწევთ. ალბათ მეოთხე კლასის გაშვებას ემოციის გარეშე ვერ ახერხებთ...

- დაწყებითების მასწავლებლის განცდა სულ სხვაა. დედის როლს ვითავსებთ და მეოთხე კლასის დასრულებაც, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. თუმცა როდესაც შენს გაზრდილ მოსწავლეებს აქებენ, მართლაც საამაყოა. ურთიერთობას ვაგრძელებთ და მიუხედავად იმისა, აფიშირება არ მიყვარს, ცრემლების გარეშე უცნობიც ვერ წაიკითხავს იმ წერილებს, რასაც ჩემი გამოზრდილი მოსწავლეები მიგზავნიან.

- ესე იგი, არ ყოფილა მასწავლებლის შრომა დაუფასებელი.

- სწორედ ამის თქმა მინდა - მასწავლებლობა იმად ღირს, რომ შენ მიერ გაწეული ამაგის საფასურად, უდიდეს სიყვარულს იმკი! მერწმუნეთ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება