მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის დირექტორი მედეა ტრამაკიძე სკოლის ისტორიის შესახებ ემოციურ ჩანაწერს გვიზიარებს. 2008 წლის აგვისტოს ომმა ყველა განსაცდელის წინაშე დაგვაყენა. ომიდან 12 წლის შემდეგ, დირექტორი იხსენებს, რა ხდებოდა საომარი მოქმედებების დროს გორის სოფლებში, როგორ დატოვა ტერიტორია და შემდეგ როგორ დაუბრუნდა საყვარელ სკოლას.
„ორგზის დევნილი ვარ. ორჯერ მომიხდა მუხლჩაუხრელი შრომით შექმნილი სახლკარის დატოვება, წარმოიდგინეთ რა მძიმე იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. ენა ადვილად იტყვის. მეორედ სახლკარის მიტოვება ჩემი ოჯახის თითოეული წევრისათვის ჭრილობაზე მარილის მოყრა იყო. მახსოვს იმ შორეულ დროს, ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს ჩემმა პატარა შვილმა მკითხა: დედა ახლა რა უნდა ვქნათ? მის ხმაში ისეთი უმწეობა ვიგრძენი... ყველაფერს თავიდან დავიწყებთ, ნუ გეშინია დედა, ყველაფერი გაივლის-მეთქი. გავა დრო და ახლა ეს ყველაფერი გამახსენდა. გამახსენდა ისიც, რომ სწორედ იმ დღეებში, როცა ვცდილობდი და ვერ ვერეოდი ტკივილს, რადგან უსაშველოდ მიმაჩნდა, საერთოდ ვერ ვლაპარაკობდი. ყოველ წელს აგვისტოს თვეში დაწვრილებით ვიხსენებ ამ ყველაფერს. ასე დაიწყო:
2008 წლის აგვისტოს დასაწყისში სკოლაში ბრიგადა მუშაობდა, კომპიუტერის ოთახს აკეთებდნენ, 5 აგვისტოს მუშები სოფლიდან გამოიქცნენ, სოფელში განუწყვეტლად ისმოდა სროლის ხმა და იქ ყოფნა უკვე გაუსაძლისი ხდებოდა. ცხინვალის მხრიდან ტყვიების სეტყვა მოდიოდა, 6 აგვისტოს სოფელში წავედი. ტყვიების წვიმაში სიცოცხლის რისკის ფასად სკოლიდან ორი კომპიუტერი და ბავშვებისა და მასწავლებლების პირადი საქმეები წამოვიღე, ამ პერიოდში ჩემი შვილი პოლიციაში მსახურობდა. 9 აგვისტოს დილით ჩემთან უკვე ჯარისკაცის ფორმით მოვიდა და მითხრა: დედა არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება, სამშობლოს ჩემი თავი სჭირდება, საღამოს დავბრუნდებიო, გული შემეკუმშა, დავლოცე, ბევრი ვლოცე გულში, სხვა რა უნდა მეთქვა, ხალხი შეშინებული იყო, ბევრი გაიხიზნა გორიდან, მე და მეუღლე სახლში ვიყავით, ბინის შემოგარენი იბომბებოდა. ჩემი მეზობელი ქალიც დაიჭრა, მე გადასაფარებელი ავიღე და ის იყო სარდაფში უნდა ჩავსულიყავი, რომ მეზობლებმა ძალით ჩაგვსვეს მანქანაში და ქალაქიდან გაგვიყვანეს.
გლდანის სკოლაში შეგვასახლეს, შვილის დარდი გულიდან არ მშორდებოდა, დედა და ძმა სოფელ დისევში იყვნენ დარჩენილები, თუმცა სკოლა მოსწავლეები სულ მახსოვდა, 11 აგვისტო იქნებოდა განათლების სამინისტროში მივედი, განვაცხადე, რომ სახლში სკოლის კომპიუტერები და პირადი საქმეები სახლში მქონდა წამოღებული. სწორედ იქ მითხრეს, რომ გორში ვერავინ შევიდოდა, სამხედროები დათარეშობდნენ. როცა ყველაფერი დასრულდა და გორში დავბრუნდით, ყველაფერი რაც სახლში დავტოვე (სკოლის კომპიუტერები, პირადი საქმეები) ხელუხლებელი დამხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ იყო განაღმული სკოლის შემოგარენი, ვერ მოვისვენე და სკოლაში ავედი. დამხვდა გაპარტახებული სკოლა, ნატყვიარი კედლები და ქართველი მწერლების ნატყვიარი სურათები, ინვენტარისაგან დაცარიელებული საკლასო ოთახები, განადგურებული გათბობის სისტემა, ეს იყო სკოლის კარებისა და სახურავის გარეშე. სოფელში თითოოროლა კაცი დადიოდა და პოლიციელები დადიოდნენ. მაშინ სკოლის აღდგენაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელად მეჩვენებოდა, თუმცა ისევ გავაგრძელე სკოლაში სიარული, მეძნელებოდა ვინმესთან დალაპარაკება სკოლის აღდგენის თაობაზე, რადგან იმ დროს ერგნეთში ხალხი აღარ იყო, ვინც იყო ძალიან გულგატეხილი, სოფელი სრულად იყო განადგურებული, მაგრამ მივხვდი, რომ თუ სკოლა არ აღდგებოდა სოფელში ხალხი არ დაბრუნდებოდა. თავის დროზე 1990 წელს სსიპ ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლა კომპაქტურ ვაგონებში ჩემი და მაშინდელი მთავრობის დიდი ძალისხმევით გაიხსნა. ახლა უკვე ამდენი შრომა აღარ დამჭირდებოდა, გამოჩნდა კომპანია, რომელსაც უნდა შეეკეთებინა სამი სკოლა, მათ წარმომადგენლებს ხშირად ვესაუბრებოდი ამ საკითხზე, და ამ ღვთისნიერმა ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილება გაერემონტებინათ ჩვენი სკოლა. ისევ იყო სოფელში სროლის ხმები, არ იყო სტაბილურობა და სიმშვიდე. საშიში მდგომარეობა იყო. ჩემი მეუღლე ელდარ ბესთაევი, რომელმაც ძალღონე არ დაიშურა 1990 წლებში რომ ამ სოფელში სკოლა გახსნილიყო, 2008 წელსაც ჩაერთო აღნიშნული სკოლის აღდგენაში, სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარებოდა მუშებს სკოლის სახურავის გაკეთებაში. ყველა წინააღმდეგობა გადავლახეთ და 2009 წლის 23 თებერვალს 26 მოსწავლით დავიწყეთ სწავლა, სკოლის ეზოში დროშა რომ ავწიეთ, სამი ტყვია ისროლეს სოფელ ფრისის მხრიდან, არავინ დაშავებულა.
წელს კი სკოლის პირველ კლასში უკვე 6 მოსწავლე მოდის. ჩვენ უკვე ვუბრუნდებით მოსწავლეთა რაოდენობით ომამდელ დროს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ