მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ასლან შაინიძის სახელობის დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი აგვისტოს ომის იმ მძიმე წუთებს იხსენებს, როდესაც ბრძოლის ველზე ასლან შაინიძე გმირულად დაეცა და Etaloni.ge-ს თავის ნააზრევს უზიარებს. მასწავლებლის მონათხრობს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:
სამყაროში სიყვარული რომ არ სუფევდეს,სიკეთის ფენომენი აღმოიფხვრებოდა, ურთიერთპატივისცემა გაბათილდებოდა... უანგაროდ გაზიარებულ სითბოსა და ნუგეშს რომ არ ვგრძნობდეთ, მაშინ კაცობრიობა გადაშენების ზღვარზე იქნებოდა... მაგრამ არის ერთი მთავარი მოვლენა ადამიანების ცნობიერებაში, რაც გარდაქმნის ცხოვრების სპეციფიკურ რიტმს, ერკინება ყოველგვარ ბოროტებას, ეწინააღმდეგება სიძულვილს და იღვწის მშვიდობისკენ. მიდის იმ მწვერვალისკენ, რასაც მომავალი ცნობიერება და ყოფითი გარდაქმნა ჰქვია. სწორედ ამ გარდაქმნას უდგანან სათავეში ჩვენი ქვეყნის ერთგული დარაჯები, ქართველი მეომარი, თავდადებული ჯარისკაცები. დიახ, 8 აგვისტოს ომში ბევრმა ახალგაზრდამ გაწირა საკუთარი ქვეყნის მშვიდობისთვის თავი. უკან მოუხედავად, სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ, რათა დაეცვათ მამული, სარწმუნოება... ამას ხომ მრავალსაუკუნოვანი, მამაპაპათა სისხლით შეფერილი შერკინებაც ადასტურებს.
სწორედ ამ საქვეყნო მამულიშვილურ საქმეს შეეწირა აჭარლებით დასახლებული, მოკრძალებულ სოფელ დისველის მკვიდრი ასლან შაინიძე. წილად მხვდა პატივი, გიამბოთ მისი ოჯახის შესახებ:
ჯემალ შაინიძეს სამი ვაჟი ჰყავდა, სამივე ჯარისკაცი, სამივე რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა აგვისტოს ომში. მამამ ბოლოს ისინი პატარა ძმის დაბადების დღეზე ნახა თავშეყრილები - 2008 წლის 22 ივნისს.
სამ ძმას ერთად ვეღარავინ ნახავს - უფროსი, ასლან შაინიძე გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე ცხინვალის მისადგომებთან... ასლან შაინიძე 1985 წელს, ხულოს რაიონის სოფელ წაბლანაში დაიბადა. 3 წლის იყო, სოფელს სტიქია რომ დაატყდა თავს და ოჯახი ბოლნისის რაიონში, სოფელ დისველში ჩაასახლეს.
ჯემალ შაინიძე: „წყნარი, თბილი, საყვარელი ბავშვი იყო, ყველასთან იოლად ნახულობდა საერთო ენას. ცხრა კლასი სოფელში დაამთავრა და რადგან სოფელში სრული საშუალო სკოლა არ იყო, ისევ მშობლიურ სოფელში წავიდა. ფეხბურთი უყვარდა, 24 საათი რომ ბურთი ფეხზე ჰქონოდა, არ მოსწყინდებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ნიკო ნიკოლაძის სახელობის ინსტიტუტის ბოლნისის ფილიალში ჩააბარა, 4 წელი სწავლობდა, შემდეგ პატარა ძმა წავიდა სავალდებულო სამსახურში, ძმაკაციც ჯარში ჰყავდა და თავადაც მოიწადინა ჯარისკაცობა. ამბობდა, სჯობს, ერის სამსახურში ჩავდგეო“.
ასლანმა მომავალი მეუღლე – რუსუდანი აჭარაში სწავლის პერიოდში გაიცნო და სტუდენტობისას შეუღლდნენ. ასლანი რომ ჯარში კონტრაქტით წავიდა, შინ ორი პაწია დატოვა – 1 და 2 წლის. ვაზიანში, პირველ ბრიგადაში მსახურობდა, შემდეგ პირველი ბრიგადა გორში გადავიდა.
ჯემალ შაინიძე: „ძალიან მოსწონდა ჯარი და ამბობდა: მგონი, პენსიაშიც რომ გამიშვან, სახლში ვერ გავძლებო. ძალიან ინტერესიანი იყო, ყველანაირი ტექნიკა, ყველანაირი იარაღი აინტერესებდა, შეყვარებული იყო თავის საქმეზე. ძმაკაცები, უფროსები, ვინც კი შემხვედრია, ყველა კმაყოფილი იყო“.
მერე მოახლოვდა ავბედითი აგვისტო. 5 აგვისტოს, როცა გამოიძახეს, ასლან შაინიძე ოჯახში იყო: „მგონი, ხვდებოდა, რაც ხდებოდა, ყველა გადაგვკოცნა, მთელი სოფელი შემოირბინა, ყველას დაემშვიდობა და ისე წავიდა. ტელეფონი შინ, მეუღლეს დაუტოვა, პატარა ბიჭს ჰქონდა თან ტელეფონი, მაგრამ ომის დროს ვერც მას ვერ ვუკავშირდებოდით, კავშირი არ იყო. ტელევიზიით რომ გავიგეთ ომის დაწყების ამბავი, შევშფოთდით, სამივე ბიჭი ომში გვყავდა. შუათანა კოდორში იყო, ასლანი და პატარა ბიჭი – ცხინვალში. გვერდიგვერდ ბრძოლამ არ მოუწიათ, ცხინვალში შესვლამდე, ცხინვალის შესასვლელთან შეხვედრიან ერთმანეთს, 2-3 წუთი ულაპარაკიათ, შემდეგ პატარა ბიჭის ნაწილი წინ წავიდა, ასლანი მეკავშირე იყო, მისადგომებთან იბრძოდა...
8 აგვისტო რომ გათენდა, ცხინვალში წასვლა გადავწყვიტე ბიჭები ომში მყავდა და შინ რა გამაჩერებდა. ყველა თავს მარიდებდა, გამირბოდნენ, თურმე უკვე ჩამოსული იყო ამბავი, რომ იმ დილით, 11-12 საათისთვის, ასლანი უკვე დაღუპულა და მოასვენებდნენ“.
ასლან შაინიძე იმ საღამოსვე ჩაასვენეს ბოლნისის რაიონში: „ფეხში ყოფილა დაჭრილი, ექიმები მისულან კიდეც საშველად, არ გამოჰყოლია, მისი ასმეთაური ყოფილა დაჭრილი და იმის საშველად წავიდა. „ბათინკიდან“ თასმა მოიხსნა, ფეხზე შემოიკრა და ისე წავიდა. რომ გამოჰყავდა, მაშინ მოყვა დაბომბვაში. ასმეთაური გადარჩა, ასლანს კი „ასკოლკებმა“ ხერხემალი დაუზიანა...“
საბრძოლო მოქმედებები უკვე დასრულებული იყო, ჯარი ნელ- ნელა უკან ბრუნდებოდა, ასლანის უმცროსი ძმა გორში დაჭრილებს რომ გამოაყოლეს. გორში შეაპარეს, რომ მისი ძმა დაჭრილი იყო და პირდაპირ ბოლნისში წასულიყო. უმცროსი ძმა მიხვდა, რაც ხდებოდა უფროსი ძმის თავს. შუათანა ძმა რომ კოდორიდან დაბრუნდა, ასლანი უკვე დაკრძალული იყო: ჯემალ შაინიძეს არ დასცალდა, ბიჭებისთვის ჩაეკითხა ბრძოლის ველზე. მაგრამ ომის დამთავრებისთანავე მუხროვანის ბაზაზე დაბანაკებულ ნაწილში მივიდა: „მინდოდა, ჯარში შევსულიყავი. მაშინ უარი მითხრეს, წადი, ჯერ ოჯახს მიხედე და გამოგიძახებთო. მერე საავიაციო ნაწილში დავიწყე სამსახური. პატარა დღესაც ჯარშია, შუათანაც ჯარისკაცად ითვლება ისევ...“ – ამბობს ჯემალ შაინიძე.
ასლან შაინიძის პატარები დღეს უკვე და 4 წლისანი არიან. თავად სულ რაღაც 23 წლის იყო, მტერს რომ შეაკვდა...
ეს არის თავდადება და ერის სიამაყე, ქედს ვიხრი ბატონი ჯემალის წინაშე, საამაყო შვილების აღზრდისთვის, ასეთი გულისხმიერებისთვის, რაც უანგაროდ გამოიჩინეს ჩვენი ქვეყნის წინაშე. მე მინახავს მისი დედისა და მეუღლის თვალები, როდესაც ასლანის სახელს ახსენებენ, როდესაც გმირზე საუბრობენ და გეტყვით, რომ ენით გამოუთქმელი ტკივილია. განცდა რომელიც შენში ბუდობს,იშლება,იკვირტება და ყოველთვის გახსენებს , ვისი გორის ხარ.
გმადლობ, თქვენ, ამ ტკივილისთვის, რომელსაც ჩვენი მამულისა და მომავლის საკეთილდღეოდ, უსიტყვოდ უძლებთ და იტანთ! მე მოწმე ვარ იმისა, თუ როგორი ცრემლნარევი თვალებით ჩაიკითხეს ბავშვებმა მამის დაბადების დღისთვის მისალოცი ლექსი ,მაგრამ ბოლომდე ვერ წარმოთქვეს სათქმელი - ცრემლებმა, მონატრებამ, ამის საშუალება არ მისცა.
გმადლობ, თქვენ, ამ ცრემლებისთვის, რომლის საძირკველზეც მომავლის მშვიდობიანი სიცოცხლე დგას! სწორედ რომ, გმირის სახელი ჰქვია ჩვენი აღსაზრდელების დისველის სწავლის კერას - ასლან შაინიძის სახელობის სოფ. დისველის საჯარო სკოლას და აქ ნებისმიერმა მოზარდმა იცის, ვინ იყო ის გმირი, რომლის ფოტოც სკოლის საყრდენ კედელზეა დაბრძანებული და თბილი მზერით აცილებს პატარა შეგირდებს...
და, იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა თქვენ გაჩნდით ამ ქვეყანაზე! ასლან შაინიძე, კაპრალი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ