სიახლეები
სკოლები

ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია სპორტის წარმატებულ მასწავლებელს - ნანი კირკიტაძეს გვაცნობს
17-08-2020
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია სპორტის წარმატებულ მასწავლებელს - ნანი კირკიტაძეს გვაცნობს. დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები მადლობას უხდიან სპორტის მასწავლებელს მიღწეული წარმატებებისთვის.

დირექტორი ტარიელ მიქელაძე გაზეთ „აჭარის“ მიერ სპორტის პედაგოგთან ჩაწერილ ინტერვიუს გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

წარმოგიდგენთ აჭარის ძიუდოსა და სამბოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ქალებში, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, ხელვაჩაურის რაიონის ახალსოფლის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელს, წლის საუკეთესო მწვრთნელს (მრავალგზის) როგორც ხელვაჩაურის რაიონის, ისე აჭარის მასშტაბით, ნანი კირკიტაძეს, რომელიც პარალელურად ესთეტიკა-პლასტიკურ კლინიკაში თურქული ენის თარჯიმნად მუშაობს.

დაიბადა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში, აქვე დაამთავრა სკოლა, შემდეგ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზკულტურის ფაკულტეტი.
– ქალბატონო ნანი, რამ განაპირობა, რომ ეს სპეციალობა აირჩიეთ?
– თავიდანვე სპორტით არ ვიყავი გატაცებული, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობა მსურდა. ჩვენი ოჯახი პოლიგონთან ცხოვრობდა და სამხედროებთან მოსახლეობას ხშირად უწევდა ურთიერთობა, სკოლაშიც ყველაზე კარგად რუსულ ენას ვსწავლობდი. ეს ჩემი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სვეტლანა დავითაძის დამსახურებაც იყო, რომელიც ძალიან ძლიერი პედაგოგი გახლდათ.
– და რატომ ამჯობინეთ რუსული ენის პედაგოგობას მწვრთნელობა?
– ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემი სკოლის სპორტის მასწავლებელმა ვახტანგ ზაქარაძემ და მისმა შვილმა სიმონმა, რომელიც ასევე, ჩვენს სკოლაში ფიზკულტურას ასწავლიდა. შესაძლოა, იმანაც განაპირობა, რომ ჩემს ძმას ზურაბ კირკიტაძეს მძლეოსნობაში საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდა, აჭარის ნაკრების წევრი იყო და ხშირად დაჰყავდათ შეჯიბრებებზე. ერთ დღეს სკოლებს შორის რაიონული შეჯიბრება ტარდებოდა, რომელშიც როგორც რაიონის, ისე ქალაქ ბათუმის სკოლების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. მეც გამიყვანეს შეჯიბრებაზე, რადგან ძალიან კარგი სპორტული მონაცემები მქონდა _ ერთნაირად ვთამაშობდი კალათბურთს, ხელბურთს, ფეხბურთს, მოკლე დროში შემეძლო იარაღის (ავტომატის) აწყობა, ვიყავი საკმაოდ მოქნილი, სწრაფი. . . როცა შეჯიბრებაზე გამიყვანეს, იმდენად კარგი დრო ვაჩვენე, ყველას მორბენალი ვეგონე. ამის მერე ბათუმელმა მწვრთნელებმა ქალაქში, ბაზაზე დამიბარეს. დავიწყე ვარჯიში ჯერ კარლო გიორგაძესთან, შემდეგ სვეტლანა უტიანსკაიასთან. იმის გამო, რომ სპორტში აქტიურად ჩავერთე, სპორტის მასწავლებლობა მომინდა. ასე ჩავაბარე უნივერსიტეტში, რომელიც საკმაოდ წარმატებულად დავამთავრე. სტუდენტობის დროსაც აქტიური ვიყავი. მახსოვს, ბრაზილიელებს ვეჯიბრებოდით სირბილში და შვიდკილომეტრიან დისტანციაზე მესამე ადგილი დავისაკუთრე. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მომაკითხეს ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორმა და სპორტის მასწავლებელმა სახლში და სკოლაში სპორტის მასწავლებლის ადგილი შემომთავაზეს. საბუთებს ვამზადებდი ხელვაჩაურის რაიონის განათლების განყოფილებაში, სადაც სარფის საჯარო სკოლის დირექტორიც იმყოფებოდა. მთხოვეს, სარფის სკოლაშიც ჩამეტარებინა სპორტის გაკვეთილები, მაგრამ ჩემს სკოლას ვერ ვუღალატებდი და. . . ასე გავხდი ახალსოფლის საჯარო სკოლის უფროსი კლასების სპორტის მასწავლებელი. ვასწავლიდი სპორტის ყველა სახეობას – კალათბურთს, მაგიდის ჩოგბურთს, ხელბურთს, ფრენბურთს, მძლეოსნობას. . . დღემდე ბავშვებთან ერთად ვვარჯიშობ და სხვადასხვა გუნდშიც ვთამაშობ, მეკარეც კი ვარ. . . 

– უფროსკლასელებთან ურთიერთობა არ გაგიჭირდათ? თქვენ ხომ თითქმის თანატოლები იყავით?
– პედაგოგიური მონაცემებიც კარგი აღმომაჩნდა, ბავშვები ძალიან მიყვარს და მომწონს მათთან ურთიერთობა, ასეთ დროს კი მუშაობა არ არის რთული, ამასთან, თუ საქმის პროფესიონალი ხარ, მათ თვალში ორმაგად მაღლდები.
– პირველი პედაგოგიური წარმატება სპორტის რომელ სახეობაში იზეიმეთ?
– რადგანაც სპორტის თითქმის ყველა სახეობაში წარმატებული ბავშვები მყავდა, როგორც ხელვაჩაურის, ისე აჭარის მასშტაბით, მთხოვეს, რომ გოგონების ძიუდო აღმედგინა. ადრე სპორტის ამ სახეობაში მათ აწ გარდაცვლილი თამაზ კილაძე ავარჯიშებდა. თავიდან არ დავთანხმდი, ვუთხარი, რომ ძიუდოსი არაფერი გამეგებოდა, მაგრამ მითხრეს, რომ მწვრთნელად ამ საქმის კარგ მცოდნეს, ძიუდოისტ ნათია აბუსელიძეს მოიყვანდნენ. ის გოგონებს ძიუდოში ავარჯიშებდა წესების მიხედვით, მე კი მათ მოქნილობაზე, ფიზიკურ მომზადებაზე, სისწრაფეზე ვიზრუნებდი. ასე დავიწყე ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში 2004 წლიდან ძიუდოში გოგონების ვარჯიში. მე და ნათია აბუსელიძე დღემდე ასე ერთად მოვდივართ. მე ვარ დიდების და ახალგაზრდების ნაკრების მთავარი მწვრთელი ძიუდოსა და ახლა უკვე სამბოში, ნათია კი კადეტების ნაკრების მთავარი მწვრთნელია. რაც შეეხება სამბოს, მეორე წელია რაც სპორტის ამ სახეობით დავინტერესდი და ძიუდოსთან ერთად სამბოს ჯგუფიც დავიმატე,
– როგორ გაიხსენებთ თქვენი სპორტსმენების წარმატებას?
– ჩემი და ნათიას მიერ მომზადებული გოგონების პირველი სერიოზული შეჯიბრება იყო საქართველოს პრეზიდენტის თასი, რომელიც თბილისში ტარდებოდა. შეჯიბრება დაიწყო და აღმოჩნდა, რომ რაოდენობრივად ყველაზე მეტი სპორტსმენი ჩვენ გვყავდა ჩაყვანილი. მახსოვს შორენა შარაძე მესამე ადგილისთვის ხვდებოდა ცნობილი სპორტსმენის ნინო ოძელაშვილის დას. სამი წამია დარჩენილი და შორენა ისეთ პოზიციაშია, ვიფიქრე, წააგო-მეთქი და უცებ, ამ ჩემმა გოგომ მოწინააღმდეგის შებოჭვა მოახერხა და მედალიც დაისაკუთრა. ეს 12-13 წლის გოგონას დიდი წარმატება გახლდათ. სულ მოკლე დროში შორენა საქართველოს ნაკრებში შეიყვანეს. შემდეგი იყო საქართველოს პირველობა, საიდანაც აჭარის ნაკრების წევრები ყველაზე მეტი მედლებით დაბრუნდნენ, მათ შორის იყვნენ ჩემპიონებიც, პრიზიორებიც.
– აჭარის ნაკრები სად ვარჯიშობს?
– ჩვენი ძირითადი ბაზა ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაშია, სადაც ვარჯიშობენ სპორტსმენები როგორც ხელვაჩაურის სხვადასხვა სოფლიდან, ისე ბათუმიდანაც.
– ძიუდოსა და სამბოში ვარჯიშის მსურველი გოგონა ბევრია?
– 2005 წელს როცა პირველად დავიწყეთ ვარჯიში, საკმაოდ ბევრი გოგონა გაწევრიანდა, შემდეგ _ იკლო. ჩემი აზრით, მობილურებში `ჩარგეს თავი~ და . . . თუმცა, ახლა ისევ უბრუნდებიან სპორტის ამ სახეობებს და ვფიქრობ, ამაზე ჩვენი სპორტსმენების წარმატებებმა იქონია დადებითი გავლენა, თანაც, კარგმა პირობებმა – სპორტსმენი შეჯიბრებაზე უფასოდ მიდის, ინვენტარი, სპორტული ფორმა, კვება უფასოა, ვარჯიშშიც ფულს არ იხდიან, მათ მხოლოდ კარგი ვარჯიში ევალებათ.
– რა ასაკიდან მოდიან?
– პირველი კლასიდან, თუმცა საბავშვო ბაღის აღსაზდრელებიც მყავს.
– რას საქმიანობდით საგანგებო მდგომარეობის დროს?
– პანდემია სანამ დაიწყებოდა, აქტიურად ვიყავით ჩართულები შეჯიბრებებში, თუმცა შემდეგ რიგი ასპარეზობა გაუქმდა, მათ შორის, ჩემი სახელობის ტურნირი, რომელიც მეორედ უნდა ჩაგვეტარებინა, ასევე სხვა ტურნირები როგორც აჭარის, ისე საქართველოს მასშტაბითაც. მონაწილეობა უნდა მიგვეღო ევროპის ჩემპიონატებში სამბოში – კადეტებშიც და დიდებშიც.
– რამდენად პერსპექტიული სპორტსმენები გყავთ ახლა?
– წელს, თებერვალში თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე 2003-2005 წლებში დაბადებული 9 სპორტსმენი მონაწილეობდა აჭარიდან. მათგან ფინალში ორმა იასპარეზა – მარი ველიაძემ და მარიკა ფოთელიძემ ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს. მათ გარდა ძალიან კარგი სპორტსმენები არიან ნინო ფოთელიძე, თამუნა დოლიძე, ქრისტინა მამულაძე, ნატო ფოთელიძე, მაგდა შარაძე, ლიკა შარაძე, მარი ველიაძე. ნინი დარჩია ბათუმიდან დადის და მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ. აღსანიშნავია, რომ მისი ბებია მკლავჭიდელი ნინო ბასილაძეა, დედა ნონა ბასილაძეც სპორტითაა დაკავებული – მკლავჭიდელი და მოკრივეა. პატარებში არიან მარიამ წულუკიძე, მარი მახარაძე. . . კარგი შედეგი აქვს მარიამ ჭიჭვეიშვილს – პრიზიორია. ვინც ჩამოგითვალეთ, პატარები არიან, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატზე ვინც იჭიდავა, პრიზიორი გახდა. ზოგი მათგანი თურქეთშიც გამყავს საერთაშორისო შეჯიბრებებზე და არცერთი უმედლოდ არ ჩამოსულა.
– პირველ თაობას როგორ დაახასიათებთ?
– ის თაობა მართლაც გამორჩეული იყო. აუცილებლად უნდა ვახსენო სხვადასხვა მნიშვნელოვანი ტურნირის გამარჯვებულები, ევროპის ჩემპიონები ძიუდოში, მსოფლიო პრიზიორები სამბოში შორენა შარაძე (2010 წლის ევროპის ჩემპიონია), ირინა ლეონიძე. . . სხვათა შორის, შორენა შარაძე ცნობილი მოჭიდავის, მსოფლიო ჩემპიონის ლაშა გობაძის მეუღლეა და მალე ალბათ მათი შვილებიც გააგრძელებენ მშობლების სახელოვან სპორტულ ტრადიციას.
– თქვენ გიმსაჯიათ კიდეც შეჯიბრებებზე. . .
– დიახ, ბათუმში ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატი ქვიშაზე, პლაჟზე ჭიდაობაში. სხვათა შორის, ჩემი სპორტსმენებიც გამოვიდნენ და ორი ჩემპიონი გახდა. მე, როგორც მწვრთნელი, ძალიან ვაქტიურობდი, მსაჯობა მომინდა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია ბათუმში ჩამოსულ ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის ხელმძღვანელს, ახლოს გააცნეს ჩემი ვინაობა და შემეკითხა, ხომ არ ვიმსაჯებდი. დავთანხმდი და თავისი სასტვენი საჩუქრად გადმომცა . . . მშვენივრად ვიმსაჯე. . . როცა დაინახეს, რომ ჩემმა გოგონებმა წარმატებულად იასპარეზეს, ქვიშის რაგბიშიც შემოგვთავაზეს მონაწილეობა იქაც მოვიგეთ, 
ფეხბურთშიც გავიმარჯვეთ კოკა-კოლას მიერ ორგანიზებულ ტურნირში, ფინალში წავაგეთ თბილისში, თორემ ბარსელონაში მოგვიწევდა გამგზავრება. წარმატებით გამოვიდნენ წელს ჩემი აღსაზრდელები მოსწავლეთა სპორტულ თამაშებში, ასევე საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებულ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში. მოვიგეთ აჭარის ოლიმპიადა მინიფეხბურთში ვაჟებში, გვიწევდა გასვლითი თამაშები თბილისში, რაც პანდემიამ შეაჩერა. სოცქსელის მეშვეობით ყველა ოჯახს `ვსტუმრობდი~, ჩემი სპორტსმენებიც იღებდნენ მათ მიერ ჩატარებული ვარჯიშების ვიდეოს და მიგზავნინდნენ. ინტერნეტში ჩვენი ჯგუფი გვაქვს შექმნილი და ამ ვიდეოებს აქაც ვტვირთავდით, რომ ყველას ენახა. სამწუხაროდ, ჯერ გარკვეული არ არის, რა შეჯიბრებები ჩატარდება და როდის, მანამდე ვცდილობთ, არ გავჩერდეთ, რათა ფორმა შევინარჩუნოთ.
– რას აძლევს ძიუდო გოგონებს?
– უპირველესად, სოცქსელს შორდებიან და ეს ჩემთვის მთავარია, სპორტის გარდა, ადამიანობას სწავლობენ, დისციპლინას ეჩვევიან, მოწესრიგებულები ხდებიან. შეიძლება ყველა ჩემპიონი ვერ გახდეს, მაგრამ კარგ ადამიანად ნამდვილად ჩამოყალიბდება. თუმცა, ყველანაირი პირობა აქვთ, რომ სპორტში მაღალ შედეგებს მიაღწიონ.

მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილს, რომელმაც ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რომელზეც წლები ვოცნებობდით, ძალიან მოკლე ვადაში მოგვიწყო.
ნანი კირკიტაძეს ჰყავს შვილი კახა ფუტკარაძე და რძალი თეა გოგიჩაიშვილი. ამბობს, რომ მისი სახით რძალი კი არა, ქალიშვილი შეიძინა. კახა თავდაპირველად ძიუდოში ვარჯიშობდა, მაგრამ შემდეგ მეზღვაურობა ისურვა. ქალბატონ ნანის სურს, ჩვენი გაზეთის მეშვეობით მადლობა გადაუხადოს ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექციას, პირადად დირექტორ ტარიელ მიქელაძეს. ამ სკოლიდან არაერთი მოსწავლე ასპარეზობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში და ხელმძღვანელებისგან ძალიან დიდი ხელშეწყობა აქვთ. დიდი წარმატებები კი სკოლიდან იწყება.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება