მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გელათის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებლები თავიანთ ნააზრევს გვიზიარებენ, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე პედაგოგი. გაეცანით, რას ფიქრობენ მასწავლებლები საგანმანათლებლო პროცესებზე:
ელისო მაწკეპლაძე - ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი:
„ბავშვობიდანვე მასწავლებლობა ჩემთვის საოცნებო პროფესია იყო. ახლა მასწავლებლობა ჩემთვის მუდმივი ძიების გზაა!
ჩემი აზრით, მასწავლებელი განუწყვეტლივ უნდა ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე, მუდამ მზად იყოს სიახლეებისთვის, ეფექტურად თანამშრომლობდეს კოლეგებთან, რაც გაზრდის მის პროფესიონალიზმსა და კომპეტენციას.
თანამედროვე მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად უნდა მუშაობდეს საგნობრივ და სოციალურ პროექტებზე, სწავლა-სწავლების პროცესში გამოიყენოს ინოვაციური მეთოდები, გაიზიაროს სხვისი და გააზიაროს საკუთარი გამოცდილება, იკვლევდეს მოსწავლეების საჭიროებებსა და შესაძლებლობებს...
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში თავიდანვე ჩავერთე. ვთვლი, რომ, მიუხედავად სქემის ხარვეზებისა, ამ პროცესებმა ხელი შეუწყვეს ჩემს პროფესიულ განვითარებას. გავიცანი კომპეტენტური ადამიანები, ძალიან კარგი მასწავლებლები, კოლეგები, რომლებიც უშურველად მიზიარებდნენ გამოცდილებას. მათთან ყოველი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
ამჟამად ვარ ჩართული ,,ახალი სკოლის მოდელში“. პროექტში ჩართულია პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც ზრუნავს არამარტო მასწავლებელთა გადამზადებაზე, არამედ სკოლებში არსებული პრობლემების აღმოფხვრასა და მომავალი თაობის აღზრდაზე.
კოლეგებთან ერთად ვაგრძელებ პროფესიულ განვითარებას. კლასში ხომ 21-ე საუკუნის მოსწავლე გვხვდება, რომელიც ციმციმა თვალებით გვიყურებს, როგორ მივაწოდებთ მისთვის საინტერესო მასალას. უნდა იცოდეს, დღეს მიღებული ცოდნა და უნარები მას რაში დასჭირდება. ვფიქრობ, ეს ყველაზე მთავარია!“
ასმათი დათიაშვილი - ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი
„რაც დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რომ მასწავლებლობა სწორედ ის პროფესიაა, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრების შევსება და გამრავალფეროვნება შეუძლია. პედაგოგობა მმატებს ღირსებას, საკუთარი თავის რწმენას... ახლა რომ მკითხონ, ისევ იმ პროფესიას ავირჩევდი თუ არა, დიახ, ისევ მასწავლებელი გავხდებოდი.
გულწრფელად რომ ვთქვა, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა ჩემთვის თავიდანვე დიდი გამოწვევა იყო. ეს იყო პროფესიული განვითარების გზა განსხვავებული გრძელვადიანი მიზნითა და მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლის საშუალებითაც ვიღრმავებდი ცოდნას, უკეთ ვეცნობოდი საკუთარ შესაძლებლობებს და მაქსიმალურად ვცდილობდი თვითრეალიზებას.
ვფიქრობ, მოსწავლეებს მოსწონთ ისეთი მასწავლებელი, რომელიც ქმნის უსაფრთხო, სანდო და მეგობრულ საგანამანათლებლო გარემოს, სადაც მოსწავლე აღიარებულია როგორც ინდივიდი, თავისუფლად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას და თამამად სვამს შეკითხვებს. ამიტომაც საგაკვეთილო პროცესი უნდა იყოს ინოვაციური, სწორად დაგეგმილი, მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და საჭიროებაზე მორგებული, მიზნის შესაბამისი მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით გაჯერებული. საგაკვეთილო პროცესის ბოლოს მოსწავლემ აუცილებლად უნდა მიიღოს მასწავლებლის ობიექტური შეფასება, კონსტრუქციული უკუკავშირი“.
ნათია იდაძე - დაწყებითი კლასის წამყვანი მასწავლებელი:
„ხშირად ვფიქრობ იმაზე, როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი. იგი უნდა იყოს კრეატიული, პოზიტიური, ორიენტირებული თვითგანვითარებაზე ... რაც მთავარია, უნდა ესმოდეს ბავშვის და პოულობდეს მათში ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. მოსწავლეებს მოსწონთ აქტიური, საინტერესო, მეგობრული მასწავლებელი, რომლისთვისაც თითოეული მოსწავლის აზრი მნიშვნელოვანია.
რაც დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მასწავლებლობა სწორედ ის პროფესიაა, რომელიც მაბედნიერებს. ჩემს კოლეგებთან ერთად თავიდანვე ჩავერთე პროფესიული განვითარების სქემაში. ვთვლი, რომ სქემის ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა ,,გამზარდა“. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ის შეხვედრები, ტრენინგები, რომლებსაც დროდადრო გავდიოდი. ახლაც არ ვწყვეტ პროფესიულ განვითარებას... პირიქით, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ სიახლეს გავეცნო და პრაქტიკაში განვახორციელო.
იმისათვის, რომ პედაგოგმა მოსწავლე მაქსიმალურად ჩართოს საგაკვეთილო პროცესში, გაკვეთილი კი უნდა იყოს მრავალფეროვანი აქტივობებითა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გაჯერებული. თუ თოთოეული მოსწავლე იქნება გაკვეთილზე მიზნის შესაბამისად ,,დასაქმებული“ (ეს იქნება ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად) მათი აქტიურობა, ჩართულობა გაიზრდება, რაც უკეთესი შედეგების მიღწევაში დაგვეხმარება“.
ხათუნა კაპანაძე - ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი:
„ჩემი აზრით, თანამედროვე მასწავლებელი უნდა იყოს სიახლეების მაძიებელი, თვითკრიტიკული, მოსწავლეთა საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე, კოლეგებთან თანამშრომლობაზე ორიენტირებული. მოსწავლეებს ისეთი მასწავლებლები მოსწონთ, რომლებმაც კარგად იციან მათი ფსიქოლოგია.
თანამედროვე მასწავლებელი უნდა გეგმავდეს მათთვის საინტერესო გაკვეთილებს. ,,სწავლა კეთებით“ ძალიან ეხმარება ჩემს მოსწავლეებს ახალი მასალის დამახსოვრებაში, ცოდნის ტრანსფერში. საგაკვეთილო პროცესში ხშირად ვიყენებ საინტერესო, სახალისო და ეფექტურ აქტივობებს. განსაკუთრებით მოსწონთ ექსპერიმენტები, ცდები, კვლევები...“
ნატო ნემსაძე - დაწყებითი კლასის წამყვანი მასწავლებელი:
„თანამედროვე მასწავლებელი პროგრესულად უნდა აზროვნებდეს, იოლად იღებდეს სიახლეებს. მოსწავლეებს ისეთი მასწავლებელი მოსწონთ, რომელსაც აქვს მოსმენის უნარი, მეგობრულია და უყვარს საგანი, რომელსაც ასწავლის.
ჩემი აზრით, პედაგოგმა რომ ზედმიწევნით შეასრულოს თავისი მისია, უნდა იცნობდეს ბავშვის ფსიქოლოგიას, იმ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც დასჭირდება საგანმანათლებლო პროცესში.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, პროცესი უნდა იყოს გრძელვადიან მიზანზე გათვლილი, შეესაბამებოდეს კლასის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.
მთავარია, მოსწავლეს ავუმაღლოთ შინაგანი და გარეგანი მოტივაცია, რათა გაუმჯობესდეს სწავლა-სწავლების ხარისხი. შედეგი რომ ეფექტური იყოს, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს შევთავაზოთ საინტერესო, სახალისო და საინტერესო აქტივობები.
მე ვფიქრობ, მშობელთა ჩართულობაც ძალიან ეხმარება სკოლას სწორი პოლიტიკის შექმნაში. ხშირად უნდა ჩატარდეს ისეთი სასკოლო აქტივობები, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან მშობლები“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...