მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ასლან შაინიძის სახელობის, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილია ამჯერად დედაშვილობაზე გვესაუბრება და საზოგადოებას თავის შემოქმედებას აცნობს:
ყამარი
ნათლად მახსოვს გადაღლილს, უნებურად ღრმად ამოვისუნთქე, ოხვრასავით აღმომხდა ვაიმე, დედაჩემო-თქო! და ტახტზე წამოწოლილმა დედამ, თვალების არეალი გააფართოვა. რა იყო, შვილო?რამე ხომ არ გტკივა? რამე ხომ არ გაწუხებს?
თვითონ ავადმყოფობისაგან დაცვარულს, ჩემს საშველად არც კი დაუკვნესია, ისე წამოიმართა. ამის შემხედვარე, ბედნიერებისგან თვალებზე ცრემლი მომადგა. უკვდავი ადამიანი ვარ და იცით, რატომ? იმიტომ, რომ დედა მყავს... ესე იგი, მარტო არ ვარ! ესე იგი, ჩემს უკან კლდეა, ჩამომდგარი! უძლეველი, უშველებელი და შეუდრეკელი. ისეთი მტკიცე, რომელიც სიკვდილსაც კი შეერკინება!
დავამშვიდე, დავუყვავე, ავუხსენი ჩემი უნებლიე გმინვა, დედაშვილურ ინსტინქტზე რომ არის დაფუძნებული. მისი ზეგავლენა რძეშეუშრობელ ახლშობილად რომ გაქცევს და როდესაც გტკივა, გიხარია ან დაღლილობისგან, სნეულივით, სავარძელზე მიასვენებ სხეულს, საშველად დედას ითხოვ.
გვერდით ჩამომიჯდა, ხელი ხელზე დამადო, დადარდიანებული სახით მკითხა...
დაიღალე, შვილო?
არა, დედა, არა , მალე ავდგები...
ეეეჰ, ვიცი, რომ დაიღალე, მაგრამ არ ამბობ, უთქმელი და უსიტყვო ხარ... მაგრამ ნუ დარდობ, ყველაფერი გადაივლის... ბავშვობაც გადატვირთული განცდებით გქონდა სავსე და ახლაც ემოციები გიღრღნის გონებას. მთელი ცხოვრება ბრძოლაში ხარ, განა, არ ვიცი! განა, ვერ ვხედავ! მაგრამ შენ დედა ხარ, ამ ანგელოზების გამზრდელი დედა და შენი უნებლიე დაბრკოლება ღალატის ტოლფასია.
ვიცი, დედა, ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება!
ახლა ვფიქრობ და ვაანალიზებ, როგორი უცნაური იყავი. განსაკუთრებულად ჩაკეტილი შენს დარდსა და ვარამში... ყველაფერს უსიტყვოდ იტანდი, უძლებდი, როგორც შეგეძლო, როგოც ამას გარემოება ითხოვდა. ბევრი გაჭირვება, შეურაცხყოფა, უპატივცემლობაც გადაგიტანია, მაგრამ ახლა შემართული იღვწი წინ, მომავლისაკენ. ახლაც, როდესაც დაღლილი სახით გხედავ, სული მტკივა. ის წარსული ლანდები ჩამისახლდება ხოლმე გონებაში და გულს მიჭამს... მე ნათლად ვხედავ შენი ტკივილის წნეხს, თითოეულ ამოგმინვას და გარწმუნებ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, დადებითი თუ უარყოფითი იქნება შენი პასუხი.
დედამ თავი ჩამალა ხელებში, თითქოს თითების ტყვეობაში, მზერას ვერ შევავლებდი მის ცრემლიან თვალებს. სევდიანი ხმა კი საუბარს განაგრძობდა. ნეტავ, ასე ახლოს მყოლოდა დედა და მასაც ეგრძნო ჩემი განცდები, წაეკითხა ის ნაღველი და ტკივილი, რასაც სკოლის ბავშვი უსიტყვოდ იტანდა. ბევრჯერ მიტირია, ბევრჯერ მტკენია, მაგრამ ვაიმე, დედა! არასოდეს დამიძახია, არასოდეს!
- რატომ, დედა?
- წლების განმავლობაში ჩემი მეურვე, აღმზრდელი დედაც და მამაც, პაპა იყო... სოფელში ვიზრდებოდი სკოლის ასაკამდე, შემდეგ დედაქალაქში ჩამოვედი, ასე მოისურვეს ჩემმა მშობლებმა. ძალიან მძიმე იყო სამყაროს რადიკალური გარდაქმნა. უდარდელ ცხოვრებას შეგუებული, განსხვავებულ ატმოსფეროში რეალიზება. პირველად ექვსი წლის ვიყავი, როდესაც მშობლები, სიდუხჭირის გამო, სამუშაოზე წასასვლელად იძულებულნი გახდნენ,გამოკეტილი კარის მიღმა დავეტოვებინე. დილით გაღვიძებულს ცარიელ სივრცესთან ჭიდილს საათობით ვერკინებოდი, იალაღებზე გაზრდილი, გალიაში გამომწყვდეული ცხოველივით ვეჯაჯგურებოდი კარებს; დამფრთხალი ჩიტივით ვფართხალებდი, განწირული ხმით ვკიოდი, უიმედოდ ვითხოვდი თავისუფლებას, მაგრამ ვინ გამიღებდა კარს, ზღურბლსმიღმა ხომ ისევ ცივი, უსიტყვო სიცარიელე სუფევდა. ტირილისაგან დაღლილს ხან იატაკზე, თუ გამიმართლებდა, ქვეშაგებზე მიმეძინებოდა. სიზმრად პაპას ვხედავდი და ჩემი სოფლის ეზო-კარს, როგორ მენატრებოდა ყველაფერი, რაც მის სახელს მაგონებდა, ვიცი და მჯერა, რომ ჩემი აღმზრდელი არასოდეს გამწირავდა ამხელა ტკივილისთვის.
ყოველ ამოსუნთქვას გამალებით დარაჯობდა, გრძნობდა და განიცდიდა ჩემს უსაზღვრო სიყვარულს. ერთხელ ბალღობის სიცელქისგან დაღლილს, ბალახზე ბანგივით ჩაძინებულს, პაპის განწირული ხმა შემომესმა. გამოვიღვიძე და რას ვხედავ, ჩემსკენ წამოსულ ქვეწარმავალს მოხუცი ცელით უსერავდა სხეულს და ბოლო ხმაზე დაჭრილი დათვივით ღრიალებდა: ჩემს ყამარისთან რა გინდოდა, შენ, უხსენებელოო!ცხენზე შემომჯდარი გამიყოლებდა პაპა ვენახში და მერე ხეხილის ბაღებში უდრტვინველად დავხტოდი. მიხაროდა ყოველი დღის გათენება და დაღამება. იქ ხომ შეუცვლელი სილაღე და სიყვარული სუფევდა. პაპამ მოფერებით დამარქვა ყამარი და დღესაც ეს სახელი შორეულ წარსულს მახსენებს. გამოღვიძებულს დედა მოსული მხვდებოდა და ჩახუტების სურვილი, სამწუხაროდ, არ მიჩნდებოდა. ალბათ, იმიტომ, რომ პაპა ვნახე სიზმრად და ჩემთვის ის ყველაზე დიდი ნუგეში იყო. ჩემი საბრალო დედა მთელი დღე მუხლჩაუხრელად შრომობდა, მე რომ გამოვეკვებე; ახლა მესმის, რამხელა ნერვიულობის ქვეშ იყო, როდესაც სამსახურში წასული სრულიად მარტო, მეთვალყურის გარეშე მტოვებდა. მაშინ კი ვერანაირად ვერ ვამართლებდი, პირიქით, ვგმობდი, ხანდახან მძულდა კიდეც. ამ სიმარტოვის ეიფორიაში, შიშით ვცახცახებდი, მაგრამ ბავშვური განცდები მაინც მიბიძგებდა, უდარდელობისაკენ. ცრემლნარევი თვალებით შევავლებდი თოჯინას ხელს, ჩავაცმევდი კაბას, დავაძინებდი, დედასავით ჩავიხუტებდი და იმ ზრუნვით ვეალერსებოდი, რომელიც მე უსაზღვროდ მენატრებოდა. მერე ვიმღერებდი, ვიცეკვებდი, ოღონდ ჩემი ფიქრი მაინც იმ უნიათო ოთახის კედლებს მიღმა იდგა და დარაჯობდა, როდის გაიღებოდა ეს ავბედითი კარი.
კარი ღია არასოდეს დაუტოვებიათ, დედა?ძლივს შევიკავე ცრემლები ამ კითხვის წარმოთქმისას; გულწრფელად გითხრათ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი მის ასეთ შავბედით დარდებს. ხასიათში არ იჯდა ნაღველი. მაგრამ გული რას ინახავს, მხოლოდ გულმა იცის. გაზაფხულივით ნაირფერი მეგონა მისი განვლილი ცხოვრება.
ხანდხან გაღვიძებულს კარი ღია დამხვედრია, მაშინ გზის გასაყარარზე ჩამოვიდოდი და ისევ სახლში ავრბოდი, ტირილით მივდევდი დედის განვლილ გზას ასე მეგონა, რომ მელოდა, მაგრამ არავინ მხვდებოდა უცნობი, ცნობისმოყვარე სახეების გარდა... ამიტომ იმედგაცრუებული ავრბოდი სახლში, ისევ ჩემს მარტოობას ვეჭიდებოდი, ისევ ჩემს ფიქრებს ველამუნებოდი. მახსოვს, საცხოვრებლად მრავალსართულიან შენობაში გადავსახლდით და იქაც არ ამცდა მარტოდ ყოფნის სასჯელი. ბავშვების ხმაზე ეზოში ჩამოვედი, თამაშში გართულს კი დამიგვიანდა სახლში ასვლა, საცოდაობა ის იყო, რომ უკან ასასვლელი გზა ვერ გავიკვლიე. ეზოში უსუსური, უმწეო ტირილი მოვრთე. ამის შემხედვარე მეზობელს სიბრალულისაგან გული შეეკუმშა და დახმარება შემომთავაზა. ვიცანი ის კიბეები, რომლიც რამოდენიმე საათის წინ დაუფიქრებლად ჩამოვირბინე, თურმე რა მარტივი ყოფილა, ჩემდაუნებურად გავიფიქრე და დამშვიდებული შევაღე ბინის კარი.
- დედასთან როდისმე გისაუბრია შენს ბავშვურ განცდებზე?
- მოზრდილ ასაკში, ვკითხე არსებული სიტუაცია, რის გამო იყო ჩემთვის სასჯელი. პასუხი გახლდათ მოკლე და ლაკონური: დროებამ მოიტანა და იძულებული ვიყავი, ცხოვრების დინებას გავყოლოდი .
მე არ ვიცი, წყლის დინებას ვინ, საით მიჰყავს, მაგრამ გეტყვი ერთს, რომ ის ავბედითი წლები ჩემს ცნობიერებას შავი ზოლივით გასდევს. მხოლოდ მაშინ ვიყავი ბედნიერი, როდესაც პაპას მოვლილ ცხენზე უშფოთველად შემოვჯდებოდი, მოვივლიდი სოფლის შარაგზას და ყველა სიყვარულით შემომძახებდა, ყამარი, ვისი გოგო ხარ შენ? დედასი თუ მამასიო? - დიდი სიხარულით და სიამაყით ვპასუხობდი - მე პაპას გოგო ვარ! ასე იყო, არის და იქნება!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...