სიახლეები
სამასწავლებლო

დამლაგებლების არსებული შტატი ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევას - რა საფრთხეებს ხედავენ სკოლის დირექტორები ახალ რეკომენდაციებში?
30-08-2020
-
+


ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, სასწავლო პროცესის დასაწყებად რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომენდაციების ვრცელმა ჩამონათვალმა სკოლის დირექტორებს ახალი თავსატეხი გაუჩინა. მათ 15 სექტემბრამდე მოუწევთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის შესაბამისი სასწავლო მოდელი შეიმუშაონ. დირექტორების ნაწილი წუხს, რომ სკოლაში დამლაგებელთა საკმარისი რაოდენობა არაა, რათა რეკომენდაციების შესაბამისად, დასვენებებსა და ცვლებს შორის სანიტარულ-ჰიგიენური წესები ზედმიწევნით დაიცვან. ასევე პრობლემაა ბუფეტების/სასადილოების გახსნაც, რადგან მოსწავლეთა დისტანციის დაცვა რთული იქნება. ამ და სხვა გამოწვევებზე დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ:

თბილისის
N115 საჯარო სკოლის დირექტორი ფიქრია ღამბაშიძე

„სასწავლო წლის დასრულებისთანავე დავიწყეთ მუშაობა ადაპტირებაზე, თუ როგორ შევძლებდით მოსწავლეების ნაკადის შემცირებას. გადაწყვეტილება მივიღეთ მაშინვე, რომ ჰიბრიდულ მოდელს ავირჩევდით. ჩვენთან მხოლოდ მე-2, მე-3 და მე-4 კლასი იყო მეორე ცვლაში, შესაბამისად, ახლა უფრო მეტი კლასის გადაყვანის საჭიროება გვექნება. საბაზო საფეხური გადავა მეორე ცვლაში ანუ მე-7, მე-8 და მე-9 კლასი. ვფიქრობთ, რომ ნებადართული ონლაინ გაკვეთილების გრაფიკიც გამოვიყენოთ, განსაკუთრებით მე-11, მე-12 კლასებში. სხვა საფეხურზე არ ვაპირებთ ამას, რადგან მირჩევნია სკოლაში იარონ ბავშვებმა, მშობლების განწყობაც ასეთია.

თუ შაბათი დღე დაგვჭირდა, მაშინ შაბათს ჩავსვამთ ონლაინ გაკვეთილებს. ჯერჯერობით ამ საკითხზე ვმუშაობთ და ვცდილობთ რეკომენდაციებს მაქსიმალურად მოვარგოთ. შაბათ დღეს სკოლაში სწავლას არ ვგეგმავ, რადგან მიმაჩნია, რომ შაბათ-კვირა მაინც დასვენების დღეებია. სხვადასხვა ფორსმაჟორული სიტუაციის გამო ადრე მოგვიწია შაბათობით სწავლა და მხოლოდ პედაგოგები და რამდენიმე ათეული მოსწავლე დადიოდა სკოლაში. ეს ტრადიცია არ გვინდა, რომ გაგრძელდეს.

რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, 5 დამლაგებელი გვყავს სკოლაში. ვფიქრობ, რომ ძალიან ყოჩაღები არიან და თავი უნდა გაართვან, მაგრამ იმდენად მცირე არის ანაზღაურება, ალბათ, დამატებით წახალისება მოგვიწევს. ისედაც ორჯერ ალაგებდნენ სკოლას და ახლა მოუწევთ, ფეხზე იდგნენ ყოველ დასვენებაზე და ცვლებს შორის პერიოდში. დამლაგებლების საკითხი ნამდვილად იქნება პრობლემა, რადგან შრომა მოუწევთ ძალიან ბევრი. ერთი ადამიანი რამდენად გასწვდება ყველაფერს თითო სართულზე, ცოტა რთული წარმოსადგენია. ცვლებს შორის ერთსაათიანი შუალედი გვაქვს გათვალისწინებული დასუფთავებისთვის. ამ დროში კლასების დეზინფექციას მოვასწრებთ და დრო დარჩება, რომ განიავდეს ოთახები.

თბილისის N118 საჯარო სკოლის დირექტორი გიული შენგელია:

„ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, თუ სწავლების რომელ მოდელს ავირჩევთ, ჯერ მიღებული არ გვაქვს. სავარაუდოდ, უფრო შერეულ მოდელს ავირჩევთ, მინდა 1-6 კლასები მაინც გვყავდეს სკოლაში, იმიტომ რომ ღმერთმა დაგვიფაროს და შეიძლება ისევ გადავიდეთ მთლიანად დისტანციურ მოდელზე (თუ ეპიდვითარება გართულდა), ამიტომ მინდა ახლა მაინც დავტვირთო სკოლაში ბავშვები. მაქსიმალურად მინდა გამოვიყენო დრო, სკოლაში საგაკვეთილო პროცესი მაინც სხვა არის.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ჰიგიენის საშუალებების ნაწილი უკვე შეძენილი გვაქვს, ადრევე შევიძინეთ. ვფიქრობ, 4 დამლაგებლით 2 შენობაში ამდენ სველ წერილს (სკოლაში 8 სველი წერტილია) როგორ გაუმკლავდება. ეს იქნება დიდი გამოწვევა, დამლაგებლები არ გვყოფნის. კლასების დალაგებაზე ზედმეტია საუბარი იმდენი საქმე ექნებათ სველ წერტილებში. ჩვენი სკოლა ორი შენობისგან შედგება. წარმოუდგენელია დამლაგებლები გასწვდნენ ამ ყველაფერს.

არ ვიცი შაბათი დღე რატომ უნდა აირჩიონ სკოლებმა, თუ გვეძლევა უფლება, რომ გვქონდეს შერეული სწავლება. ალბათ, ისეთი სკოლები აირჩევენ შაბათს, სადაც ძალიან ბევრი მოსწავლეა. ჩვენ 1200-ზე მეტი მოსწავლე გვყავს, მაგრამ არ დაგვჭირდება შაბათი დღის ჩართვა. შაბათობით როცა გვქონია სასწავლო პროცესი, მასწავლებელი ყველა დადის, ბავშვები კი - ძალიან ნაკლებად. ისეთი დასწრება არ არის, როგორიც სხვა დღეებში არის ხოლმე. თუმცა თუ საჭირო გახდა, ან უკეთესი იქნება სწავლებისთვის, რა თქმა უნდა, ისე გადავწყვეტთ, როგორც უმჯობესი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე შაბათს სწავლას არ განვიხილავთ.

დიდი პრობლემაა ბუფეტებიც. როგორ წარმოგიდგენიათ 1200 ბავშვიან სკოლაში, სადაც ერთი ბუფეტია, რომ რიგი არ იყოს?! თავიდან იყო მოსაზრება, რომ სახლიდან წამოეღოთ ბავშვებს ლანჩი და ბუფეტებს არ ეფუნქციონირათ, მე ამას მივესალმები. წარმოუდგენელია, რომ ბუფეტთან რიგი არ იყოს, როცა სულ არის 5 დასვენება. ალბათ ასე ისარგებლებს 50 ბავშვი, მეტი ვერ მოასწრებს. სადაც 300-400 ბავშვია, დიდ სკოლებთან შედარებით, მარტივია ყველაფერი, დისციპლინაც, სისუფთავეც, ჰიგიენაც, დიდ სკოლებში რთულია“.

თბილისის N143 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ჭარბაძე:

„რა თქმა უნდა, ჰიბრიდულ მოდელს ავირჩევთ. ყველა რეკომენდაციას დავიცავთ. მოფიქრებული გვაქვს ასე, სანამ რეკომენდაციები მოვიდოდა, მოვიფიქრეთ, როგორ უნდა გაგვეკეთებინა. XI-XII კლასებში ვფიქრობდით, რომ ერთი დღე სრულიად დისტანციური ყოფილიყო. ქვედა კლასებში კი - გაცილებით მეტი კონტაქტური საათი. დაწყებით საფეხურზე ჩვენც ასე ვფიქრობდით, რომ პირველ 4 კლასს აუცილებლად უნდა ევლოთ სკოლაში, რათა სოციალური უნარები გამოემუშავებინათ ბავშვებს. ერთდერთი, რა პრობლემაც გვაქვს, არის რომ ჩვენთან ცვლები სხვადასხვა დროს შემოდიან. ისე, რომ ვერ მოვასწრებთ დასუფთავებას, დეზინფექციის ჩატარებას სანამ ერთი ცვლა გადის და მეორე შემოდის. ზარი ირევა და ბავშვები დაიბნევიან დამატებითი ზარი რომ დავრეკოთ. ნახევარ საათში ცოტა ძნელია იმის დაცვა, რომ დაასუფთავო და დაალაგო.

5 დამლაგებელი იმუშავებს ჩვენთან. ჩვენს დამლაგებლებს ხელფასი მეტი აქვთ, ვიდრე სხვა სკოლებისას, შაბათობითაც მუშაობენ. ანუ მათი სამუშაო დრო 6-დღიანია და არ გვგონია, რომ სანიტარულ-ჰიგიენური მიმართულებით რაიმე პრობლემა შეგვექმნება.

შაბათ დღეს სწავლების იდეა არ მომწონს, იმიტომ რომ დასწრება არ არის სრული. მაგ დღეს დაახლოებით მოსწავლეთა 40-50% ესწრება გაკვეთილებს. ამიტომ არ მომწონს შაბათი დღეების არჩევა, უხარისხო გამოდის სწავლა, ჩვენ სასწავლად მაგ დღეს არ ავირჩევთ, სხვანაირად გადავანაწილებთ“.

ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის დირექტორი მაგდა ბარამაძე:

„ალბათ, შერეულ მოდელს ავირჩევთ. გარკვეულ საგნებს, რომლების სწავლებაც უფრო უპრიანია დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გადავიტანთ, დანარჩენს დავტოვებთ. ვმუშაობთ ამ საკითხზე. საშუალება არის, რომ შემცირდეს გაკვეთილების რაოდენობა. ჯერ არ გადაგვიწყვეტია შაბათი დღის დამატების საკითხი.

ჩვენ გვყავს 4 დამლაგებელი და ვფიქრობ, დასუფთავებას უნდა გავუმკლავდეთ ჩვენი ძალებით, რა თქმა უნდა, ყველაფერს უნდა კარგი დაგეგმვა. ამ საკითხზეც ვმუშაობთ. სავარაუდოდ, ჩვენი სკოლისთვის ეს პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება ბუფეტებს, ამასაც რეკომენდაციის შესაბამისად გადავწყვეტთ, უბრალოდ ამას კონტროლი და მონიტორინგი დასჭირდება“.

თბილისის N24 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი კაკაბაძე:

„ჩვენ მეორე ცვლაში მე-3, მე-4 კლასი გვყავდა. ახლა სრულმასშტაბიან ორცვლიანზე გადავალთ და შეიძლება, შეჭრილი ცვლებიც გვქონდეს. მაქსიმალურად ვცდილობთ მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში ერთჯერადად ნაკლები იყოს და მათ ნაკლები შეხება ჰქონდეთ ერთმანეთთან. ბევრი კონკრეტული რეკომენდაციაა, რომელსაც დავიცავთ, სამინისტრო გვეხმარება თერმომეტრებით, დეზობარიერების გაკეთებით, სადეზინფექციო საშუალებებით. სასწავლო დღე რის საშუალებასაც მოგვცემს, მაქსიმალურად განტვირთვას ვაპირებთ.

ვფიქრობ, შაბათი დღის დამატება არ მოგვიწევს, თუმცა თუ აუცილებლობა იქნება, შაბათ დღესაც ვისწავლით. ჯერ ზუსტად არ ვიცი ეს.

დამლაგებლებს რაც შეეხება, არსებული შტატი ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევას და სავარაუდოდ დავამატებთ დამლაგებლებს. ექიმიც გვყავს და დამრიგებლებიც რაღაც ფუნქციებს აიღებენ საკუთარ თავზე. ჩვენთან სიცხესაც დამრიგებლები გაუზომავენ ბავშვებს, ეს ფუნქცია მათ გადაუნაწილდებათ. მხოლოდ ექიმი ვერ გაუმკლავდება.

ბუფეტების გახსნასაც ვაპირებთ, თუმცა მასაც სპეციფიკური პირობები ექნება, რიგი არ უნდა იყოს, 1 მეტრიანი დისტანცია უნდა დავიცვათ. მანდაც მანდატურებისგან რეგულირება დასჭირდება. თუმცა ბავშვების რაოდენობას ვამცირებთ და თუ ცოტა ბავშვი იქნება, არ იქნება რთულად დასაცავი დღის განმავლობაში აღნიშნული რეკომენდაციები. ამ ეტაპზე სირთულეს ვერ ვხედავ“.

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლის დირექტორი მადონა მუმლაძე:

„ჩვენი სკოლა სამცვლიანია. ორ ცვლაზე გადავალთ, შუალედს გავზრდით როგორც არის რეკომენდაციაში და ისე დავალაგებთ სასწავლო პროცესს, როგორც რეკომენდაციებში გვაქვს მოცემული. სწორედ ახლა ვაზუსტებთ ყველაფერს. შეჭრილი ცვლა აღარ გვექნება. როგორც არის რეკომენდაციებში, დასვენებისთვის სხვადასხვა დრო გვექნება და ვაგვარებთ ამ საკითხს.

ჯერჯერობით შაბათი დღის დამატებას არ ვგეგმავთ. ონლაინ სწავლებას ძალიან კარგად გავართვით თავი და ვფიქრობ, რომ არ იყო ცუდი, გარკვეულწილად კარგიც იყო, მშობლებიც უფრო მეტად იყვნენ ჩართულები. ამჯერადაც გამოვიყენებთ ონლაინ სწავლებას ზუსტად იმ ხარისხით, როგორც გვაქვს რეკომენდაციებში. ეს დაგვეხმარება სკოლის განტვირთვისთვის.

რაც შეეხება თერმოსკრინინგს, მანდატურებიც დაგვეხმარებიან როგორც ჩემთვის ცნობილია, თუ არა და მოადგილეები, დირექციის წევრები, ექიმი, ოთხივე შემოსასვლელს გამოვიყენებთ და გავაკონტროლებთ. კლასებს დავანაწილებთ შემოსასვლელების მიხედვით, აქამდე ორს ვიყენებდით, ახლა კი 4 შემოსასვლელს გამოვიყენებთ. თითოეულ შემოსასვლელში რომელი კლასი უნდა შემოვიდეს, ეცოდინებათ და ასე მოვაგვარებთ ამ გამოწვევას“.

თბილისის N83 საჯარო სკოლის დირექტორი ნინელი ადამაშვილი:

„ჩვენ ამ ეტაპზე 82-ე სკოლაში ვიქნებით. ჩვენთან რემონტია. ჯერჯერობით შევჯერდით, რომ 30 წუთიანი გაკვეთილები გვქონდეს და მე-7 გაკვეთილები. 47 კლასი ერთად ვერ დაეტევა სხვანაირად. ალბათ, ვისარგებლებთ ერთდღიანი, ორდღიანი და სამდღიანი ონლაინ გაკვეთილებითაც მაღალ კლასებში. შაბათს სწავლას არ განვიხილავთ. 30 წუთიანი გაკვეთილები გვაძლევს საშუალებას, ჩავეტიოთ 5-დღიან სასწავლო პროცესში.

რაც შეეხება კვებას, ჩვენთან აქამდეც სახლიდან ატანდნენ ბავშვების უმრავლესობას ლანჩს და ახლაც ასე იქნება.

სკოლაში ექიმიც გვყავს და რეკომენდაციების დაცვაში ისაც დაგვეხმარება.

რაც შეეხება დამლაგებლებს, საშტატო ერთეულით მეტს ვერ მოვითხოვთ, იმიტომ რომ ვაუჩერი ვერ უძლებს მათ ანაზღაურებას. ჩვენ აქამდე ყოველთვის გვეხმარებოდნენ მშობლები დალაგებაში, ამჯერადაც დაგვეხმარებიან თხოვნით, ეს ვალდებულება არაა, მაგრამ თხოვნით ძალიან ბევრი მშობელი მხარს გვიჭერს. მე-5 კლასიდან ბავშვები თავადაც გვეხმარებოდნენ დალაგებაში, გარკვეულწილად“.

ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა:

„ჩვენი სკოლა 3 ცვლიანია. I-IV კლასი სკოლაში 5 დღიან სწავლებაზე მყავს გადაყვანილი. ამ ეტაპზე შეიძლება XI-XII კლასები ერთდღიან დისტანციურ სწავლებაზე გადავიყვანო, დანარჩენი ყველა 5 დღე იქნებიან სკოლებში. შაბათი დღის დამატება არ დაგვჭირდება, რადგან ოთახების რაოდენობა გვყოფნის, რომ ვიმუშაოთ ჩვეულ რეჟიმში.

6 დამლაგებელი მყავს, ფაქტობრივად, ჩემთან ორი სასწავლო პროცესია. 4 დამლაგებელია პირველ კორპუსში ანუ სართულზე თითო დამლაგებელია, გაუჭირდებათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ღირსეულად შეასრულებენ თავიანთ ფუნქციას ბოლომდე. ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება არაა დალაგებისთვის საკმარისი დრო, რადგან სართულზე არის 9 საკლასო ოთახი და საპირფარეშო. ნახევარ საათში შეუძლებელია დამლაგებელმა მოასწროს ყველა ოთახის და სველი წერტილის სანიტარულად დამუშავება.

ბუფეტებიც გაიხსნება ყველა ნორმის დაცვით. მთელი დღე ბავშვი მშიერი ვერ იქნება, შეიძლება ყველამ ვერ ატაროს სახლიდან. რიგის დაცვისთვის მორიგეები იქნებიან, მანდატურებსაც დავიხმარებთ, ასე რომ არ მგონია რამე პრობლემა იყოს.

დამრიგებლების ფუნქცია თერმოსკრინინგი არაა. აქ მანდატურები იქნებიან ჩართულები და ექიმიც. დამრიგებელს ისედაც ჰქონდა ფუნქცია, რომ ვთქვათ თუ ბავშვი არ გამოცხდდება სკოლაში, აუცილებლად უნდა დაკავშირებოდა მშობელს, მათ ეს ფუნქცია ახალი რეკომენდაციით არ დამატებიათ, აქამდეც ასე იყო“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება