მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
Etaloni.ge-ს სტუმარი, პოეტი ანა უშხვანი გახლავთ, რომელმაც საუბრისას აღნიშნა, რომ საკუთარ თავს პოეტს არ უწოდებს - მეც ვწერ ლექსებსო, - ასე თავმდაბლურად დაახასიათა საკუთარი შემოქმედება და არაერთ საკითხზეც გულახდილად გვესაუბრა. როდის და რატომ დაუკავშირა საკუთარი ცხოვრება პოეზიას, როგორ ატარებდა მესტიის მუნიციპალიტეტში პოეზიის საღამოებს, როგორ ამეცადინებდა ადგილობრივ ბავშვებს მხატვრულ კითხვაში და რატომ ჩააბარა იურიდიულზე, თეატრალური უნივერსიტეტის მაგივრად, ანა უშხვანი ჩვენს კითხვებს პასუხობს.
- ანა, რა გზა განვლეთ დღემდე და როდის დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება პოეზიას?
- ეს ნიჭი დედისგან გამომყვა, პირველი ლექსი კი პირველ კლასში დავწერე და ქალთა დღეს მივუძღვენი.
- საკუთარ თავს პოეტს უწოდებთ?
- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თვითშეფასება ძალიან დაბალი მაქვს, რის გამოც ახლობლები მაკრიტიკებენ; არ მაქვს წარმოდგენა, რომ ვარ საუკეთესო, განსაკუთრებული ან ვარ პოეტი... ყოველთვის ვამბობ - მეც ვწერ ლექსებს...
- წერთ ლექსებს მთაში, სადაც თავისუფლების ხარისხი მაღალია?
- ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ხედავს საკუთარ თავისუფლებას. მთასაც აქვს თავისი შეზღუდვები, თავისი ტრადიციები, ბოლომდე თავისუფალი ვერაფერში იქნები. უშუალოდ სვანეთზე რომ ვისაუბროთ, არის გარკვეული სტანდარტები, რომელიც უნდა შესრულდეს... როდესაც ამბობენ, მხოლოდ მთებშია თავისუფლებაო - ეს სიტყვები ყველასთვის არაა განკუთვნილი იმიტომ, რომ თითოეული ადამიანი საკუთარ თავისუფლებას, თავისი ხედვით აღიქვამს.
- რთულია, იყო სვანი ქალი?
- ბავშვობიდან ჩვენ ასე გვზრდიან, გვაჩვევენ ტრადიციებს, თავშეკავებას, ზრდილობას... აღზრდის განსხვავებული მეთოდი აქვთ. როგორ აგიხსნათ, ვინც სვანეთში ვიბადებით და ვიზრდებით, სვანეთის სახე ვართ.
- ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ალბათ…
- რა თქმა უნდა... ქართველობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ქართველი ვარ ჯერ და მერე - სვანი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ქართველი, სვანი ქალი, ჩვენ ხომ გარემო პირობებს ვერგებით - მხოლოდ შენ მოგწონდეს საკუთარი თავი, ასე არ ხდება.
- სხვათა შორის, ამბობენ, რომ დღეს ტრადიციების გადაფასება ხდება.
- თანამედროვდება ცხოვრება, ყველაფერი იცვლება, გარკვეულ სივრცეში ექცევა, მეტი საშუალებაა, ადამიანი განვითარდეს, თუმცა ამავე დროს ის ძველიც არ უნდა დაიკარგოს. ქართველები მორწმუნე ხალხი ვართ, სვანების ტრადიციებიც რელიგიასთან მიახლოებულია და რელიგიურ ჩარჩოებში ჩასმული, რომლებსაც ვინარჩუნებთ. გასაგებია, რომ თანამედროვე ცხოვრებას თავისი მოთხოვნები აქვს, თუმცა, პირადად ძალიან მომწონს ეს ტრადიციები... ვმღერი, ლექსებს ვწერ, პოეზიის საღამოებს ვაწყობდი და არასოდეს მქონია შეზღუდვა ოჯახის წევრებისგან.
- ხელოვანი ადამიანისთვის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ხომ?
- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და გული მწყდება, რომ ხშირად პოეზიის საღამო მხოლოდ საკუთარი ძალებით მომიწყვია, ბეჩოდან დავდიოდი მესტიაში, მოსწავლეებს სკოლაში ვაკითხავდი, რათა ვისაც რაიმე ინტერესი ჰქონდა პოეზიის მიმართ, მხატვრულ კითხვაში მემეცადინებინა. ყველამ უნდა გაიგოს, რა ღირებული პოეზია გვაქვს საქართველოში. თუმცა შიშველი ენთუზიაზმით ძალიან რთულია, ერთგული დარჩე იმ საქმისა, რომელსაც ემსახურები. ოჯახს ბევრი რამ სჭირდება და ამიტომ, ანაზღაურების გარეშე ვერ დავტოვებდი. მიუხედავად იმისა, დიდი სურვილი მქონდა, ჩამებარებინა თეატრალურში, უარი ვთქვი და სწავლა განვაგრძე იურიდიულზე.
- ანა, რა უნდა გააკეთოს ხელოვანმა ადამიანმა, მშობლიურ ქვეყანაში აღიარება რომ მოიპოვოს?
- სამწუხაროდ, ჯერ უცხოეთში უნდა გაღიარონ... არადა, საქართველოს ძალიან კარგი ბაზა აქვს, საოცარი ახალგაზრდობა მოდის, თუმცა არ გვაქვს ხელშეწყობა. არც წიგნის გამოშვების საშუალებაა.
- რთულია საქართველოში ხელოვანის ცხოვრება…
- რთულია ნებისმიერ სფეროში და არა მხოლოდ პოეზიაში, უბრალოდ პოეზია ყველაზე მეტად იჩაგრება. რომელი ხელოვანი გინახავთ, ან ფინანსურად იყოს უზრუნველყოფილი, ან რაიმე ჰქონდეს საკუთარი პოეზიიდან. ან რატომ უნდა იდგეს არაჩვეულებრივი ხმის მქონე მომღერალი რესტორანში... არ გეგონოთ, რომ პესიმისტი ვარ, ამ ყველაფრის მიუხედავად მიმაჩნია, რომ თუ შენი პროფესია გიყვარს, გარკვეული წვლილი ყოველდღიურად უნდა შეიტანო; ამიტომ თუ სიცოცხლეში ვერ მივაღწევ წარმატებას, ერთხელ მაინც ხომ დავწერ ისეთ ბრძნულ გამონათქვამს ან ლექსს, რომელიც ჩემს შვილს რაიმე გაკვეთილს მისცემს; ან წლების შემდეგ, თუნდაც როცა აღარ ვიქნები, თუ რომელიმე ახალგაზრდის შთაგონების წყარო გახდება ჩემი შექმნილი პოეზია, ესეც ღირებულია პირადად ჩემთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...