სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„აბიტურიენტების ნაწილს წარმოდგენა არ აქვს, რა მოეთხოვება გამოცდაზე“ - ქართულის გამოცდის შედეგებს ჯგუფის ხელმძღვანელი აფასებს
08-09-2020
-
+


აბიტურიენტების საინტერესო ნამუშევრებს გვთავაზობენ, სულ უფრო მეტად ფართოვდება მათი თვალსაწიერი, მეტი სითამამე და სილაღე ჩანს მათს მსჯელობაში, თუმცა ახალგაზრდების ნაწილს უჭირს ტესტური დავალებების გააზრება და წარმოდგენა არ აქვს იმაზე, თუ რა მოეთხოვება გამოცდაზე. ამასთან, დღემდე პრობლემად რჩება წერის კულტურის შედარებით დაბალი დონე, ლექსიკური მარაგის სიმწირე და სალიტერატურო ენის ნორმების უგულებელყოფა - ასეთია ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელის ნანა ლოლაძეს შეფასება ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ. 


2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ნანა ლოლაძემ etaloni.ge-სთან ინტერვიუში შეაჯამა: 

- 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია. მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეებისა, ჩვენი ახალგაზრდების დიდი ნაწილი სათანადოდ მომზადებული მოვიდა და კარგად გაართვა თავი ტესტურ დავალებებს. დღეისათვის აბიტურიენტთა ცოდნის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ეს თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ იყო. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ აბიტურიენტს არა მხოლოდ  ტესტური დავალებების გააზრება უჭირს, არამედ საერთოდ არა აქვს წარმოდგენა ტესტის სტრუქტურაზე, იმაზე, თუ რა მოეთხოვება გამოცდაზე.

- აპლიკანტების და პედაგოგების ნაწილი ფიქრობს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ტექსტში აუცილებელი იყო გრამატიკული ნაწილის დატოვება. რას უპასუხებდით მათ და რამდენად ავლენს აბიტურიენტების ცოდნას ქართულში აღნიშნული ტესტი.

- ორივე წერითი დავალების (არგუმენტირებული ესესა და მხატვრული ტექსტის ანალიზის) შეფასებისას მხედველობაში მიიღება გრამატიკის ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი. რაც შეეხება ტექსტის რედაქტირებას, ეს დავალება საგანგებოდ ენობრივი კომპეტენციის შემოწმებას ისახავს მიზნად.

- ყველაზე მეტად რომელი საკითხის დაწერა გაუჭირდათ აბიტურიენტებს, სად უშვებენ ყველაზე მეტ შეცდომას?

- ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აბიტურიენტებს სამი დავალება აქვთ შესასრულებელი. დღემდე პრობლემად რჩება წერის კულტურის შედარებით დაბალი დონე, ლექსიკური მარაგის სიმწირე და სალიტერატურო ენის ნორმების უგულებელყოფა.

- რაც შეეხება თემებს, კმაყოფილი ხართ თუ არა აბიტურიენტების მიერ დაწერილი თემებით, რამდენად იკვეთება თავისუფალი აზროვნება და განსხვავებული აზრი?

- როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში ორი წერითი დავალების (არგუმენტირებული ესესა და მხატვრული ტექსტის ანალიზის) შესრულება მოეთხოვებათ. ორივე დავალების შეფასებისას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს არგუმენტირებული მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარს. ჩვენი ახალგაზრდები ძალიან საინტერესო ნამუშევრებს გვთავაზობენ, სულ უფრო ფართოვდება მათი თვალსაწიერი, მეტი სითამამე და სილაღე ჩანს მათს მსჯელობაში, თუმცა ამას ყველაზე ვერ ვიტყვით.

- როგორც უკვე ვიცით მაქსიმალური ქულა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 20-მა აპლიკანტმა აიღო - არის თუ არა ეს კარგი შედეგი?

- ეს ძალიან კარგი შედეგია. უმაღლესი შეფასება წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად მეტია, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვახარებს.

- ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური ქულა წელსაც არც ერთ აბიტურიენტს არ აუღია. როგორ შეაფასებდით აღნიშნულ შედეგებს, რამდენად გაუჭირდათ აბიტურიენტებს გამოცდის დაწერა და კონკრეტულად რომელი დავალებები გაუჭირდათ?

- მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ აბიტურიენტები საფუძვლიანად არ სწავლობენ საპროგრამო მასალას. აქედან გამომდინარე, უჭირთ იმ დავალებების შესრულება, რომლებიც ლიტერატურული ტექსტების ცოდნას ამოწმებს. გარდა ამისა, შედარებით რთულია მხატვრული ტექსტის ანალიზი, რადგან ორი ტექსტის შედარებასა და გააზრებას მოითხოვს.

- აბიტურიენტების თქმით, ლიტერატურის გამოცდაზე მეთორმეტე კლასის პროგრამაში ბოლო თვეების მასალა არ შესულა. ეს იმას ნიშნავს, დისტანციურ სწავლაზე გადასვლის გამო მეორე სემესტრის მასალის გამოცდაზე შეტანისგან ცენტრმა თავი შეიკავა?

- ტესტური დავალებების შექმნისას ამაზე ყურადღება საგანგებოდ არ გამახვილებულა. 

- რამდენ აბიტურიენტს ჰქონდა აპელაცია ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე შემოტანილი, ასევე ლიტერატურის გამოცდაზე?  რამდენს შეეცვალა შედეგი? მაქსიმალური რამდენი ქულა მოემატა აბიტურიენტს როგორც ქართულის გამოცდაზე ისე ლიტერატურის? დააკლდათ თუ არა აპელაციის შედეგად აბიტურიენტებს ქულა და რამდენით?

- ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 35 116 აბიტურიენტი გამოცხადდა, სააპელაციო განაცხადი იყო 1084, მათგან შეფასება შეიცვალა 447-ის შემთხვევაში; რაც შეეხება ლიტერატურას, ეს გამოცდა ჩააბარა 845-მა აბიტურიენტმა. სააპელაციო განაცხადი იყო 19, შეფასება შეეცვალა მხოლოდ 10-ს.

ჯამურად მომატებული ქულების რაოდენობა ძირითადად ერთიდან ოთხ ქულამდე მერყეობს, თუმცა არის ცალკეული გამონაკლისებიც. აპელაციის პროცესში ქულების დაკლება გამორიცხული არ არის, თუმცა წელს  ქულების დაკლების შემთხვევა არ გვქონია.

- და ბოლოს, იგეგმება თუ არა მომავალ წელს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ცვლილებების შეტანა, ასევე ლიტერატურის გამოცდაში?

მომავალი წლის ტესტის ფორმატში თუ რაიმე ცვლილება შევა, გამოცხადდება ჩვენი ვებგვერდის საშუალებით უახლოეს მომავალში.

იხილეთ ასევე: ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში უმაღლესი ქულა 20 აბიტურიენტს აქვს

ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგები ცნობილია - გაეცანით ტესტებსა და შეფასების კრიტერიუმებს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

სიახლეები

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები
საზოგადოება