კერძო სკოლების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს - პედაგოგები დისტანციურ სწავლებას აპროტესტებენ
11-09-2020
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად რომ დაიწყება - გასაგებია და ისიც ფაქტია, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია; განსაკუთრებით უკმაყოფილოები კი კერძო სკოლები აღმოჩნდნენ და აქციაც კი გამართეს მოთხოვნით - მთავრობას მათთვის გამონაკლისი დაეშვა. საქმე ის გახლავთ, რომ მიუხედავად იმისა, სასწავლო წლის დასაწყისად 15 სექტემბერი მიიჩნევა, კერძო სკოლებში სწავლა უკვე დაწყებულია და ახლა გამოდის, ბავშვები სახლებში უნდა გაუშვან. ბუნებრივია, კერძო სასწავლო დაწესებულებები არცთუ სახარბიელო პოზიციაში არიან. აქციაზე პედაგოგები იმაზეც საუბრობდნენ, რომ დისტანციური სწავლება შედეგისმომტანი ვერ იქნება და ეს მოსწავლეთა განათლებაზე უარყოფითად აისახება; ამ შემთხვევაში აღარაფერს ვამბობთ იმ ხარჯზე, რომელიც კერძო სკოლებმა გაწიეს, რათა მაქსიმალურად უზრუნველეყოთ სასწავლო პროცესის უსაფრთხოება და არც მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობას შექმნოდა საფრთხე. ეს ძალისხმევა კი, არსებული რეალობიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ფუჭი აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში პირველ ოქტომბრამდე და ისიც უდავოა, რომ მთავრობა არანაირი გამონაკლისის დაშვებას არ აპირებს.