მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში Covid-19-ის სკოლის კლასტერიც გაჩნდა და მონაცემებიც მზარდია. ჩვენ დღემდე გამოვლენილ სტატისტიკას გაგაცნობთ.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჯერ არ გახსნილ სკოლაში, სწავლის დაწყებამდე 8 დღით ადრე გამოვლინდა. პირველი ფაქტი ზღვისპირეთში დაფიქსირდა. ინფიცირებული პედაგოგი ორ სკოლაში ბათუმის მე-6 და მე-15 საჯარო სკოლებში ასწავლის და ორივეს თანამშრომლებთან ჰქონდა შეხება.
სწორედ ამ დღესვე მიიღო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება, რომ ბათუმისა და ქობულეთის სასწავლო დაწესებულებებში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყებოდა. მიზეზად ტურისტული სეზონიდან გამომდინარე შიდა მობილობის გაზრდა დასახელდა.
ერთი სკოლის 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა - ასეთი იყო რამდენიმე დღის შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია. ინფექცია ქუთაისის N32 საჯარო სკოლის დირექტორს, მოადგილეს, პედაგოგებს და საქმეთა მმართველს დაუდასტურდათ.
ამ ფაქტს სასწავლო პროცესის განახლების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება და ეპიდემიოლოგების მოწოდება მოჰყვა. სწავლის დაწყებამდე 4 დღე იყო დარჩენილი, როცა პრემიერმა განაცხადა, რომ დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურად დაიწყებოდა, დანარჩენ სკოლებში კი ტრადიციულად, საკლასო ოთახში განახლდებოდა. ხოლო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პედაგოგებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდა, 15 აგვისტოდან აჭარაში, ან სხვა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან და ჩაეტარებინათ ტესტირება. უწყებას აჭარაში ნამყოფი დაახლოებით 2 100-მდე მასწავლებელი ჰყავდა აღრიცხული. ამასთან, ითქვა, რომ მასწავლებლებისთვის კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება უფასო იქნებოდა.
რამდენიმე დღის შემდეგ კი გამყრელიძესვე ინფორმაციით, 2200-დან გამოკვლევაზე მივიდა მხოლოდ 1011, ანუ 46% და ვირუსი 7 მათგანს დაუდასტურა. ამიტომაც დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ მიმართა პედაგოგებს და ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდა.
სწავლა დისტანციურად კიდევ 4 სოფლის სკოლაში დაიწყება - ეს ცნობა საზოგადოებას სწავლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა მიაწოდა. თუმცა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს და არ სკოლაში ვირუსის დაფიქსირების გამო.
15 სექტემბერს სწავლა საკლასო ოთახებში 1 577 სკოლამ, ხოლო დისტანციურად 730-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ დაიწყო. ასეთია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლის პირველი დღის მონაცემები.
ამის პარალელურად დღემდე არ წყდება კორონავირუსის სასკოლო საზოგადოებაში გამოვლენის ფაქტები. ქუთაისის და ბათუმის შემდეგ, კორონა გორსა და წყალტუბოში ერთი და იმავე დღეს გამოვლინდა. ვირუსი ტირძნისის საჯარო სკოლის 2 მოსწავლეს და სოფელ პატრიკეთის პედაგოგს 18 სექტებერს დაუდასტურდათ.
შემდეგი სკოლა, სადაც პედაგოგსა და 2 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა სენაკის მუნიციპალიტეტშია. დაწესებულება დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა, ხოლო ყველა მოსწავლესა და პედაგოგს ტესტირება ჩაუტარდა.
კიდევ ერთი სკოლა, რომელიც covid 19-ის შემთხვევის გამო დაიხურა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაა. ინფექცია დაწყებითი კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც 35 პირი, მათ შორის 27 ბავშვი იზოლაციაშია. ტესტირება 27 მოსწავლეს და 14 მასწავლებელს ჩაუტარდა.
სკოლის პედაგოგის ინფიცირების ბოლო ფაქტი ფატალურად დასრულდა. ქუთაისში კორონავირუსით მასწავლებელი გარდაიცვალა, რომელიც სოხუმის პირველი სკოლაში ასწავლიდა. პაციენტი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა, ის სოხუმიდან კრიტიკულ მდგომარეობაში გადმოიყვანეს.
არცთუ ისე სახარბიელო ვითარების და სტატისტიკის ზრდი მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მოწოდება მაინც შემდეგია: „სკოლების დახურვის გადაწყვეტილება უკიდურესი ზომა უნდა იყოს - ამასთან, დროებითი და გამოყენებული მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, კორონავირუსის ინტენსიური გავრცელების ადგილებში“.
როგორ შეიცვლება ეპიდემიური ვითარება ჯერ კიდევ მწვანე ზონად მიჩნეულ ქვეყანაში, ამას ყოველდღიური ციფრები გვიჩვენებს. რაც შეეხება სკოლის კლასტერს, ინფიცირებულთა ზუსტი მონაცემები უცნობია. რადგან პაციენტის გამოვლენის შემდეგ ასეთი პროტოკოლი მოქმედებს - მისი ყველა კონტაქტი იტარებს ტესტირებას, ეს მონაცემები კი საბოლოოდ, ცალკე არ ქვეყნდება და საერთო სტატისტიკაში ირიცხება. დაზუსტებით მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორონავირუსი საქართველოს 6 და ოკუპირებული სოხუმის 1 სკოლაშია დადასტურებული. სკოლის ინფიცირებული თანამშრომლები, რომელშიც პედაგოგები და ადმინისტრაცია შედის არის 30-ზე მეტი, ხოლო მოსწავლე - 3. იმედია, სიტუაცია უფრო არ დამძიმდება და დისტანციური სწავლება დღის წესრიგში ყველა სკოლისთვის არ დადგება. ბოლო ინფორმაციით, სკოლები 1 ოქტომბერს საკლასო განათლებაზე უნდა გადავიდნენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...