სიახლეები
პიროვნება

„მთავარია, ჩვენი მოსწავლეები ჭეშმარიტ ქართველებად ჩამოვაყალიბოთ“ - ჯილდა კაცელაშვილი, ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგი
01-10-2020
-
+


წლების წინ, როდესაც მასწავლებლობა გადაწყვიტა, ვერც კი წარმოიდგენდა, პანდემიის პირობებში, ონლაინ-გაკვეთილების ჩატარება თუ მოუწევდა, მაგრამ როგორც Etaloni.ge- ინტერვიუს დროს უმხელს, სწორედ ამ გასული უჩვეულო სასწავლო წლის ფონზე, მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც მეტად დააფასეს საკლასო ოთახებში ჩატარებული გაკვეთილები.

ჯილდა კაცელაშვილი თიანეთში, ახალსოფლის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და დღეს უზომოდ ბედნიერია, სკოლის კედლებში დაბრუნების საშუალება რომ მიეცათ. 2020-2021 სასწავლო წელი წესისამებრ დაიწყეს  და მიუხედავად იმისა, რომ არსებული რეგულაციების დაცვა მარტივი არ არის და არც პირბადის ტარებაა გაკვეთილზე დიდად სასიამოვნო, როგორც ჯილდა კაცელაშვილი გვიმხელს, ოღონდ საკლასო ოთახებში სწავლას საფრთხე არ დაემუქროს და მზად არიან, ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შეასრულონ.

- სასწავლო პროცესი განვაახლეთ საკლასო ოთახებში და შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ  სკოლის კედლებში დაბრუნება ერთნაირად სასიხარულოა როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეებისთვის; უნდა ვაღიაროთ - ძალიან მოგვნატრებია საკლასო ოთახებში გაკვეთილების ჩატარება, შესაბამისად, მოტივირებულები, ხალისითა და მონდომებით შევუდექით სწავლას, გაგებით ვეკიდებით და ზედმიწევნით ვასრულებთ თითოეულ რეკომენდაციას...

- პირბადე გიკეთიათ გაკვეთილზე, ქალბატონო ჯილდა?

- დიახ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოსწავლესთან ახლოს მისვლა მიწევს.

- და როგორია პირბადით ჩატარებული გაკვეთილი - დისკომფორტი არ გექმნებათ?

- დისკომფორტი არსებობს - არ არის მარტივი, შეეგუო ამ ყველაფერს, იცხოვრო კორონავირუსთან ერთად, გამოიმუშავო ახალი უნარ-ჩვევები, თუმცა ერთი რამ უდავოა - საკლასო ოთახებში ჩატარებული გაკვეთილები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე დისკომფორტი, რაც, თუნდაც, პირბადის ტარებით გვექმნება.  საკლასო ოთახებში დაბრუნებამ იმდენად გაგვაბედნიერა, რომ  ვერც რეკომენდაციები თუ შეზღუდვები ვერ ფარავს ამ სიხარულს.

- როდესაც პროფესიაში პირველ ნაბიჯებს დგამდით, წარმოიდგენდით, ოდესმე საკლასო ოთახებში ჩატარებული გაკვეთილები ერთგვარი ფუფუნება თუ იქნებოდა?

- ამას ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა... თუმცა, ათმაგად დავაფასეთ ის ყველაფერი, რაც აქამდე გვქონდა; როგორც პედაგოგების, ისე მოსწავლეების მხრიდან ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება მოდის. თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. მე-7, მე-8, მე-9 კლასს და მართლაც დიდი ინტერესით ეკიდებიან სწავლას მოსწავლეები. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემიამ ბევრი რამ გვასწავლა, დავაფასეთ და მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეულ ნიუანსს, რათა კვლავ აღარ მოგვიწიოს ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა, რაც ძალიან ცუდად გვახსენდება და რაც ყველამ ერთად გავიარეთ.

- სწავლა დაიწყო და ახლა შედარებით თამამად შეგვიძლია საუბარი დისტანციური სწავლების შედეგებზე. როგორია სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეების მომზადების დონე და ცოდნის ხარისხი?

 - რა თქმა უნდა, გარკვეული შედეგი არის და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სემესტრი ჩავარდა, თუმცა საკლასო ოთახში ჩატარებულ გაკვეთილს მაინც არაფერი სჯობს მოსწავლისთვისაც და მასწავლებელიც, ასეთ დროს, მეტად იხარჯება, გაკვეთილის ხარისხიც მნიშვნელოვნად მაღალია, გადაცემული ცოდნის დონეც და შრომის შედეგსაც უფრო თვალსაჩინოდ ვხედავთ.

- ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა იგრძნონ, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ამ ბრძოლაში მარტოები არ არიან. თავად თუ გრძნობთ ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომას?

- ჩვენ მომავალი თაობების განათლებას ვემსახურებით, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ვიგრძნოთ თანადგომა და ადგილობრივი ხელისუფლების, განსაკუთრებით კი ჩვენი საგანმანათლებლო რესურსცენტრისგან მუდმივად ვგრძნობთ მხარდაჭერას. ფაქტია, სკოლებმა უნდა შეასრულონ არსებული რეკომენდაციები, რათა საფრთხე არ შეექმნას არც მოსწავლეების და არც მასწავლებლების ჯანმრთელობას; დროულად ინფორმაციის მოწოდება, შემოწმება, რამდენად სრულდება არსებული რეკომენდაციები, ძალიან მნიშვნელოვანია... ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად მივიღოთ ყველა ინფორმაცია და ვიყოთ ყველაფრის საქმის კურსში... მართლაც, ყოველ წუთს ვგრძნობთ მხარდაჭერას.  

- ცოტა თქვენზეც გვიამბეთ, ქალბატონო ჯილდა, პროფესიის არჩევანი რამ განაპირობა?

- სკოლის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და მიუხედავად იმისა, ბავშვობაში არ მიფიქრია პედაგოგობაზე, სკოლაში შესვლის დღიდან დავრწმუნდი, რომ მასწავლებლობა იყო ის, რაც მინდოდა, მთელი ცხოვრება მეკეთებინა. გულწრფელად გეტყვით - დღესაც კი, უკეთესი არჩევანი რომ მქონდეს, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით, ნამდვილად ვერ დავთმობდი სკოლას.

- ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლით...ბავშვებს  უყვართ თქვენი საგანი?

- მთავარი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ისაა, რომ ძალიან კარგი მოსწავლეები გვყავს და ამაზე ეროვნული გამოცდების შედეგებიც მეტყველებს - წელს ქართულის გამოცდაზე ბარიერი ყველამ გადალახა, მიუხედავად ონლაინ სწავლებისა და ყველა იმ სირთულისა, რაც პანდემიის პერიოდს ახლდა.

- თქვენ რომელი მწერლის შეგონებებით ზრდით მოსწავლეებს?

- ასეთი ბევრია... მთავარია, ჩვენი მოსწავლეები ჭეშმარიტ ქართველებად ჩამოვაყალიბოთ, თითოეული პედაგოგი ამას ცდილობს და იმედია, გამოგვივა, რადგან მომავალი თაობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მომავლისთვის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება